მიხეილ სააკაშვილი

ბრეგაძე: მოხარული ვიქნებით, თუ სააკაშვილი შიმშილობას შეწყვეტს, ოღონდ, დათქმების გარეშე

"მოხარული ვიქნებით, თუ შიმშილობას შეწყვეტს, ოღონდ, დათქმების გარეშე". - ასე ეხმაურება იუსტიციის მინისტრი, რატი ბრეგაძე ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილებას, შეწყვიტოს შიმშილობა, თუ მას ციხის საავადმყოფოს ნაცვლად მულტიპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანენ. 

"ევროპულმა სასამართლომ მოუწოდა ბატონ სააკაშვილს, შეეწყვიტა შიმშილობა. ძალიან მოხარულები ვიქნებით, თუ ის  დათანხმდება, ოღონდ, რა თქმა უნდა, ყოველგვარი დათქმების გარეშე. რატომ უნდა იყოს ეს ადამიანი გადაყვანილი კერძო კლინიკაში? შეუძლია ვინმეს, ამიხსნას?

თუკი ადამიანი ასრულებს შიმშილობას, ეს ძალიან კარგია, ჩვენ ამას მივესალმებით და მე დღესაც მრავალგზის დავადასტურე, რომ ჩვენი სულისკვეთება სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებასთან არის აბსოლუტურად ერთიანი. ჩვენც, რა თქმა უნდა, ძალიან მოხარული ვიქნებით, თუ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა იქნება სტაბილური და ის დაუბრუნდება ცხოვრების ნორმალურ რიტმს. იმ შემთხვევაში, როდესაც იქნება შესაბამისი პირობები შექმნილი, ის იქნება გადაყვანილი იქნება უკან - სპეციალური პენიტენციური სამსახურის მე-12 დაწესებულებაში, სადაც აქამდე იხდიდა სასჯელს". - ამბობს ის რუსთავი 2-თან ინტერვიუში. 

სააკაშვილმა 11 ნოემბერს თქვა, რომ მზადაა სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მოწოდება გაითვალისწინოს და შიმშილობა შეწყვიტოს - თუმცა, ექსპრეზიდენტი შიმშილობას იმ შემთხვევაში შეწყვეტს, თუ მულტიპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანენ. თუმცა, სააკაშვილი გორის კლინიკაში გადაყვანის წინააღმდეგია. ასევე, გადაწყვეტილება კონსილიუმმა უნდა მიიღოს, რომლის პროფესიონალ წევრთა ნახევარი სააკაშვილის წარმომადგენელი იქნება. 

ექსპრეზიდენტი გლდანის N18 მსჯავრდებულთა საავადმყოფოში 8 ნოემბერს, შიმშილობის 39-ე დღეს გადაიყვანეს. კლინიკაში მისი გადაყვანის შესახებ არც მისი ადვოკატები და არც ოჯახის წევრები ინფორმირებულები არ ყოფილან. მეტიც, მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას ვარაუდის გამოთქმიდან, რომ მისი შვილი ციხიდან გაყვანილია, ერთი საათის განმავლობაში არცერთი სახელმწიფო უწყება არ პასუხობდა კითხვას, სად არის მიხეილ სააკაშვილი. 

მოგვიანებით მიხეილ სააკაშვილმა თქვა, რომ ის გლდანის ციხის საავადმყოფოში მოტყუებით გადაიყვანეს, უთხრეს, რომ მრავალპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში გადაჰყავდათ, როგორც ამას თავად ითხოვდა. სააკაშვილის თქმით, როდესაც მიხვდა, რომ გლდანის ციხესთან იყო, მანქანიდან არ გადმოდიოდა და სამართალდამცველებმა ის საავადმყოფოში ძალით შეიყვანეს. 

ამავდროულად მიხეილ სააკაშვილს პერმანენტულ რეჟიმში ესმის მისი მისამართით პატიმრების გინება. როგორც ამბობს, ეს ღამითაც გრძელდება. უკვე 42 დღეა, რაც მას შიმშილობა აქვს გამოცხადებული. 

10 ნოემბერს გამოქვეყნდა სტრასბურგის ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს დასკვნა დროებითი ზომის გამოყენების შესახებ. სტრასბურგის სასამართლომ სააკაშვილს სტანდარტულად შიმშილობის შეწვეტისკენ მოუწოდა, მთავრობას კი სააკაშვილის უსაფრთხოების უზრუნველყოფა. ამასთან, სასამართლომ გადაწყვიტა, რომ მთავრობამ მას უნდა შეატყობინოს ამჟამინდელი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ასევე, ციხის საავადმყოფოში გაწეული სამედიცინო დახმარების შესახებ).

10 ნოემბერს ასევე საქალაქო სასამართლოში ექსპრეიზდენტის პირველი სასამართლო სხდომა გაიმართა მას შემდეგ, რაც ის საქართველოში დააპატიმრეს. მოთხოვნის მიუხედავად, პენიტენციურმა მას სხდომაზე დასწრების უფლება არ მისცა. სააკაშვილის პროცესი 29 ნოემბერს გაგრძელდება

ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო ორგანიზაცია Amnesty International წერს, რომ მიხეილ სააკაშვილის მიმართ არის არა უბრალოდ შერჩევითი სამართალი, არამედ პოლიტიკური შურისძიება. 

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი კი დაჟინებით მოუწოდებს მთავრობას, მოექცეს ექსპრეზიდენტს სამართლაინად, ღირსეულად და საერთაშორისო სტანდარტებისა, თუ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

კომენტარები