მიხეილ სააკაშვილის დაკავება

დენისოვა: სააკაშვილის უფლებების დარღვევებზე ელჩებს, ევროპარლამენტს, ზელენსკის მივმართავ

ლუდმილა დენისოვა
Slovo i Dilo

საქართველოს ყოფილ პრეზიდენტთან მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ უკრაინის ომბუდსმენი, ლუდმილა დენისოვა ამბობს, რომ უკრაინაში დაბრუნების შემდეგ სააკაშვილის უფლებების დარღვევის შესახებ ინფორმაციას მიაწვდის, ევროპარლამენტს, ევროპელ ელჩებსა და უკრაინის პრეზიდენტს.

"მე შემიძლია ვთქვა, რომ ირღვევა ადამიანის უფლებები, კერძოდ, სამედიცინო მომსახურების უფლება, პროცესუალური უფლებები, რწმენის უფლება, რადგან მოჰყავთ ის სასულიერო პირები, ვინც სურთ და არა ისინი, ვისთანაც შეხვედრა მიხეილს სურს. უკრაინაში დაბრუნების შემდეგ ამ ინფორმაციას შევატყობინებთ ევროპული ქვეყნების ელჩებს. ჩემს დასკვნას მივწერ ევროპარლამენტს. ახლა მე შევხვდები საქართველოს ომბუცმენს შევხვდები და ჩამოვაყალიბებთ საერთო პოზიციას ამ საქმესთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, უკრაინაში მოვითხოვ უკრაინის პრეზიდენტთან შეხვედრას, რათა გავაცნო ინფორმაცია, რომელიც მივიღე." – თქვა დენისოვამ.

უკრაინის ომბუცმენის თქმით, ასევე მიმართავს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, რათა საჭიროების შემთხვევაში მიხეილ სააკაშვილი გადაიყვანონ კლინიკა ვივამედში.


საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი დაკავების დღიდან, უკვე 27-ე დღეა რუსთავის N12 პენიტენციურ დაწესებულებაში პროტესტის ნიშნად შიმშილობს. მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს.

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა მიხეილ სააკაშვილის მიღებისთვის პენიტენციური სისტემის N18 სამკურნალო დაწესებულების მზადყოფნის ხარისხი შეამოწმა და განაცხადა, რომ დაწესებულებაში არსებული ვითარება, სრულფასოვნად არ შეესაბამება ექიმთა მულტიფუნქციური ჯგუფის მიერ გაცემულ 2021 წლის 23 ოქტომბრის დასკვნასა და რეკომენდაციებს, ასევე არსებობს გარკვეული რისკები უსაფრთხოების თვალსაზრისით. მეორე მხრივ, იუსტიციის მინისტრი, რატი ბრეგაძის თქმით, ექიმები ამბობენ, რომ ციხის საავადმყოფო სრულად გამართულია მიხეილ სააკაშვილის მისაღებად. მმართველი პარტია ამტკიცებს, რომ მიხეილ სააკაშვილს ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში მხოლოდ ციხის საავადმყოფოში გადაიყვანენ. 

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, ნიკა გვარამიას თქმით, ციხის საავადმყოფო ექსპრეზიდენტის უსაფრთხოების მინიმალურ გარანტიასაც არ უზურნველყოფს და, მისი ინფორმაციით, იქნება ე.წ იმიტირებული ბუნტი, რომელიც დასრულდება სააკაშვილის ლიკვიდაციით.  

კომენტარები