ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ (PACE) საქართველოს შესახებ კრიტიკული რეზოლუცია მიიღო. დოკუმენტს მხარი 84-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი 1 იყო, 4-მა კი თავი შეიკავა.
რეზოლუციის პროექტი: დემოკრატიული ინსტიტუტების ფუნქციონირება საქართველოში, საქართველოს საკითხებზე PACE-ს თანამომხსენებლების ანგარიშს დაეფუძნა.
დოკუმენტის მიხედვით, ასამბლეა კვლავ იზიარებს თავიანთ წინა რეზოლუციებში საქართველოს შესახებ გამოთქმულ მოსაზრებებს, რადგან ივანიშვილის რეჟიმმა მათი არცერთი რეკომენდაცია არ გაითვალისწინა. PACE კიდევ ერთხელ გამოხატავს სერიოზულ შეშფოთებას საქართველოში დემოკრატიის ნგრევისა და ღრმა პოლიტიკური და სოციალური კრიზისის გამო.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ წინა რეზოლუციის მიღების შემდეგ, საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა განუწყვეტლივ გრძელდება - გრძელდება ზეწოლა სამოქალაქო საზოგადოების, ოპოზიციისა და განსხვავებული აზრის წინააღმდეგ. ეს მათთვის ეჭვს აჩენს ხელისუფლების სურვილსა და მზადყოფნაზე, რომ შეასრულოს საქართველოს, როგორც ევროსაბჭოს წევრობის, ისე ორგანიზაციაში გაწევრიანების დროს აღებული ვალდებულებები.
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა გმობს საქართველოში თითქმის ყველა დემოკრატიული ოპოზიციური პარტიის აკრძალვის ინიციატივას და ოპოზიციონერი ლიდერების მიმართ პოლიტიკურად მოტივირებულ, სისხლისსამართლებრივ დევნას. ასამბლეა ივანიშვილს რეჟიმს აფრთხილებს, რომ ეს, ფაქტობრივად, დაამყარებს ერთპარტიულ დიქტატურას, რაც მათივე განცხადებით, ევროპის საბჭოს წევრობასთან შეუთავსებელია. PACE რეზოლუციაში მოითხოვს, რომ ქართულმა ოცნებამ ოპოზიციური პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი სარჩელი უკან გაიწვიოს და ოპოზიციონერილიდერების წინააღმდეგ საქმეები შეწყვიტოს.
PACE ქართულ ოცნებას მოუწოდებს, რომ თავისუფალი და დემოკრატიული პოლიტიკური გარემოს აღსადგენად, ღია და ინკლუზიური პოლიტიკური პროცესი დაიწყოს, რომელშიც ყველა მხარე ჩაერთვება.
რეზოლუციაში წერია, რომ უნდა დასრულდეს სამოქალაქო საზოგადოების, მედიის, ოპოზიციისა და აქციების მონაწილეების წინააღმდეგ რეპრესიული კანონმდებლობისა და პოლიტიკურად მოტივირებული სამართალწარმოების გზით განხორციელებული რეპრესიული ქმედებები.
"ეს პოლიტიკური პატიმრების რიცხვს ზრდის. ვგმობთ ოპოზიციის ლიდერების, მათ შორის, ელენე ხოშტარიასა და ნიკა მელიასა და სხვების მიმართ პოლიტიკურად მოტივირებულ და არაპროპორციულ სასჯელებს აშკარად შეთხზული ბრალდებებით". - წერია დოკუმენტში.
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა ივანიშვილის მთავრობას მოუწოდებს, სრულად გააუქმოს ახლახან მიღებული რეპრესიული კანონები, მათ შორის: "გამჭვირვალობის შესახებ" კანონი, ე.წ. FARA-ს ანალოგი, გრანტების კანონი, სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსსა და მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებები.
ასევე PACE შეშფოთებულია კობახიძის განათლების რეფორმით და აღნიშნავს, რომ უზრუნველყოფილი უნდა იყოს აკადემიური წრეების დამოუკიდებლობა.
რეზოლუციის მიხედვით, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა წუხს, რომ მრავალი მოწოდების მიუხედავად, აქციების დროს პოლიციის სისასტიკისა და ადამიანის უფლებების სხვა დარღვევების შესახებ სანდო გამოძიება არ ჩატარებულა.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ PACE სრულად იზიარებს ეუთო-ს მოსკოვის მექანიზმის ფარგლებში ექსპერტების დასკვნას. ასამვლეა წუხს, რომ დღემდე არაა გამოყენებული ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით გათვალისწინებული მექანიზმები.




