5 ივლისის ძალადობა

ბოკერია პუტინისტებზე: ხელშეუხებელნი არიან, რეჟიმი მათზე დაყრდნობით ინარჩუნებს ძალაუფლებას

ევროპული საქართველო

ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, გიგა ბოკერია 5 ივლისის საქმეზე დაკავებული პუტინისტი ორკებისთვის სასჯელის შემცირებას ეხმაურება. ბოკერიას სიტყვებით, ივანიშვილის რეჟიმის პირობებში ისინი ხელშეუხებელნი არიან, რადგან ქართული ოცნება ძალაუფლებას მათზე დაყრდნობით ინარჩუნებს.  

"ერთი საკითხია შემსრულებლების, დანაშაულის ჩამდენი ჯარისკაცების არასათანადო დასჯა. მათ ბრალდება თავიდანვე არასწორი მუხლით ჰქონდათ წარდგენილი, უფრო მძიმე მუხლი უნდა ყოფილიყო. ახლა კიდევ უფრო შეუმსუბუქეს და ალბათ კიდევ შეუმსუბუქებენ. მთავარი საკითხია, რომ ივანიშვილის რეჟიმის ამ პუტინისტური ნაწილის ორგანიზატორები და ლიდერები საჯაროდ სრულიად ხელშეუხებელნი არიან.   

ეს იგივე ხალხია, რომელიც პუტინს საჯაროდ გულშემატკივრობს უკრაინის, ანუ საქართველოს წინააღმდეგ. ეს ხალხი სრულიად ხელშეუხებელია. ამიტომ, თუ ვინმეს კიდევ დარჩა რაიმე ილუზია ამ რეჟიმის სახეზე, ამით მაინც უნდა მიხვდეს, რომ ივანიშვილის სახე არის პუტინისტური პროპაგანდა, განწყობა და სულისკვეთება, რადგან მათ ეყრდნობა საკუთარი ძალაუფლების შესანარჩუნებლად ჩვენი ქვეყნის მომავლის ხარჯზე". - ამბობს გიგა ბოკერია. 

დღეს, 16 იანვარს სააპელაციო სასამართლომ 5 ივლისის საქმეზე დაკავებულ 6 მოძალადეს სასჯელი შეუმცირა. სასამართლომ 2021 წლის 5 ივლისის ძალადობრივი მოვლენების დროს ჟურნალისტებზე, მათ შორის, TV პირველის გარდაცვლილ ოპერატორზე, ლექსო ლაშქარავასა და ჟურნალისტ მირანდა ბაღათურიაზე თავდამსხმელ პუტინისტებს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობისა და ორგანიზების ბრალდება მოუხსნა, ხოლო ძალადობის მუხლებში დამნაშავედ ცნო.  

დავით კუტალაძეს, აკაკი ნაკაშიძეს, თორნიკე დავლაშერიძეს, ოთარ გელაშვილს, ცოტნე ჩიხლაძეს და გია გიგუაშვილს სასამართლომ 4-4-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. არცერთი დაკავებული ბრალს არ აღიარებს.

კომენტარები