მიხეილ სააკაშვილი

სუბარი ანა ფოტიგაზე: ევროპარლამენტარი არაფრის ინდულგენცია არ არის ქვეყანაში

"ევროპარლამენტარი არ არის არაფრის იდულგენცია ქვეყანაში". - ამბობს ქართული ოცნების დეპუტატი, სოზარ სუბარი ევროპარლამენტარზე, ანა ფოტიგაზე საუბრისას. 

ჟურნალისტმა სოზარ სუბარს ჰკითა, თუ რატომ არ შეუშვეს ფოტიგა მე-18 პენიტენციურ დაწესებულებაში ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად. 

"200-მდე ვიზიტორი ჰყავდა სააკაშვილს და ნამდვილად არ არის ციხე სასტუმრო, რაღაც წესები უნდა დავიცვათ. ვროპარლამენტარებს რაც შეეხება, მართლა არ ყოფილა შემთხვევა, ჩამოდიოდნენ, მიდიოდნენ ვანო მერაბიშვილთან, უგულავასთან და ჩვეულებრივად ნახულობდნენ, მაგრამ  როდესაც ადამიანი ამბობს, რომ არ იყო სამართლიანი სასამართლოს პირობები დაცული და არის პოლიტპატიმარი და რაღაც, მე, ამ შემთხვევაში, ჩემს პოზიციას ვამბობ, იმიტომ, რომ მართლა არ ვიცი, რით იხელმძღვანელა იუსტიციის სამინისტრომ, არანაირი კონსულტაციები ამაზე, ბუნებრივია, არ გვქონია.

როდესაც ადამიანი ამბობს, რომ სამართლიანი სასამართლო არ იყო, ჯერ აიღოს საქმის მასალები, გაეცნოს განაჩენსაც, მასალებსაც, ჩვენებებსაც, ევროსასამართლოს გადაწყვეტილებასაც, რომელ საქმეზეც ერთ-ერთი განაჩენი დადგა, გირგვლიანის საქმის მკვლელების შეწყალებას ვგულისხმობ, და მერე გააკეთოს განცხადებები. საქართველო არის სახელმწიფო და ჩვენ გვაქვს ჩვენი გარკვეული ღირსება რა და მართლა არ შეიძლება ასე გავთელოთ ეს ღირსება ყოველი ფეხის ნაბიჯზე, იმიტომ, რომ ვიღაცას ასე სურს და ევროპარლამენტარი არ არის არაფრის ინდულგენცია ქვეყანაში". - ამბობს სუბარი რუსთავი 2-თან. 

კითხვაზე, შეიძლება თუ არა, ანა ფოტიგა სააკაშვილის მოსანახულებლად განსხვავებული მოსაზრებების გამო არ შეეშვათ, სუბარი პასუხობს:

"არ ვიცი, მაგრამ მე აღშფოთებული ვარ მისი განცხადებით და პირადად მე მიმაჩნია, რომ არ შეიძლება ადამიანი, რომელსაც აქვს პრეტენზია ქვეყნის მეგობრობაზე, ასეთ განცხადებებს აკეთებდეს. კეთილინებოს, შეისწავლოს და მერე ილაპარაკოს. ევროპარლამენტში არის ძალიან ბევრი პარლამენტარი და დარწმუნებული ვარ, რომ მათი აბსოლუტური უმრავლესობა განსხვავებულ აზრზეა ამ საქმესთან დაკავშირებით და სწორედ ამიტომ არის, რომ ერთი და იგივე რამდენიმე ადამიანი აკეთებს ამ ტიპის განცხადებებს და არა სხვები". - ამბობს სუბარი.  

დეპუტატ სალომე სამადაშვილის თქმით, იუსტიციის სამინისტრო ანა ფოტიგას მიხეილ სააკაშვილის მონახულების შესაძლებლობას არ აძლევს. ფოტიგა საქართველოში გუშინ, 12 ნოემბერს ჩამოვიდა

"ჩემი ვიზიტის ერთ-ერთი მთავარი მიზანია, მოვინახულო საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ციხის საავადმყოფოში. ამ ნებართვის მისაღებად განცხადება დავწერე. ვიმედოვნებ მის ნახვას, რადგან წარსულში მომინახულებია სხვა პატიმრები. იმედი მაქვს, რომ გადაწყვეტილება ამჯერადაც დადებითი იქნება. ზოგადად რომ ვისაუბრო, მივყვები გარდაცვლილი პრეზიდენტის, ლეხ კაჩინსკის შეხედულებებსა და ქმედებებს. მე აქ ვარ, რომ ვიყო ქართველ ხალხთან ერთად, რომ ვიდგე საქართველოს გვერდით". - თქვა მან.  

სააკაშვილმა 11 ნოემბერს თქვა, რომ მზადაა სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მოწოდება გაითვალისწინოს და შიმშილობა შეწყვიტოს - თუმცა, ექსპრეზიდენტი შიმშილობას იმ შემთხვევაში შეწყვეტს, თუ მულტიპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანენ. თუმცა, სააკაშვილი გორის კლინიკაში გადაყვანის წინააღმდეგია. ასევე, გადაწყვეტილება კონსილიუმმა უნდა მიიღოს, რომლის პროფესიონალ წევრთა ნახევარი სააკაშვილის წარმომადგენელი იქნება. 

ექსპრეზიდენტი გლდანის N18 მსჯავრდებულთა საავადმყოფოში 8 ნოემბერს, შიმშილობის 39-ე დღეს გადაიყვანეს. კლინიკაში მისი გადაყვანის შესახებ არც მისი ადვოკატები და არც ოჯახის წევრები ინფორმირებულები არ ყოფილან. მეტიც, მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას ვარაუდის გამოთქმიდან, რომ მისი შვილი ციხიდან გაყვანილია, ერთი საათის განმავლობაში არცერთი სახელმწიფო უწყება არ პასუხობდა კითხვას, სად არის მიხეილ სააკაშვილი. 

მოგვიანებით მიხეილ სააკაშვილმა თქვა რომ ის გლდანის ციხის საავადმყოფოში მოტყუებით გადაიყვანეს, უთხრეს, რომ მრავალპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში გადაჰყავდათ, როგორც ამას თავად ითხოვდა. სააკაშვილის თქმით, როდესაც მიხვდა, რომ გლდანის ციხესთან იყო, მანქანიდან არ გადმოდიოდა და სამართალდამცველებმა ის საავადმყოფოში ძალით შეიყვანეს. 

ამავდროულად, მიხეილ სააკაშვილს პერმანენტულ რეჟიმში ესმის მისი მისამართით პატიმრების გინება. როგორც ამბობს, ეს ღამითაც გრძელდება. უკვე 44 დღეა, რაც მას შიმშილობა აქვს გამოცხადებული. 

10 ნოემბერს გამოქვეყნდა სტრასბურგის ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს დასკვნა დროებითი ზომის გამოყენების შესახებ. სტრასბურგის სასამართლომ სააკაშვილს სტანდარტულად შიმშილობის შეწვეტისკენ მოუწოდა, მთავრობას კი სააკაშვილის უსაფრთხოების უზრუნველყოფა. ამასთან, სასამართლომ გადაწყვიტა, რომ მთავრობამ მას უნდა შეატყობინოს ამჟამინდელი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ასევე, ციხის საავადმყოფოში გაწეული სამედიცინო დახმარების შესახებ).

10 ნოემბერს ასევე საქალაქო სასამართლოში ექსპრეიზდენტის პირველი სასამართლო სხდომა გაიმართა მას შემდეგ, რაც ის საქართველოში დააპატიმრეს. მოთხოვნის მიუხედავად, პენიტენციურმა მას სხდომაზე დასწრების უფლება არ მისცა. სააკაშვილის პროცესი 29 ნოემბერს გაგრძელდება

ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო ორგანიზაცია Amnesty International წერს, რომ მიხეილ სააკაშვილის მიმართ არის არა უბრალოდ შერჩევითი სამართალი, არამედ პოლიტიკური შურისძიება. 

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი კი დაჟინებით მოუწოდებს მთავრობას, მოექცეს ექსპრეზიდენტს სამართლაინად, ღირსეულად და საერთაშორისო სტანდარტებისა, თუ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

კომენტარები