ეკონომიკა

2020 წელს საქართველოს ეკონომიკა მოსალოდნელზე მეტად, 6.8%-ით შემცირდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის დაზუსტებული მონაცემებით, 2020 წელს საქართველოს ეკონომიკა გასულ წელთან შედარებით 6.8%-ით შემცირდა, ხოლო დეფლატორის პროცენტულმა ცვლილებამ 7.3% შეადგინა.

აღსანიშნავია, რომ ეკონომიკური კლების დაზუსტებული მაჩვენებელი 0.6%-ით აღემატება წინასწარ შეფასებას, რომლის თანახმად 2020 წლეს ეკონომიკა 6.2%-ით შემცირდა. 

გასულ წელს მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) მოცულობამ 49.2 მილიარდი ლარი [$15.8 მლრდ] შეადგინა, მშპ-მ ერთ სულ მოსახლეზე კი – 13 234 ლარი [$4 255]. 

2021 წლის 9 თვეში საქართველოს ეკონომიკა 2020 წელთან შედარებით 11.3%-ით გაიზარდა, მთავრობა კი წლის ბოლოს მინიმუმ 10%-იან ზრდას ვარაუდობს.  

2021 წელს ორნიშნა ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი განმაპრიობებელი მიზეზი 2020 წელს დაფიქსირებული 6.8%-იანი შემცირებაა. ამ მოვლენას საბაზისო ეფექტი ეწოდება, როცა გასული წლის ვარდნა წლევანდელი მონაცემების ზრდას უწყობს ხელს, რადგან ქვეყნის მშპ-ს ზრდის მაჩვენებელი წინა წლის მონაცემებთან შედარებით გამოითვლება.  

საქსტატის ინფორმაციით, ზრდა დაფიქსირა შემდეგ გარგებში: სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა (8.1%), განათლება (8.6%), სამთომოპოვებითი მრეწველობა (12.4%), სახელმწიფო მმართველობა და თავდაცვა; სავალდებულო სოციალური უსაფრთხოება (2.3%), ჯანდაცვა და სოციალური მომსახურების საქმიანობები (2.8%), ინფორმაცია და კომუნიკაცია (2.6%).

კლება აღინიშნა შემდეგ სექტორებში: განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობები (-44.9%), ტრანსპორტი და დასაწყობება (-23.0%), დამამუშავებელი მრეწველობა (-7.1%), მშენებლობა (-8.0%), საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი (-4.7%).

კომენტარები