5 ივლისის ძალადობა

სტრასბურგმა 5 ივლისის საქმეზე 16 ჟურნალისტის საჩივრის არსებითი განხილვა დაიწყო – საია

ტაბულა

საქართველოს ახლგაზრდა იურისტთა ასოციაციის ინფორმაციით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საიას მიერ მედიის 16 წარმომადგენლის სახელით გასაჩივრებული საქმის არსებითი განხილვა დაიწყო. საჩივარი პუტინისტი მოძალადეების მიერ ჩადენილ 2021 წლის 5 ივლისის ძალადობას ეხება. ორგანიზაციის განცხადებით, საგულისხმოა, რომ საჩივრის გაგზავნიდან (2022 წლის 4 ნოემბერი) არსებითი განხილვის ეტაპის გადაწყვეტა სასამართლოს მიერ საკმაოდ შემჭიდროებულ დროში მოხდა.

"საჩივარში საია დავობს, რომ ხელისუფლებამ 2021 წლის 05 ივლისს ვერ მოახერხა ძალადობის თავიდან არიდება და შემდგომ მომხდარზე შესაბამისი რეაგირება, კერძოდ, სხვა ელემენტებს, შორის, სადავოდ არის გამხდარი 2021 წლის 05 ივლისს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დაგეგმილი ოპერაციისა და შემდგომ წარმოებული გამოძიების ეფექტიანობა, განსაკუთრებით სიძულვილის ჯგუფების ლიდერების/ორგანიზატორების პასუხისმგებლობის გამოკვეთის კუთხით. ამასთან, საჩივარში ყურადღება მახვილდება იმაზე, რომ მაღალი თანამდებობის პირთა მიერ გაკეთებულმა განცხადებებმა 05 ივლისს განვითარებულ მოველენებზე კატალიზატორის ფუნქცია შეასრულა. ამასთან, მომჩივნები, რომლებიც ძალადობას დაექვემდებარნენ, დავობენ, რომ ისინი დაზარალდნენ იმის გამო, რომ არიან მთავრობისადმი კრიტიკულად განწყობილი მედიის წარმომადგენლები და/ან ისინი ასოცირებულნი იყვნენ ჰომოფობიური ჯგუფების მიერ LGBT+ თემთან". – ნათქვამია საიას განცხადებაში.

ორგანიზაციის ცნობით, სტრასბურგის სასამართლომ საჩივარში სადავოდ გამხდარ ყველა მუხლთან დაკავშირებით დაუსვა შეკითხვა სახელმწიფოს, კერძოდ, არსებითი განხილვა ევროპული კონვენციის  მე-3 (წამების აკრძალვა), მე-10 (გამოხატვის თავისუფლება), მე-13 (სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლება) და მე-14 (დისკრიმინაციის აკრძალვა) მუხლებთან დაკავშირებით დაიწყო.

კითხვები, რომლებითაც სასამართლომ სახელმწიფოს მიმართა და პასუხის წარმოსადგენად ვადა 2023 წლის 09 მაისი განუსაზღვრა:

  1. ამოწურეს თუ არა მომჩივნებმა ეფექტიანი შიდასახელმწიფოებრივი საშუალებები თავიანთ საჩივრებთან დაკავშირებით, როგორც ამას მოითხოვს კონვენციის 35-ე მუხლის 1-ლი პუნქტი?
  2. 2021 წლის 5 ივლისის მოვლენების დროს, შეასრულეს თუ არა შესაბამისმა სახელმწიფო ორგანოებმა კონვენციის მე-3 მუხლით გათვალისწინებული პოზიტიური ვალდებულებები, მიეღოთ პრევენციული ზომები, რომლებიც მიზნად ისახავდა განმცხადებლების დაცვას კერძო პირების თავდასხმებისგან? გაამწვავა თუ არა პრაიდის მარშთან დაკავშირებით ხელისუფლების განცხადებებმა 2021 წლის 5 ივლისს მომხდარი ძალადობა? 
  3. ჩაატარეს თუ არა კომპეტენტურმა შიდასახელმწიფოებრივმა ორგანოებმა ეფექტიანი გამოძიება არასათანადო მოპყრობისა და პოლიციის დაცვის არარსებობის შესახებ მომჩივნების ბრალდებებზე, კონვენციის მე-3 მუხლის პროცედურული ვალდებულებების შესაბამისად, მათ შორის ძალადობრივი ინციდენტების სავარაუდო წამქეზებლებთან მიმართებაში?
  4. იყო თუ არა წინამდებარე საქმეში გასაჩივრებული ძალადობრივი ქმედებები განმცხადებლების ჟურნალისტურ საქმიანობასთან დაკავშირებული? შეასრულა თუ არა მთავრობამ კონვენციის მე-10 მუხლით გათვალისწინებული თავისი პოზიტიური   ვალდებულებები, როგორც ეს განსაზღვრულია სასამართლოს მიერ (იხ. Uzeyir Jafarov v. Azerbaijan, no. 54204/08, § 68, 2015 წლის 29 იანვარი)? 
  5. მომჩივნების საჩივრების გათვალისწინებით, რომ თავდასხმა მოტივირებული იყო LGBT+ თემისა და მის მხარდამჭერებად დანახულ პირთა მიმართ სიძულვილით, დაირღვა თუ არა კონვენციის მე-14 მუხლი, რომელიც იკითხება კონვენციის მე-3 და მე-10 მუხლებთან ერთობლიობაში?
  6. ხელი მიუწვდებოდათ თუ არა მომჩივნებს ეფექტიანი შიდასახელმწიფოებრივი საშუალებისთვის თავიანთ საჩივრებთან დაკავშირებით, როგორც ამას მოითხოვს კონვენციის მე-13 მუხლი?

საქართველოს ხელისუფლებას ჯერ კიდევ არ დაუკავებია 5 ივლისის ძალადობრივი მოვლენების მთავარი ორგანიზატორები. 2021 წელს Tbilisi Pride-ის მიერ ორგანიზებული ღირსების მარში 5 ივლისს ვერ შედგა. მარშის არჩატარების გადაწყვეტილება Tbilisi Pride-ის ორგანიზატორებმა მას მერე მიიღეს, რაც ქალაქის ცენტრში ეკლესიის მიერ ორგანიზებულმა პუტინისტურმა ჯგუფებმა ათობით ადამიანზე, მათ შორის ჟურნალისტებზე იძალადეს, თავს დაესხნენ არასრულწლოვანებს, დაამტვრიეს ტექნიკა, დაშალეს პარლამენტის წინ გაშლილი ოპოზიციის კარვები, შეიჭრნენ და დაარბიეს სირცხვილიასა და თბილისი პრაიდის ოფისები.

მასშტაბური ძალადობას წინ უძღოდა ხელისუფლების წარმომადგენლებისა და საქართველოს საპატრიარქოს ძალადობის წამახალისებელი განცხადებები. სახელმწიფომ სექსუალურ და გენდერულ უმცირესობებს და მხარდამჭერებს პირდაპირ უთხრა, რომ მათ არ დაიცავდა. პუტინისტურმა ჯგუფებმა და მათ შორის სასულიერო პირებმა რუსთაველის გამზირზე დილიდანვე დაიწყეს მობილიზება და თავიდანვე აგრესიულად იყვნენ განწყობილები.  მათ სამიზნე აუდიტორია – ღირსების მარშის მონაწილეები – ვერსად იპოვეს და აგრესია ჟურნალისტებისკენ მიმართეს. ჯამში დაშავდა 53 ჟურნალისტი.

კომენტარები