მიხეილ სააკაშვილი

ლომჯარია: მიუღებელი და გულდასაწყვეტია უკრაინის ომბუდსმენის არშეშვება სააკაშვილთან

საქართველოს სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას თქმით, უკრაინის ომბუდსმენის, ლუდმილა დენისოვას ექსპრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილთან არშეშვება მიუღებელი და გულდასაწყვეტია.

"ეს ძალიან გულდასაწყვეტია. ჩვენ სულ ცოტა ხნის წინ გავაფორმეთ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი უკრაინის ომბუდსმენთან და მას ასევე ჰქონდა ძალიან კარგი, საქმიანი შეხვედრა იუსტიციის მინისტრთან და ჩემთვის მოულოდნელია და მიუღებელია ის, რომ მას უარი ეთქვა საკუთარი მოქალაქის სანახავად ჩამოსულ უკრაინის სახალხო დამცველს ციხეში შესვლაზე". – ამბობს ნინო ლომჯარია.

უკრაინის სახალხო დამცველი, ლუდმილა დენისოვა მიხეილ სააკაშვილთან არ შეუშვეს. დენისოვას განმარტებით, მას იუსტიციის მინისტრ, რატი ბრეგაძესთან შეხვედრა სურდა, თუმცა, ბრეგაძემ მის ზარებს არ უპასუხა.

იუსტიციის მინისტრ, რატი ბრეგაძის მტკიცებით კი, ექსპრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილთან უკრაინის ომბუდსმენის, ლუდმილა დენისოვას შეშვების ვალდებულება არ აქვთ

ლუდმილა დენისოვა საქართველოში გუშინ, 15 ნოემბერს, იმის გასარკვევად ჩამოვიდა, თუ რამდენად არის დაცული ციხეში უკრაინის მოქალაქის, მიხეილ სააკაშვილის უფლებები. მან თქვა, რომ საზღვარზე გააჩერეს და ჩამოსვლის მიზეზებთან დაკავშირებით 40 წუთი კითხავდნენ. მისივე თქმით, სააკაშვილის უფლებების დარღვევაზე ელჩებს, ევროპარლამენტსა და უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართავს


ექსპრეზიდენტი გლდანის N18 მსჯავრდებულთა საავადმყოფოში 8 ნოემბერს, შიმშილობის 39-ე დღეს გადაიყვანეს. კლინიკაში მისი გადაყვანის შესახებ არც მისი ადვოკატები და არც ოჯახის წევრები ინფორმირებულები არ ყოფილან. მეტიც, მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას ვარაუდის გამოთქმიდან, რომ მისი შვილი ციხიდან გაყვანილია, ერთი საათის განმავლობაში არცერთი სახელმწიფო უწყება არ პასუხობდა კითხვას, სად არის მიხეილ სააკაშვილი. 

მოგვიანებით მიხეილ სააკაშვილმა თქვა, რომ ის გლდანის ციხის საავადმყოფოში მოტყუებით გადაიყვანეს, უთხრეს, რომ მრავალპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში გადაჰყავდათ, როგორც ამას თავად ითხოვდა. სააკაშვილის თქმით, როდესაც მიხვდა, რომ გლდანის ციხესთან იყო, მანქანიდან არ გადმოდიოდა და სამართალდამცველებმა ის საავადმყოფოში ძალით შეიყვანეს. 

ამავდროულად მიხეილ სააკაშვილს პერმანენტულ რეჟიმში ესმის მისი მისამართით პატიმრების გინება. როგორც ამბობს, ეს ღამითაც გრძელდება. უკვე 47-ე დღეა, რაც მას შიმშილობა აქვს გამოცხადებული. 

10 ნოემბერს გამოქვეყნდა სტრასბურგის ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს დასკვნა დროებითი ზომის გამოყენების შესახებ. სტრასბურგის სასამართლომ სააკაშვილს სტანდარტულად შიმშილობის შეწვეტისკენ მოუწოდა, მთავრობას კი სააკაშვილის უსაფრთხოების უზრუნველყოფა. ამასთან, სასამართლომ გადაწყვიტა, რომ მთავრობამ მას უნდა შეატყობინოს ამჟამინდელი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ასევე, ციხის საავადმყოფოში გაწეული სამედიცინო დახმარების შესახებ).

10 ნოემბერს ასევე საქალაქო სასამართლოში ექსპრეიზდენტის პირველი სასამართლო სხდომა გაიმართა მას შემდეგ, რაც ის საქართველოში დააპატიმრეს. მოთხოვნის მიუხედავად, პენიტენციურმა მას სხდომაზე დასწრების უფლება არ მისცა. მიხეილ სააკაშვილი არ სასამართლოში არ გადაიყვანეს არც 15 ნოემბრის პროცესზე.

კომენტარები