აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 10 ივლისს გამოცემა New York Post-თან საუბრისას განაცხადა, რომ მან "ინსტრუქციები დატოვა" იმ შემთხვევისთვის, თუკი ირანი მის მოკვლას შეძლებს.
"დიდი ხანია, მათ სიაში ვარ. ამასთან გვაქვს საქმე... ერთადერთი, რაც არის, მე ინსტრუქციები დავტოვე – რამე თუ მოხდება, ისეთ დონეზე რომ დაბომბონ, რაც მათ არასდროს უნახავთ." – აღნიშნა ტრამპმა გამოცემასთან ინტერვიუში.
კითხვაზე, რომელიც ეხებოდა მედიაში გავრცელებულ ცნობებს, რომ ისრაელმა აშშ-ს პრეზიდენტის მოკვლის გეგმებზე სადაზვერვო ცნობები მოიპოვა, ტრამპმა მიანიშნა, რომ თეირანის მხრიდან ეს ახალი გეგმა არ არის. მისი თქმით, ირანის რეჟიმს მისი მოკვლა მრავალი წელია სურს.
"არა, ისრაელს ახალი არაფერი წარმოუდგენია. დიდი ხანია, რაც [ირანის მოსაკლავი პირების სიაში] მე პირველ ადგილზე ვარ. ასეთია ცხოვრება." – განმარტა მან.
მანამდე CNN-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ისრაელის მიერ აშშ-სთვის მიწოდებული სადაზვერვო ინფორმაცია არ შეიცავდა კონკრეტულ დეტალებსა და ტრამპის მკვლელობის ფორმალურ გეგმას, თუმცა, ეყრდნობოდა ინფორმაციას, რომ ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მეთაურს, აჰმად ვაჰიდის ტრამპის მოკვლა სურს.
ირანული მედიის მიხედვით, აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიაზე ერთ-ერთმა დამსწრემ სიტყვის წარმოთქმისას განაცხადა, რომ "ტრამპის მოკვლა" ირანის მოვალეობაა: "რატომ არ უნდა მოვკლათ ის, ვინც ჩემი იმამი და ლიდერი მოკლა? [...] რატომ არის მსოფლიოში ყველაზე საზიზღარი ადამიანი აქამდე ცოცხალი?" – თქვა მან.




