მიხეილ სააკაშვილი

სამადაშვილი: ევროპელ პარლამენტარებს სააკაშვილთან შესვლის საშუალებას არ აძლევენ

პარლამენტის დეპუტატი, სალომე სამადაშვილი ამბობს, რომ ევროპარლამენტარ ანა ფოტიგასა და ლიტვის სეიმის ორ წევრს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სანახავად არ უშვებენ. 

სალომე სამადაშვილმა ამის შესახებ გლდანის ციხის ჰოსპიტალთან გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ იუსტიციის სამინისტროს ამ დრომდე არ მიუცია მათთვის უფლება, შევიდნენ ციხეში. 

"უკვე იცით, რომ დღეს საქართველოში ვიზიტით ჩამოვიდა სამი ევროპელი პოლიტიკოსი, პოლონეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი, ევროპარლამენტარი, ანა ფოტიგა და ასევე ლიტვის პარლამენტის ორი წევრი, მათ შორის საქართველოსთან დელეგაციის ხელმძღვანელი და ამ პოლიტიკოსებს სურდათ დღეს აქ, ამ დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილთან პირადად შეხვედრა. სამწუხაროდ, ახლა 6 საათზე სრულდება შესვლის შესაძლებლობა ციხეში და მათ ამ წუთამდე არ მიუღიათ ნებართვა იუსტიციის სამინისტროდან, მოინახულონ მიხეილ სააკაშვილი საპატიმროში. მე პირადად მიმაჩნია, რომ ეს არის ხელისუფლების მცდელობა, რომ ფაქტობრივად იზოლაციაში ამყოფოს საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, რომლისთვისაც ცხადია, ევროპელ პარლამენტარებთან შეხვედრა ციხეში იქნებოდა ძალიან მნიშვნელოვანი". – თქვა სალომე სადამაშვილმა. 

დეპუტატის თქმით, მას აქვს მიხეილ სააკაშვილის მონახულების საშუალება და ექსპრეზიდენტს გადასცემს წერილს, რომელსაც ხელს აწერენ არამხოლოდ ის ევროპელი პოლიტიკოსები, რომლებიც ახლა საქართველოში არიან, არამედ სხვა "ძალიან მაღალი რეპუტაციის მქონე ევროპელი პოლიტიკოსებიც". 

"წერილში არის ორი მოწოდება. ერთი არის, ცხადია, საქართველოს ხელისუფლების მიმართულებით, რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ყველა საჭირო ზომის გატარებას და მისთვის სამართლიანი სასამართლოს უზრუნველყოფას და ასევე მოწოდებაა საქართველოს მე-3 პრეზიდენტის მიმართულებით, რომ მან განიხილოს შიმშილობის შეწყვეტის შესაძლებლობა, რამდენადაც ეს არის მისი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის, ასევე ელენე ხოშტარიას სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დასაცავად". – თქვა სალომე სამადაშვილმა. 


მიხეილ სააკაშვილმა 11 ნოემბერს თქვა, რომ მზადაა სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მოწოდება გაითვალისწინოს და შიმშილობა შეწყვიტოს - თუმცა, ექსპრეზიდენტი შიმშილობას იმ შემთხვევაში შეწყვეტს, თუ მულტიპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანენ. ასევე, ექსპრეზიდენტი გორის კლინიკაში გადაყვანის წინააღმდეგია. მისივე თქმით, გადაწყვეტილება კონსილიუმმა უნდა მიიღოს, რომლის პროფესიონალ წევრთა ნახევარი სააკაშვილის წარმომადგენელი იქნება. 

ექსპრეზიდენტი გლდანის N18 მსჯავრდებულთა საავადმყოფოში 8 ნოემბერს, შიმშილობის 39-ე დღეს გადაიყვანეს. კლინიკაში მისი გადაყვანის შესახებ არც მისი ადვოკატები და არც ოჯახის წევრები ინფორმირებულები არ ყოფილან. მეტიც, მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას ვარაუდის  გამოთქმიდან, რომ მისი შვილი ციხიდან გაყვანილია, ერთი საათის განმავლობაში არცერთი სახელმწიფო უწყება არ პასუხობდა კითხვას, სად არის მიხეილ სააკაშვილი. 

მოგვიანებით მიხეილ სააკაშვილმა თქვა, რომ ის გლდანის ციხის საავადმყოფოში მოტყუებით გადაიყვანეს, უთხრეს, რომ მრავალპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში გადაჰყავდათ, როგორც ამას თავად ითხოვდა. სააკაშვილის თქმით, როდესაც მიხვდა, რომ გლდანის ციხესთან იყო, მანქანიდან არ გადმოდიოდა და სამართალდამცველებმა ის საავადმყოფოში ძალით შეიყვანეს. 

ამავდროულად მიხეილ სააკაშვილს პერმანენტულ რეჟიმში ესმის მისი მისამართით პატიმრების გინება. როგორც ამბობს, ეს ღამითაც გრძელდება. 

10 ნოემბერს გამოქვეყნდა სტრასბურგის ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს დასკვნა დროებითი ზომის გამოყენების შესახებ. სტრასბურგის სასამართლომ სააკაშვილს სტანდარტულად შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდა, მთავრობას კი სააკაშვილის უსაფრთხოების უზრუნველყოფა. ამასთან, სასამართლომ გადაწყვიტა, რომ მთავრობამ მას უნდა შეატყობინოს ამჟამინდელი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ასევე, ციხის საავადმყოფოში გაწეული სამედიცინო დახმარების შესახებ).

10 ნოემბერს ასევე საქალაქო სასამართლოში ექსპრეზიდენტის პირველი სასამართლო სხდომა გაიმართა მას შემდეგ, რაც ის საქართველოში დააპატიმრეს. მოთხოვნის მიუხედავად, პენიტენციურმა მას სხდომაზე დასწრების უფლება არ მისცა. სააკაშვილის პროცესი 29 ნოემბერს გაგრძელდება

კომენტარები