ენტონი ჰოპკინსი

ოსკაროსანი ენტონი ჰოპკინსი 88 წლის ასაკში კლასიკური მუსიკის მეორე ალბომს გამოუშვებს

PA Media

ორგზის ოსკაროსანი მსახიობი ენტონი ჰოპკინსი 88 წლის ასაკში კლასიკური მუსიკის მეორე ალბომს გამოუშვებს, რომელიც 60 წლის განმავლობაში შექმნილ ნაწარმოებებს მოიცავს. 

უელსელი მსახიობი აღნიშნავს, რომ მუსიკას "მთელი ცხოვრების" განმავლობაში ქმნიდა: "მუსიკა ჩემი პირველი საწადელი, ჩემი პირველი ნატვრა იყო."

ალბომის პირველი სინგლი, სახელად "ცხოვრება სიზმარია," 10 ივლისს გამოუშვეს. ნაწარმოებისთვის მსახიობის შთაგონების წყარო სამხრეთ უელსში გატარებული ბავშვობის მოგონებები იყო.

ამავე სახელობის ალბომს, რომელსაც მსახიობის "დღემდე ყველაზე პირად მუსიკალურ პროექტად" ახასიათებენ, ლონდონის ფილარმონიული ორკესტრი შეასრულებს, გრემის მფლობელი გუსტავო დუდამელის დირიჟორობით.

ჰოპკინსმა ფორტეპიანოზე დაკვრა ოთხი წლის ასაკში დაიწყო და 1950-იან წლებში, მოზარდობისას, ის ქალაქ პორტ-ტალბოტის თეატრალური წარმოდგენებისთვის მუსიკასაც წერდა.

ჰოპკინსმა პირველი კლასიკური მუსიკის ალბომი, სახელად "კომპოზიტორი," 2012 წელს გამოსცა. ამავე პერიოდში ფართო ყურადღება მიიპყრო მისმა ვალსმა, რომელიც მსახიობმა ჯერ კიდევ 20-იან წლებში დაწერა. ნაწარმოები ცნობილმა დირიჟორმა ანდრე რიემ და მისმა იოჰან შტრაუსის ორკესტრმა, ჰოპკინსის თანდასწრებით, ვენაში შეასრულეს. 

ენტონი ჰოპკინსი განსაკუთრებით ცნობილია ფილმებით "კრავთა დუმილი," "მამა," "დღის ნარჩენები," "ადამიანი-სპილო," "შემოდგომის ლეგენდები," "გაიცანით ჯო ბლექი," და "ზოროს ნიღაბი".

მას საუკეთესო მსახიობი კაცის კატეგორიაში ოსკარი ორჯერ აქვს მოპოვებული: პირველად – ფილმ "კრავთა დუმილში" შესრულებული ჰანიბალ ლექტერის როლისთვის, ხოლო მეორედ – დემენციასთან მებრძოლი ენტონის როლისთვის 2020 წელს გამოსულ ფილმში "მამა".

კომენტარები