პრაიდის კვირეული

საელჩოები: ვგმობთ ძალადობას, მოვუწოდებთ ქვეყნის ლიდერებს, დაუყოვნებლივ დაიცვან ადამიანები

ტაბულა

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, აშშ-ის, ავსტრიის, ბულგარეთის, ესტონეთის, ფინეთის, საფრანგეთის, გერმანიის, საბერძნეთის, ირლანდიის, ისრაელის, იტალიის, ლატვიის, ლიტვის, ნიდერლანდების, ნორვეგიის, ესპანეთის, შვედეთის, გაერთიანებული სამეფოს საელჩოები, გაეროს სისტემა საქართველოში და ევროკავშირის წარმომადგენლობა ერთობლივ განცხადებას ავრცელებს თბილისში, ღირსების მარშის კონტრაქციაზე პუტინისტური ჯგუფების ძალადობასთან დაკავშირებით.

"ჩვენ ვგმობთ დღევანდელ ძალადობრივ თავდასხმებს სამოქალაქო აქტივისტებზე, საზოგადოების წევრებსა და ჟურნალისტებზე და ასევე ხელისუფლების ლიდერებისა და სასულიერო პირების მხრიდან ამ ძალადობის არდაგმობას.

მშვიდობიან შეკრებაში მონაწილეობის უფლება გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციით. ძალადობა, უბრალოდ, მიუღებელია და მას გამართლება არ აქვს. ის, ვინც აქეზებს ან იმუქრება ძალადობის ჩადენით, ან სჩადის ძალადობრივ ქმედებას, ხელს უშლის საქართველოს სამართალდამცველებს მშვიდი და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფაში.

ისინი სასამართლოს წინაშე უნდა წარსდგნენ კანონის სრული უზენაესობის დაცვით. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ყველა ლიდერს და სამართალდამცავ უწყებებს იმოქმედონ დაუყოვნებლივ და დაიცვან ის ადამიანები, რომლებიც სარგებლობენ შეკრებისა და გამოხატვის კონსტიტუციური უფლებებით, დაიცვან ჟურნალისტები, რომლებიც მოქმედებენ თავისუფალი პრესის პრინციპების მიხედვით, და საჯაროდ დაგმონ ძალადობა". – ნათქვამია განცხადებაში.

5 ივლისის დილიდან რუსთაველის გამზირზე პუტინისტური ჯგუფები შეიკრიბნენ, ადგილზე მივიდნენ სასულიერო პირებიც, მათ შორის პატრიარქის ქორეპისკოპოსი, მეუფე იაკობი. ისინი ღირსების მარშის ჩაშლას აანონსებდნენ.

პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე თქვა, რომ პრაიდის გამართვა მიზანშეწონილი არ არის. ამის შემდეგ,  პუტინისტურმა ჯგუფებმა ოპოზიციის კარვები დაარბიეს, ჟურნალისტებს სცემეს, სირცხვილიას და თბილისი პრაიდის ოფისებში შევარდნენ. მოძალადეები ახლაც ქალაქის ქუჩებში დადიან, მანქანებს ქვებს ესვრიან, მათ გაეროს ოფისში შეჭრაც სცადეს.

პოლიციას ამ დრომდე არავინ დაუკავებია. გამოძიება ძალადობის, ჟურნალისტების საქმიანობაში ხელის შეშლის და სხვისი ნივთის დაზიანების ფაქტებზე დაიწყო.

პუტინისტური ჯგუფების და საპატრიარქოს ქმედებების გამო, თბილისი პრაიდის დასკვნითი ღონისძიება – ღირსების მარში დღეს აღარ გაიმართება. მათი შეფასებით, "ქვეყნის ხელისუფლების დღევანდელმა მოქმედებებმა, კიდევ ერთხელ, მკაფიოდ დაგვანახა, რომ პოლიტიკურ ხელისუფლებას არ სურს აღასრულოს მისი პირდაპირი მოვალეობა".

კომენტარები