მიხეილ სააკაშვილი

ფოტიგა: სააკაშვილის მონახულების ნებართვა ვითხოვე, შეშფოთებული ვარ არსებულთან დაკავშირებით

ევროპარლამენტარი ანა ფოტიგას თქმით, მან ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მონახულებისთვის ნებართვა ითხოვა. ფოტიგამ თქვა, რომ ის შეშფოთებულია არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით, იუსტიციის სამინისტროს მიერ სააკაშვილის N18 პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანის გავრცელებაზე კი კომენტარი არ გააკეთა.

"ქვეყანაში ჩემი ჩამოსვლის ერთ-ერთი მიზეზი, სხვა საკითხებთან ერთად, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ციხის საავადმყოფოში მონახულებაც არის. ვითხოვე მონახულების ნებართვა და ვიმედოვნებ, გადაწყვეტილება დადებითი იქნება. შეშფოთებული ვარ არსებულთან დაკავშირებით როგორც პიროვნება, რომელსაც ხშირი კონტაქტი ჰქონდა სააკაშვილთან, როდესაც ის პრეზიდენტი იყო, ხოლო მე პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ვიყავი. ზოგადად, არსებული ვითარებიდან გამომდინარე, სამხრეთ კავკასიაში რუსეთის ფედერაციის აგრესიული ქმედებები და დასავლეთშიც, ჩვენს საზღვართან არსებული ვითარება შემაშფოთებელია. ძალიან რთული დრო დგას. ამასთან, იუსტიციის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ კადრებთან დაკავშირებით კომენტარს ვერ გავაკეთებ. აქ ვარ, რათა შევაფასო არსებული ვითარება. ვიმედოვნებ, ბატონ სააკაშვილს მოვინახულებ. შიმშილობის შეწყვეტასთან დაკავშირებით მის მონახულებამდე დეტალებზე ვერ ვისაუბრებ, ამჟამად იუსტიციის სამინისტროსგან მის მონახულებაზე დაშვების ნებართვას ველოდები, რასაც, როგორც წესი, დრო სჭირდება". – თქვა ანა ფოტიგამ საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით.

ანა ფოტიგა საქართველოში 12 ნოემბერს, გამთენიისას ჩამოვიდა.

 პენიტენციურმა სამსახურმა 11 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილის ციხის საავადმყოფოში გადაყვანის კადრები ორჯერ გაავრცელა. პირველად გავრცელებულ კადრებში ჩანს, თუ როგორ მიათრევს რამდენიმე ადამიანი მიხეილ სააკაშვილს პალატაში, შემდეგ კი იატაკზე ტოვებს. ამის შესახებ სააკაშვილმა სახალხო დამცველს იმავე დღეს აცნობა. კადრების გავრცელების კანონიერებაზე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა გამოძიება დაიწყო

პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ მეორე ვიდეოში კი მიხეილ სააკაშვილი სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანაში ზის და ციხის საავადმყოფოში გადასვლაზე უარს ამბობს

"წამიყვანეთ უკან, რუსთავის ციხეში, მე აქედან ჩემი ფეხით არ გადმოვალ, თქვენ ხართ პუტინის ჯალათი, ივანიშვილის ლეკვო". – მიმართავს ის პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებს. 

ექსპრეზიდენტი გლდანის N18 მსჯავრდებულთა საავადმყოფოში 8 ნოემბერს, შიმშილობის 39-ე დღეს გადაიყვანეს. კლინიკაში მისი გადაყვანის შესახებ არც მისი ადვოკატები და არც ოჯახის წევრები ინფორმირებულები არ ყოფილან. მეტიც, მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას ვარაუდის გამოთქმიდან, რომ მისი შვილი ციხიდან გაყვანილია, ერთი საათის განმავლობაში არცერთი სახელმწიფო უწყება არ პასუხობდა კითხვას, სად არის მიხეილ სააკაშვილი. 

მოგვიანებით მიხეილ სააკაშვილმა თქვა, რომ ის გლდანის ციხის საავადმყოფოში მოტყუებით გადაიყვანეს, უთხრეს, რომ მრავალპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში გადაჰყავდათ, როგორც ამას თავად ითხოვდა. სააკაშვილის თქმით, როდესაც მიხვდა, რომ გლდანის ციხესთან იყო, მანქანიდან არ გადმოდიოდა და სამართალდამცველებმა ის საავადმყოფოში ძალით შეიყვანეს. 

ამავდროულად მიხეილ სააკაშვილს პერმანენტულ რეჟიმში ესმის მისი მისამართით პატიმრების გინება. როგორც ამბობს, ეს ღამითაც გრძელდება. უკვე 43 დღეა, რაც მას შიმშილობა აქვს გამოცხადებული. 

10 ნოემბერს გამოქვეყნდა სტრასბურგის ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს დასკვნა დროებითი ზომის გამოყენების შესახებ. სტრასბურგის სასამართლომ სააკაშვილს სტანდარტულად შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდა, მთავრობას კი სააკაშვილის უსაფრთხოების უზრუნველყოფა დაავალა. ამასთან, სასამართლომ გადაწყვიტა, რომ მთავრობამ მას უნდა შეატყობინოს ამჟამინდელი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ასევე, ციხის საავადმყოფოში გაწეული სამედიცინო დახმარების შესახებ).

10 ნოემბერს ასევე საქალაქო სასამართლოში ექსპრეზიდენტის პირველი სასამართლო სხდომა გაიმართა მას შემდეგ, რაც ის საქართველოში დააპატიმრეს. მოთხოვნის მიუხედავად, პენიტენციურმა მას სხდომაზე დასწრების უფლება არ მისცა. სააკაშვილის პროცესი 29 ნოემბერს გაგრძელდება

ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო ორგანიზაცია Amnesty International წერს, რომ მიხეილ სააკაშვილის მიმართ არის არა უბრალოდ შერჩევითი სამართალი, არამედ პოლიტიკური შურისძიება. 

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი კი დაჟინებით მოუწოდებს მთავრობას, მოექცეს ექსპრეზიდენტს სამართლიანად, ღირსეულად და საერთაშორისო სტანდარტებისა, თუ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. 

კომენტარები