მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი შიმშილობას შეწყვეტს, თუ სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანენ

Georgian Journal

ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი შიმშილობას შეწყვეტს, თუ მულტიპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანენ. თუმცა, სააკაშვილი გორის კლინიკაში გადაყვანის წინააღმდეგია. ასევე, გადაწყვეტილება კონსილიუმმა უნდა მიიღოს, რომლის პროფესიონალ წევრთა ნახევარი სააკაშვილის წარმომადგენელი იქნება. ექსპრეზიდენტის წერილი მისმა ადვოკატმა, ნიკა გვარამიამ წაიკითხა. 

მივმართავ ყველა ქართველს, ხელისუფლების ქმედებები ჩემი შიმშილობის პირველი დღიდან დღემდე მიზანმიმართული მკვლელობის ოპერაციაა, დამკვეთი ერთადერთია - ვლადიმერ პუტინი. დღეს გავრცელებული კადრები, რომლებიც კარგად ასახავს, ვინ არის გამარჯვებული და ვინ - ბნელეთის მხარეს, უმძიმესად აზიანებს თავად ხელისუფლებას. ამიტომ, თითქოს პარადოქსია, რატომ გამოაქვეყნა ხელისუფლებამ ეს კადრები, თუმცა ამ პარადოქსს სრულიად ცხადი ახსნა აქვს - მოხდეს ქართველი პატრიოტების უკიდურესი გაბრაზება, იმდენად, რომ ხელისუფლების მომდევნო პროვოკაციებმა გამოიწვიოს სამოქალაქო დაპირისპირება, რასაც მოჰყვება რუსეთის შემოსვლა და ქვეყნის ოკუპაცია, მათ მიერ საზღვართან მიმდინარე "საფრთხეების განეიტრალების" საფარქვეშ.

მე, როგორც ამ ქვეყნის თავგადაკლული პატრიოტს და თანამედროვე საქართველოს სახელმწიფოს დამფუძნებელს, არ მაქვს უფლება, არ შევეწინააღმდეგო ამ კატასტროფული სცენარის განვითარებას. ჩემი შიმშილობა უკვე ხდება რუსების და მოქმედი ხელისუფლების ბრძოლის იარაღი არა ჩემს, არამედ ჩემი ქვეყნის საწინააღმდეგოდ. მივიღე გადაწყვეტილება, გავითვალისწინო სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს, ასევე ჩვენი დასავლელი პარტნიორების მოწოდება და შევწყვიტო შიმშილობა. ამ შიმშილობის შეწყვეტას აქვს დათქმა, ამ დათქმის შესრულების გარეშე, ეს პროცესი, ჯერჯერობით, არ შეწყდება - შიმშლობის შემდეგ რეაბილიტაციის პროცესი ბევრად უფრო რთულია, ვიდრე შიმშილობის მართვის პროცესი, ამიტომაც, გლდანის საავადმყოფოში ამის არც ტექნოლოგიური პირობებია, არც სათანადო კვალიფიკაციის მედპერსონალი. ამას გარდა, წარმოუდგენელია მე ვენდო იმ დაწესებულების თანამშრომლებს, ვინც წამების პირობებში მამყოფებს და ასევე ძალადობის ამსახველი კადრებიც დღეს იხილეთ. ამას გარდა, აქ არსებობს უსაფრთხოების და ფსიქოლოგიური ზეწოლისგან დაცვის არანაირი გარანტია, რაც სტრასბურგის სასამართლოს მოთხოვნაც არის. 

ასევე, უდიდეს საფრთხედ მიმაჩნია გორის ჰოსპიტალი, რადგანაც რუსული საოკუპაციო ჯარის და სპეცდანიშნულების დანაყოფები რამდენიმე კილომეტრში იმყოფება ჰოსპიტალიდან, იმ რუსეთის, ვინც ჩემი ლიკვიდაციის მთავარი დამკვეთია. შესაბამისად, ვითხოვ ექიმთა კონსილიუმის მიერ მიღებულ იქნეს გადაწყვეტილება, თუ რომ მულტიფუნქციურ და მაღალტექნოლოგიურ კლინიკებში და მკურნალობის რა პირობებით ვიქნები უზრუნველყოფილი მკურნალობის პოსტშიმშილობის რეაბილიტაციის პროცესის დროს. კონსილიუმი უნდა იყოს მხოლოდ პროფესიონალებისგან შემდგარი და პარიტეტულ საფუძველზე - ჩემი წარმომადგენლების და სახელმწიფოს მიერ დანიშნული ექიმების შემადგენლობით. მისი გადაწყვეტილება უნდა იყოს არა სარეკომენდაციო ხასიათის, არამედ სავალდებულო, რასაც მე უპირობოდ დავემორჩილები და ასევე უნდა დაემორჩილოს ხელისუფლება. ამ ვითარებაში, როგორც კი მიღებული იქნება ეს გადაწყვეტილება და გადამიყვანენ ამ დაწესებულებიდან სათანადო დაწესებულებაში, შიმშილობას დაუყოვნებლივ შევწყვეტ. 

აქვე მინდა, მივმართო ელენე ხოშტარიას უდიდესი პატივისცემით და მადლიერებით ბოლო დღეებში მისი, გადაუჭარბებლად რომ ვთქვათ, გმირული და პატრიოტული საქციელის გამო და მოვუწოდო გულმხურვალედ ჩემი ამ გადაწყვეტილების საფუძველზე, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს მისი ჯანმრთელობისთვის საშიში შიმშილობის პროცესი. 

ხელისუფლება ჩამოშლილია, ახლა ჩვენ, როგორც საზოგადოებამ, უნდა მოვიკრიბოთ ძალა და ჩვენი ბრძოლა მივიყვანოთ ბოლომდე. ჩვენ უნდა დავირაზმოთ კიდევ უფრო მეტად, კიდევ უფრო ფართოდ გავშალოთ ჩვენი ერთიანი რიგები - ამ ბრძოლას საქართველო აუცილებლად მოიგებს. ტექსტი დაწერილია ჩემი კარნახით, ნიკა გვარამიას მიერ 

პენიტენციურმა სამსახურმა 11 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილის ციხის საავადმყოფოში გადაყვანის კადრები ორჯერ გაავრცელა. პირველად გავრცელებულ კადრებში ჩანს, თუ როგორ მიათრევს რამდენიმე ადამიანი მიხეილ სააკაშვილს პალატაში, შემდეგ კი იატაკზე ტოვებს. ამის შესახებ სააკაშვილმა სახალხო დამცველს იმავე დღეს აცნობა. კადრების გავრცელების კანონიერებაზე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა გამოძიება დაიწყო

პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ მეორე ვიდეოში კი მიხეილ სააკაშვილი სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანაში ზის და ციხის საავადმყოფოში გადასვლაზე უარს ამბობს

"წამიყვანეთ უკან, რუსთავის ციხეში, მე აქედან ჩემი ფეხით არ გადმოვალ, თქვენ ხართ პუტინის ჯალათი, ივანიშვილის ლეკვო". - მიმართავს ის პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებს. 

ექსპრეზიდენტი გლდანის N18 მსჯავრდებულთა საავადმყოფოში 8 ნოემბერს, შიმშილობის 39-ე დღეს გადაიყვანეს. კლინიკაში მისი გადაყვანის შესახებ არც მისი ადვოკატები და არც ოჯახის წევრები ინფორმირებულები არ ყოფილან. მეტიც, მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას ვარაუდის გამოთქმიდან, რომ მისი შვილი ციხიდან გაყვანილია, ერთი საათის განმავლობაში არცერთი სახელმწიფო უწყება არ პასუხობდა კითხვას, სად არის მიხეილ სააკაშვილი. 

მოგვიანებით მიხეილ სააკაშვილმა თქვა, რომ ის გლდანის ციხის საავადმყოფოში მოტყუებით გადაიყვანეს, უთხრეს, რომ მრავალპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში გადაჰყავდათ, როგორც ამას თავად ითხოვდა. სააკაშვილის თქმით, როდესაც მიხვდა, რომ გლდანის ციხესთან იყო, მანქანიდან არ გადმოდიოდა და სამართალდამცველებმა ის საავადმყოფოში ძალით შეიყვანეს. 

ამავდროულად მიხეილ სააკაშვილს პერმანენტულ რეჟიმში ესმის მისი მისამართით პატიმრების გინება. როგორც ამბობს, ეს ღამითაც გრძელდება. უკვე 42 დღეა, რაც მას შიმშილობა აქვს გამოცხადებული. 

10 ნოემბერს გამოქვეყნდა სტრასბურგის ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს დასკვნა დროებითი ზომის გამოყენების შესახებ. სტრასბურგის სასამართლომ სააკაშვილს სტანდარტულად შიმშილობის შეწვეტისკენ მოუწოდა, მთავრობას კი სააკაშვილის უსაფრთხოების უზრუნველყოფა. ამასთან, სასამართლომ გადაწყვიტა, რომ მთავრობამ მას უნდა შეატყობინოს ამჟამინდელი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ასევე, ციხის საავადმყოფოში გაწეული სამედიცინო დახმარების შესახებ).

10 ნოემბერს ასევე საქალაქო სასამართლოში ექსპრეიზდენტის პირველი სასამართლო სხდომა გაიმართა მას შემდეგ, რაც ის საქართველოში დააპატიმრეს. მოთხოვნის მიუხედავად, პენიტენციურმა მას სხდომაზე დასწრების უფლება არ მისცა. სააკაშვილის პროცესი 29 ნოემბერს გაგრძელდება

 ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო ორგანიზაცია Amnesty International წერს, რომ მიხეილ სააკაშვილის მიმართ არის არა უბრალოდ შერჩევითი სამართალი, არამედ პოლიტიკური შურისძიება. 

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი კი დაჟინებით მოუწოდებს მთავრობას, მოექცეს ექსპრეზიდენტს სამართლაინად, ღირსეულად და საერთაშორისო სტანდარტებისა, თუ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. 

კომენტარები