მიხეილ სააკაშვილის დაკავება

უკრაინის ომბუდსმენი: საზღვარზე გამაჩერეს და 40 წუთი მკითხავდნენ, რატომ ჩამოვედი საქართველოში

ლუდმილა დენისოვა
კადრი რადიო თავისუფლების ლაივიდან

ყოფილ პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან შესახვედრად საქართველოში ჩამოსული უკრაინელი ომბუდსმენი, ლუდმილა დენისოვა ამბობს, რომ ის საზღვარზე 40 წუთით გააჩერეს და დაკითხეს. 

"გუშინ გამაჩერეს და 40 წუთი მკითხავდნენ, რატომ ჩამოვედი საქართველოში და მხოლოდ ჩემი ზოგიერთი ზარის და მუქარის შემდეგ შემომიშვეს." – თქვა დენისოვამ.

დღეს დილით სააკაშვილთან შეხვედრამდე ომბუდსმენმა თქვა, რომ უკრაინელი ადვოკატი, რომელიც საქართველოში სააკაშვილის მოსანახულებლად მოდიოდა, საზღვრიდან უკან გააბრუნეს. ამის შესახებ ინფორმაცია ენმ-მაც გაავრცელა

"გუშინ იყო ჩამოსული ადვოკატი, რომელიც დასაბუთების გარეშე გააბრუნეს უკან. გავარკვევთ, რამდენად სწორად მოხდა ადვოკატის არშემოშვება საქართველოში. აქ ჩამოვედი იმისთვის, რომ გავარკვიო, რა უნდა მიხეილს, რათა შემდეგ ადეკვატური ნაბიჯები გადავდგათ". –თქვა დენისოვამ.


საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი დაკავების დღიდან, უკვე 27-ე დღეა რუსთავის N12 პენიტენციურ დაწესებულებაში პროტესტის ნიშნად შიმშილობს. მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს.

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა მიხეილ სააკაშვილის მიღებისთვის პენიტენციური სისტემის N18 სამკურნალო დაწესებულების მზადყოფნის ხარისხი შეამოწმა და განაცხადა, რომ დაწესებულებაში არსებული ვითარება, სრულფასოვნად არ შეესაბამება ექიმთა მულტიფუნქციური ჯგუფის მიერ გაცემულ 2021 წლის 23 ოქტომბრის დასკვნასა და რეკომენდაციებს, ასევე არსებობს გარკვეული რისკები უსაფრთხოების თვალსაზრისით. მეორე მხრივ, იუსტიციის მინისტრი, რატი ბრეგაძის თქმით, ექიმები ამბობენ, რომ ციხის საავადმყოფო სრულად გამართულია მიხეილ სააკაშვილის მისაღებად. მმართველი პარტია ამტკიცებს, რომ მიხეილ სააკაშვილს ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში მხოლოდ ციხის საავადმყოფოში გადაიყვანენ. 

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, ნიკა გვარამიას თქმით, ციხის საავადმყოფო ექსპრეზიდენტის უსაფრთხოების მინიმალურ გარანტიასაც არ უზურნველყოფს და, მისი ინფორმაციით, იქნება ე.წ იმიტირებული ბუნტი, რომელიც დასრულდება სააკაშვილის ლიკვიდაციით.  

კომენტარები