რუსეთი-საქართველო

რუსეთის ინტერესების სექცია: ქართველი მოსწავლეები ახალგაზრდულ პროექტში მონაწილეობდნენ

პროექტ მეხსიერების მატარებლის მონაწილეები
Sputnik

საქართველოში შვეიცარიის საელჩოს რუსეთის ინტერესების სექცია Facebook-ზე განცხადებას აცხადებს, რომ ქართველმა მოსწავლეებმა პროექტ მეხსიერების მატარებლის საიუბილეო სეზონში მონაწილეობა მიიღეს.

სექციის განცხადებით, საქართველოს სხვადასხვა ქალაქიდან ჩასულმა უფროსკლასელებმა, ბელარუსის, რუსეთისა და სხვა ქვეყნების თანატოლებთან ერთად, გაიარეს მარშრუტი, რომელიც "დიდი სამამულო ომის" ისტორიას მიეძღვნა. მოგზაურობის განმავლობაში მათ ბელარუსისა და რუსეთის 13 ქალაქი მოინახულეს.

"სიმბოლურია, რომ საიუბილეო სეზონი მინსკში დასრულდა, ხოლო დაიწყო ბრესტის ციხესიმაგრესთან, საიდანაც, საბჭოთა ისტორიული ნარატივის მიხედვით, დიდი სამამულო ომი დაიწყო.თბილისელმა მოსწავლემ ორგანიზატორებთან ერთად საერთო პანოზე მინსკის სიმბოლიკის მქონე ნიშანი დაამაგრა, როგორც ხალხთა ერთიანობისა და საერთო ისტორიული მეხსიერების სიმბოლო." - წერს რუსეთის ინტერესების სექცია სოციალურ ქსელში.

რუსეთის ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, კონსტანტინ კოსაჩოვმა, განსაკუთრებულად აღნიშნა ქართველი მოსწავლეების მონაწილეობა.

"ძალიან გვიხარია, რომ უკვე არაერთი წელია, მეხსიერების მატარებელში საქართველოს წარმომადგენლებიც მონაწილეობენ. ის ახალგაზრდები, რომლებმაც ეს მარშრუტი გაიარეს, კეთილი ნების ელჩები ხდებიან. დარწმუნებული ვარ, ისინი შეძლებენ იმას, რაც, შესაძლოა, ჩვენ ვერ შევძელით - აღადგინონ და განავითარონ ჩვენი ურთიერთობები, გახადონ ისინი ნამდვილად მეგობრული, რადგან ეს ყველას ძალიან გვინდა,“ - განაცხადა კოსაჩოვმა SputnikGeorgia-სთვის მიცემულ ინტერვიუში.

თავის მხრივ, ბელარუსის ეროვნული ასამბლეის რესპუბლიკის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა და ეროვნული უსაფრთხოების მუდმივი კომისიის წევრმა ალექსანდრ ლუკიანოვმა SputnikGeorgia-სთან ინტერვიუში ხაზი გაუსვა ქართველების წვლილს ბელარუსის გათავისუფლებაში.

"ვამაყობთ, რომ ჩვენი სამშობლო გაათავისუფლეს არა მხოლოდ რუსებმა და ბელარუსებმა, არამედ, რა თქმა უნდა, მთელმა მრავალეროვანმა საბჭოთა ხალხმა, რომლის წინა რიგებშიც ჩვენი ქართველი ძმებიც იდგნენ. ოპერაცია ბაგრატიონი, რომელიც ფაქტობრივად დიდი გამარჯვების გვირგვინი და ჩვენი სამშობლოს გათავისუფლება იყო, ჩვენი ქვეყნისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობის მოვლენად იქცა,“ - განაცხადა მან.

კომენტარები