5 ივლისის ძალადობა

ხვიჩია ორკებზე: არ ვიცი მაგალითი, როცა გამოხატვის თავისუფლებამ შექმნა რეალური საფრთხე

პირველი არხი

გირჩის ლიდერის, იაგო ხვიჩიას აზრით, 5 ივლისს თბილისი პრაიდის კონტრაქციაზე პუტინისტური ჯგუფების ლიდერებისა და სასულიერო პირების ძალადობრივი მოწოდებები გამოხატვის თავისუფლება იყო. ხვიჩია ამბობს, რომ სამყაროში არ იცის მაგალითი, როდესაც გამოხატვის თავისუფლებამ – მოწოდებებმა მყისიერი და რეალური საფრთხე შექმნეს.

"გამოხატვის თავისუფლება ნიშნავს ყველაფრის თქმის უფლებას და არა ის, რომ გაუმარჯოს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ამას არ სჭირდება გამოხატვის თავისუფლება. გამოხატვის თავისუფლება სჭირდება ისეთი სიტყვების თქმის უფლებას, რომელიც არავის არ მოსწონს, ყველა აპროტესტებს, მაგრამ გამოხატვის თავისუფლება მაგიტომაა გამოხატვის თავისუფლება, რომ ეს დაიცვას.

ერთადერთი გამონაკლისი, რომელიც შეიძლება არსებობდეს გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებით არის თუ ეს გამოხატვის თავისუფლება ქმნის მყისიერ, რეალურ, იმ წუთიერ საფრთხეს. არა მხოლოდ იქ არ ქმნიდა [5 ივლისს], არამედ მე სამყაროში მაგალითი არ ვიცი, როდესაც გამოხატვის თავისუფლებამ შექმნა მყისიერი, იმ წუთიერი და რეალური საფრთხე". – თქვა ხვიჩიამ ფორმულას ეთერში.

ხვიჩიას თქმით, მას არ სჯერა, რომ 5 ივლისს ძალადობრივი ჯგუფების მიერ მოძრაობა სირცხვილიას ოფისის დარბევა და ოპერატორ ლექსო ლაშქარავას ცემა ორგანიზატორების მოწოდებების შედეგი იყო. მისი აზრით, ეს, შესაძლოა, წინასწარ ყოფილიყო დაგეგმილი. იაგო ხვიჩია თვლის, რომ ძალიან საშიშია მოწოდებების გამო ადამიანების დასჯა, რადგან დაუდგენელია, დანაშული მოწოდებამ გამოიწვია თუ ის დიდი ხნით ადრე იყო დაგეგმილი.

"წარმოიდგინეთ, რამდენი ადამიანი ყვირის რაღაცას. ის შედეგი, რომელიც დადგა, ჩვენ არ ვიცით, ამ მოწოდებამ აღაგზნო ეს ხალხი და ამიტომ გაექანნენ და 500 მეტრით ზემოთ გარბოდნენ, თუ მანამდე იყო ეს დაგეგმილი. მე არ მჯერა, რომ ეს მოწოდების გამო მოხდა.

[...] შენ თუ კურთხევას გასცემ მოწოდების გამო ადამიანების დაჭერაზე, როცა სისტემას მოუნდება, ნებისმიერ ისეთ სიტყვაზე, ნებისმიერ ისეთ ნათქვამზე, რომელიც არ მოეწონება სისტემას, ის ამას გააფორმებს როგორც მოწოდებას და ფიზიკურად ეს გახდება ადამიანების დასჯის წყარო". – თქვა ხვიჩიამ.


ღირსების მარში 5 ივლისს ვერ შედგა. მარშის არჩატარების გადაწყვეტილება Tbilisi Pride-ის ორგანიზატორებმა მას მერე მიიღეს, რაც ქალაქის ცენტრში ეკლესიის მიერ ორგანიზებულმა პუტინისტურმა ჯგუფებმა ათობით ადამიანზე იძალადეს, თავს დაესხნენ არასრულწლოვანებს, დაამტვრიეს ტექნიკა, დაშალეს პარლამენტის წინ გაშლილი ოპოზიციის კარვები, შეიჭრნენ და დაარბიეს სირცხვილიასა და თბილისი პრაიდის ოფისები.

პოლიციამ მოძალადეებს დაუსჯელად თარეშის შესაძლებლობა მისცა. მასშტაბური ძალადობას წინ უძღოდა ხელისუფლების წარმომადგენლებისა და საქართველოს საპატრიარქოს ძალადობის წამახალისებელი განცხადებები.  სახელმწიფომ სექსუალურ და გენდერულ უმცირესობებს და მხარდამჭერებს პირდაპირ უთხრა, რომ მათ არ დაიცავდა

პუტინისტურმა ჯგუფებმა და მათ შორის სასულიერო პირებმა რუსთაველის გამზირზე დილიდანვე დაიწყეს მობილიზება და თავიდანვე აგრესიულად იყვნენ განწყობილები. მათ სამიზნე აუდიტორია – ღირსების მარშის მონაწილეები – ვერსად იპოვეს და აგრესია ჟურნალისტებისკენ მიმართეს. ჯამში დაშავდა 50-ზე მეტი ჟურნალისტი. თავს დაესხნენ მათ შორის ტაბულას ჟურნალისტს, მაკო ჯაბუას, რომელსაც ძალადობრივი აქციის მონაწილემ რამდენჯერმე კეტი ჩაარტყაTV პირველის ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა, რომელსაც 5 ივლისს ორკებმა სასტიკად სცემეს, 11 ივლისს, დედამ გარდაცვლილი იპოვა.  შსს-მ გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. უწყება ამტკიცებს, რომ ლაშქარავას გვამიდან აღებულ ნიმუშებში ნარკოტიკი აღმოჩნდა და, შესაძლოა, ყოფილიყო ზედოზირება. 

მოგვიანებით დაჯგუფებებმა პარლამენტის წინ გადაინაცვლეს, სადაც თვეებია, ოპოზიციის მხარდამჭერები 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ და კარვებში ცხოვრობენ. პუტინისტურმა ჯგუფებმა კარვები დაარბიეს, დახიეს ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების დროშები და მათ ადგილას ჯვარი აღმართეს.

გარდა შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საპატრიარქოს გზავნილებისა, პუტინისტურმა ჯგუფებმა მწვანე შუქი პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისგანაც მიიღეს, რომელმაც თქვა, რომ პრაიდ კვირეულის ორგანიზატორების უკან "რადიკალური ოპოზიცია დგას სააკაშვილის მეთაურობით" და რომ "ასეთი ტიპის აქციები და ღონისძიებები, პირიქით, ხელს უწყობს მათი ნიშნით, ამ უმცირესობების წარმომადგენლების დისკრიმინაციას". 

სახალხო დამცველის შეფასებით, "ისედაც დაძაბული ფონი ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებამ გაამწვავა".  პრემიერმინისტრს შეთქმულების თეორიის გავრცელებაში არც ირაკლი კობახიძე ჩამორჩა და თქვა, რომ "პრაიდის მიზანი უმცირესობის დაცვა არ ყოფილა და მის უკან პოლიტიკური ინტერესები იდგა". 

საღამოს საერთო განცხადება გაავრცელეს საქართველოში ევროკავშირისა და აშშ-ს საელჩოებმა. მათ დაგმეს ძალადობრივი თავდასხმა სამოქალაქო აქტივისტებზე, საზოგადოების წევრებსა და ჟურნალისტებზე.

კომენტარები