მეწყერი

ბენდელიანი მეწყერზე: არ არსებობს საფუძველი, რომ საგზაო სამუშაოები შეჩერდეს

თბილისი მერის მოადგილე, ირაკლი ბენდელიანი მაჭავარიანის ქუჩაზე მიმდინარე პროცესებს ეხმაურება და ამბობს, რომ მეწყერი მოსახლეობისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს, ხოლო საგზაო სამუშაოების შეჩერების საფუძველი არსებობს. მისი თქმით, მეწყრული პროცესები ამ ადგილზე ადრეც მიმდინარეობდა და სწორედ ამიტომ გადაწყდა ხელოვნური ნაგებობების აშენებაც. 

"არაერთხელ გვითქვამს ჩვენ, რომ უშუალოდ იმ არეალში და მის მიმდებარედ, თეორიულად რომ წარმოვიდგინოთ, თუ რა მიმართულებით შეიძლება მეწყრული პროცესები განვითარდეს, ამ არეალში მოსახლეობა არ ცხოვრობს. 

მოსახლეობასთან გვაქვს აქტიური კომუნიკაცია, რაც შეეხება საგზაო სამუშაოებს, ამის საფუძველი, რაიმე ფორმით, არ არსებობს, რომ აქ საგზაო სამუშაოები გაჩერდეს. ის აზრი, რომ თითქოს აქ ადრეც მიმდინარეობდა მეწყრული პროცესები, დასამალი არაფერია და მერია იყო პირველი, ვინც ეს დოკუმენტები ელექტრონულ სისტემაში ატვირთა, ეს დოკუმენტიც იყო საჯარო და არ ყოფილა რაიმე ისეთი საიდუმლო დოკუმენტი, თითქოს ვიღაცამ ფარულად მოიპოვა. ეს საჯარო დოკუმენტია, ყველა დაინტერესებულ პირს შეუძლია, შევიდეს და ნახოს, შესაბამისად, ის, რომ მეწყრული პროცესები ადრეც მიმდინარეობდა საგზაო მშენებლობის დროს, ეს ასეც არის.

იყო შემთხვევები, ოღონდ გაცილებით მცირე მასშტაბის საგზაო სამუშაოების დროს, შეგიძლიათ, ჩახვიდეთ და დაათვალიეროთ, რამდენი ხელოვნური ნაგებობა შენდება, ეს არის ზუსტად მაგის მიზანი, რომ ჩვენ როდესაც საგზაო სამუშაოებს დავასრულებთ და მოხდება გზის გახსნა, იქ ვიყოთ უკვე სრულად დაცულები, იქ გადაადგილება იქნება ყოვლად უსაფრთხო". – თქვა ბენდელიანმა. 

ბენდელიანის თქმით, მეწყერი არ ნიშნავს იმას, რომ ასეთ ადგილებში მშენებლობა არ შეიძლება, თუმცა მეტი ყურადღება უნდა მიექცეს და განსაკუთრებული ღონისძიებები უნდა ჩატარდეს. 

"რაც შეეხება კორპუსების მშენებლობას, ყველამ ვიცით, რომ მეწყრულ არეალში არანაირი კორპუსი არ შენდება, ახლა რომელ მეწყერზეც არის საუბარი, ხოლო ამის გარდა, თქვენ იცით, რომ დედაქალაქის მასშტაბით, არამარტო ამ კონკრეტულ ლოკაციაზე, არის რამოდენიმე მეწყრული არეალი, სადაც განაშენიანება არის წლების განმავლობაში.

მეწყერი არ ნიშნავს იმას, რომ მეწყერულ ადგილებში თითქოს მშენებლობა არ შეიძლება, უბრალოდ, კიდევ უფრო მეტი ყურადღებაა მისაქცევი და კიდევ უფრო მეტი განსაკუთრებული ღონისძიებებია ჩასატარებელი ამ დროს, როდესაც გვაქვს არამდგრადი გრუნტი, თორემ, თქვენ იცით, რომ მეწყერულ არეალებში კიარა, ზღვებში აშენებენ შენობებს. ტექნოლოგიურად ყველაფერი შესაძლებელია". – ამბობს ირაკლი ბენდელიანი.

ბენდელიანის თქმით, დღეს, 22 მარტს, იგეგმება გაფართოებული შეხვედრა, რის შედეგადაც, მეწყერის შესახებ პირველადი ინფორმაცია გვექნება. 

მაჭავარიანი-მარშალ გელოვანის ქუჩების დამაკავშირებელი გზის პროექტის სამშენებლო სამუშაოები 2020 წლის ივლისში დაიწყო და 2021 წლის მარტის ბოლოსთვის უნდა დასრულებულიყო, თუმცა, კომპანია "ბლექ სი გრუპმა", რომელიც ამ პროექტს უდგას სათავეში, სამუშაოები დროებით შეაჩერა. პროექტის ღირებულება, დაახლოებით, 15 მლნ ლარს შეადგენს.

20 მარტს დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, თეა გოდოლაძემ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მაჭავარიანის ქუჩის მიმდებარე მეწყრულ ტერიტორიაზე ახალი ბზარები გაჩნდა.

ინფორმაციის გავრცელების შემდეგ თეა გოდოლაძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მეწყრის ტერიტორიაზე მას და სხვა მეცნიერებს თბილისის მერია არ უშვებს. 

თბილისის მერიის ცნობით, ინფორმაცია ახალ ნაპრალებზე სიმართლეს არ შეესაბამება და პირების არშეშვება მათივე უსაფრთხოებისთვისაა.

თბილისის მერიის ინფორმაციით, გასული წლების განმავლობაში მაჭავარიანის ქუჩასა და მიმდებარე ფერდზე "გარკვეული მოქმედებების გამო" მეწყრული პროცესი გააქტიურდა. გუშინ, 17 მარტს, Forum.ge-ზე მაჭავარიანის ქუჩისა და მიმდებარე ფერდის ფოტოები გავრცელდა, ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა ორმხრივად 16 მარტიდან შეიზღუდა.

კომენტარები