მიხეილ სააკაშვილი

ბრეგაძე: სააკაშვილთან უკრაინის ომბუდსმენის შეშვების ვალდებულება არ გვაქვს

იუსტიციის მინისტრი, რატი ბრეგაძე ამბობს, რომ ექსპრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან უკრაინის ომბუდსმენის, ლუდმილა დენისოვას შეშვების ვალდებულება არ აქვთ. 

"საქართველოს კანონმდებლობოთ არ არის გათვალისწინებული უკრაინის სახალხო დამცველის შესვლა. არ არის ამის აუცილებლობა, ჩვენ არ გვაქვს ამის ვალდებულება. პატიმარი იმყოფება სამკურნალო დაწესებულებაში, ჩვენ ვალდებული ვართ, მაქსიმალურად შევეცადოთ, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა იყოს ბოლომდე დაცული, სწორედ ამ მოტივებით ქალბატონი სახალხო დამცველი, ჯერჯერობით, არ იქნა შეშვებული. ასევე, შემოსულია წერილი საგარეო საქმეთა სამინისტროს მეშვეობით და აუცილებლად დავუბრუნებთ პასუხს.

 [...] წინა შემთხვევაში, როდესაც ქალბატონი დენისოვა იმყოფებოდა და ცალმხრივად გააკეთა განცხადება, ალბათ, კარგი იქნებოდა, მაშნ შევხვედრილიყავით, რომ მოესმინა ჩვენი პოზიცია და გათვალისწინებული ყოფილიყო ორივე მხარის პოზიცია. პირველად, როდესაც ქალბატონი დენისოვა ბრძანდებოდა და მე-12 დაწესებულებაში შევიდა, როდესაც გამოვიდა, მან გააკეთა მხოლოდ ცალმხრივი შეფასება და კითხვაც კი არ დაუცვამს ჩვენთვის, იმასთან დაკავშირებით, შეესაბამებოდა თუ არა ის ინფორმაცია სინამდვილეს, რომელიც მას მიაწოდეს". - ამბობს ის.  

იმის გასარკვევად, თუ რამდენად არის დაცული ციხეში უკრაინის მოქალაქის, მიხეილ სააკაშვილის უფლებები, საქართველოში უკრაინის სახალხო დამცველი, ლუდმილა დენისოვა ჩამოვიდა. დენისოვამ თქვა, რომ საზღვარზე გააჩერეს და ჩამოსვლის მიზეზებთან დაკავშირებით 40 წუთი ჰკითხავდნენ. მისივე თქმით, სააკაშვილის უფლებების დარღვევაზე ელჩებს, ევროპარლამენტსა და უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართავს.  


ექსპრეზიდენტი გლდანის N18 მსჯავრდებულთა საავადმყოფოში 8 ნოემბერს, შიმშილობის 39-ე დღეს გადაიყვანეს. კლინიკაში მისი გადაყვანის შესახებ არც მისი ადვოკატები და არც ოჯახის წევრები ინფორმირებულები არ ყოფილან. მეტიც, მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას ვარაუდის გამოთქმიდან, რომ მისი შვილი ციხიდან გაყვანილია, ერთი საათის განმავლობაში არცერთი სახელმწიფო უწყება არ პასუხობდა კითხვას, სად არის მიხეილ სააკაშვილი. 

მოგვიანებით მიხეილ სააკაშვილმა თქვა, რომ ის გლდანის ციხის საავადმყოფოში მოტყუებით გადაიყვანეს, უთხრეს, რომ მრავალპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში გადაჰყავდათ, როგორც ამას თავად ითხოვდა. სააკაშვილის თქმით, როდესაც მიხვდა, რომ გლდანის ციხესთან იყო, მანქანიდან არ გადმოდიოდა და სამართალდამცველებმა ის საავადმყოფოში ძალით შეიყვანეს. 

ამავდროულად მიხეილ სააკაშვილს პერმანენტულ რეჟიმში ესმის მისი მისამართით პატიმრების გინება. როგორც ამბობს, ეს ღამითაც გრძელდება. უკვე 47-ე დღეა, რაც მას შიმშილობა აქვს გამოცხადებული. 

10 ნოემბერს გამოქვეყნდა სტრასბურგის ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს დასკვნა დროებითი ზომის გამოყენების შესახებ. სტრასბურგის სასამართლომ სააკაშვილს სტანდარტულად შიმშილობის შეწვეტისკენ მოუწოდა, მთავრობას კი სააკაშვილის უსაფრთხოების უზრუნველყოფა. ამასთან, სასამართლომ გადაწყვიტა, რომ მთავრობამ მას უნდა შეატყობინოს ამჟამინდელი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ასევე, ციხის საავადმყოფოში გაწეული სამედიცინო დახმარების შესახებ).

10 ნოემბერს ასევე საქალაქო სასამართლოში ექსპრეიზდენტის პირველი სასამართლო სხდომა გაიმართა მას შემდეგ, რაც ის საქართველოში დააპატიმრეს. მოთხოვნის მიუხედავად, პენიტენციურმა მას სხდომაზე დასწრების უფლება არ მისცა. მიხეილ სააკაშვილი არ სასამართლოში არ გადაიყვანეს არც 15 ნოემბრის პროცესზე.

კომენტარები