მეწყერი

კალაძე: მაჭავარიანის ქუჩის მიმდებარე მეწყრული ფერდის გამაგრება დასრულებულია

თბილისის მერია

თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, მაჭავარიანის ქუჩის მიმდებარედ არსებული მეწყრული ფერდის გამაგრების სამუშაოები დასრულებულია. მისვე თქმით, ფერდის მიმდებარედ გადაადგილება დიდი ხანია უსაფრთხოა.

"თქვენ იცით, რომ ამ ხნის განმავლობაში მასშტაბური სამუშაოები განხორციელდა მეწყრულ ზონაში: დამონტაჟდა მონიტორინგის სისტემები, იგივე გაკეთდა შეშელიძის ქუჩაზეც და მიმდინარეობს დაკვირვების რეჟიმი. ფერდიდან მოიხსნა დიდი მოცულობის მიწა, შეიქმნა ე.წ. წინაღობები, გაკეთდა ჭაბურღილები და განხორციელდა ცემენტაცია, ასევე, გამოყენებული იქნა ანკერები, რათა მაქსიმალურად უსაფრთხო იყოს ეს ფერდი. გადაადგილების თვალსაზრისით, დიდი ხანია, უსაფრთხოა. ამჟამად მიმდინარეობს ფერდის გამწვანების სამუშაოები. ასევე, მოეწყობა სანიაღვრე სისტემა, რათა წყლის არიდება მოხდეს ფერდისთვის". – თქვა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე.

თბილისის მერიის ინფორმაციით, გასული წლების განმავლობაში მაჭავარიანის ქუჩასა და მიმდებარე ფერდზე "გარკვეული მოქმედებების გამო" მეწყრული პროცესი გააქტიურდა. 17 მარტს მაჭავარიანის ქუჩისა და მიმდებარე ფერდის ფოტოები გავრცელდა, ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა ორმხრივად 16 მარტიდან შეიზღუდა.

გეოლოგებისა და სპეციალისტების დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ მეწყრის გამომწვევი ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ადგილზე მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებია, თუმცა თბილისის მერის მოადგილის, ირაკლი ბენდელიანის თქმით, სამშენებლო სამუშაოების შეჩერების მიზეზი არ არსებობს და ადგილზე ხელოვნური ნაგებობები იმისთვის შენდება, რათა მომავალში გადაადგილება უსაფრთხო იყოს. 

მაჭავარიანი-მარშალ გელოვანის ქუჩების დამაკავშირებელი გზის პროექტის სამშენებლო სამუშაოები 2020 წლის ივლისში დაიწყო და 2021 წლის მარტის ბოლოსთვის უნდა დასრულებულიყო, თუმცა, კომპანია ბლექ სი გრუპმა, რომელიც ამ პროექტს უდგას სათავეში, სამუშაოები დროებით შეაჩერა. პროექტის ღირებულება, დაახლოებით, 15 მლნ ლარს შეადგენს.

20 მარტს დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, თეა გოდოლაძემ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მაჭავარიანის ქუჩის მიმდებარე მეწყრულ ტერიტორიაზე ახალი ბზარები გაჩნდა.

უცხოელი ინჟინერ-გეოლოგები, რომლებიც თბილისის მერიამ პროცესის შესასწავლად მოიწვია, თბილისში 22 მარტს ჩამოვიდნენ და საქართველო უკვე დატოვეს, ისინი აპრილის ბოლომდე დისტანციურად იქნებიან პროცესში ჩართულნი. მოწვეული გეოინჟინერის, პეტერ ნიუმანის თქმით, საკითხი კომპლექსურია, გადაჭრის ერთი, კონკრეტული გზა არ არსებობს და, შესაძლოა, ეს იყოს საწყისი ეტაპი მასშტაბური მეწყრის ჩამოყალიბებისა.

კომენტარები