პრაიდის კვირეული

ომბუდსმენი პრაიდზე: ისედაც დაძაბული ფონი ღარიბაშვილის განცხადებამ გაამძაფრა

საქართველოს სახალხო დამცველი უკიდურესად შემაშფოთებლად მიიჩნევს ამ წუთებში რუსთაველის გამზირზე  და მოძრაობა სირცხვილიას ოფისთან მიმდინარე ძალადობრივ მოვლენებს. მედიის მიერ გავრცელებულ კადრებში ნათლად ჩანს, თუ როგორ ესხმიან თავს ძალადობრივი ჯგუფები ღირსების მარშის მხარდამჭერებსა და ჟურნალისტებს. შექმნილი გარემო რეალურ საფრთხეს უქმნის მედიის წარმომადგენლების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას და იწვევს ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელების შეფერხებას.

პასუხისმგებლობის მშვიდობიან დემონსტრანტებზე გადატანით, ისედაც დაძაბული ფონი გაამძაფრა, ასევე, საქართველოს პრემიერმინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებამ, რომელმაც ღირსების მარში სამოქალაქო დაპირისპირების გამომწვევ მიზეზად შეაფასა და აღნიშნა, რომ პრაიდის უკან "რევანშისტული და რადიკალური“ პოლიტიკური ძალები დგანან.

სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ შეახსენებს მაღალი თანამდებობის პირებს, რომ მშვიდობიანი გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების დაცვა, მათ შორის, კონტრდემონსტრანტების ძალადობრივ ქმედებებზე სამართლებრივი რეაგირების გზით, სახელმწიფოს კონსტიტუციური ვალდებულებაა და მოუწოდებს სამართალდამცავ ორგანოებს, სამართლებრივი მექანიზმების გამოყენებით, სავარაუდო სამართალდამრღვევი პირები საჯარო სივრცეებს დროულად განარიდონ.

სახალხო დამცველი მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, აღკვეთოს საჯარო სივრცეში მიმდინარე ძალადობა, რაც საფრთხეს უქმნის მოქალაქეთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. ასევე, სამართლებრივი რეაგირება მოახდინონ ფიზიკური თავდასხმების და  სიტყვიერი შეურაცხყოფის  ფაქტებზე

სახალხო დამცველი ღირსების მარშის კონტრაქციის შესახებ განცხადებას ავრცელებს. პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე თქვა, რომ პრაიდის გამართვა მიზანშეწონილი არ არის. ამის შემდეგ, რუსთაველის გამზირზე პუტინისტურმა ჯგუფებმა ოპოზიციის კარვები დაარბიეს, ჟურნალისტებს სცემეს, სირცხვილიას და თბილისი პრაიდის ოფისებში შევარდნენ.

კომენტარები