ჟურნალისტებზე ძალადობა

შსს: ლაშქარავას გვამიდან აღებულ ნიმუშებში ნარკოტიკი აღმოჩნდა, შესაძლოა, ყოფილიყო ზედოზირება

ლექსო ლაშქარავა
TV პირველი

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, "ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ლექსო ლაშქარავას გვამიდან აღებულ ნიმუშებში აღმოჩნდა ნარკოტიკული საშუალებები - მორფინი, კოდეინი, ტეტრაჰიდროკანაბინოლი, გაბაპენტინი და მონოაცეტინმორფინი". 

"ექსპერტიზის მიხედვით, გარდაცვალების მიზეზი, შესაძლოა, გამხდარიყო აღნიშნული საშუალებებით ზედოზირება, უნდა აღინიშნოს, რომ ეს დასკვნა არის შუალედური". –განაცხადეს შსს-ში საგანგებო ბრიფინგზე.

უწყების მტკიცებით, ალექსანდრე ლაშქარავამ გარდაცვალების წინა დღეს ბახტრიონის ქუჩაზე მდებარე აფთიაქში იყიდა ფსიქოტროპული პრეპარატები და ერთჯერადი შპრიცები. შსს ასევე ირწმუნება, რომ ლაშქარავამ მეგობართან ერთად ნარკოტიკი იყიდა და მოიხმარა, რის შემდეგაც ორჯერ გახდა ცუდად.

"ეს დასტურდება საქმეში არსებული მტკიცებულებებით". – აცხადებს შსს. 

TV პირველის ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა, რომელიც 5 ივლისს ორკებმა სასტიკად სცემეს, 11 ივლისს, დედამ გარდაცვლილი იპოვა.  შსს-მ გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. 

ლაშქარავას გარდაცვალებასთან დაკავშირებით პარლამენტთან გამართული აქციის ორგანიზატორები პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილის, მთავრობისა და სუს-ის ხელმძღვანელის გადადგომას მოითხოვენ. 

TV პირველის გადამღებ ჯგუფზე ძალადობის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ხუთი ორკი ჰყავს დაკავებული. ჟურნალისტ მირანდა ბაღათურიას თქმით, მათ ოცამდე მოძალადე სცემდა.

კომენტარები