პრაიდის კვირეული

კობახიძე: Pride-ს მიზანი არ იყო ვინმეს უფლებების დაცვა, მის უკან იდგა პოლიტიკური ინტერესები

ძალადობას, განსაკუთრებით ჟურნალისტების წინააღმდეგ, არ აქვს არანაირი გამართლება. თითოეული ასეთი ფაქტი მკაცრ სამართლებრივ რეაგირებას საჭიროებს.

გვესმის, რომ ვითარების მართვა რთულია ობიექტური გარემოებების, მათ შორის, აქციის მონაწილეთა რაოდენობის გამო, თუმცა, მოვუწოდებთ სამართალდამცავ ორგანოებს, გააკეთონ მაქსიმუმი ძალადობის აღსაკვეთად და ვითარების დეესკალაციისთვის.

ვაფრთხილებდით ორგანიზატორებს, რომ მათ დაგეგმილ აქციას შეიძლებოდა გამოეწვია მოწინააღმდეგეთა აგრესია და ვითარების ესკალაცია. სწორედ ამ გარემოებების გამო მოვუწოდებდით მათ, თავი შეეკავებინათ აქციის ორგანიზებისკენ, ამისკენ მოუწოდა მათ დღეს პრემიერმინისტრმაც.

ფაქტია, რომ პრაიდის  რეალური მიზანი იყო არა ვინმეს უფლებების დაცვა, არამედ მის უკან იდგა სუბიექტური პოლიტიკური ინტერესები. ის, რაც დღეს ხდება თბილისში, არის მხოლოდ პრაიდის უკან მდგომი რადიკალური ოპოზიციის, ნაციონალური მოძრაობის და მისი პარტნიორი პარტიების ინტერესებში

განაცხადა ქართული ოცნების თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე. დილიდან რუსთაველის გამზირზე პუტინისტური ჯგუფები შეიკრიბნენ, ადგილზე მივიდნენ სასულიერო პირებიც, მათ შორის პატრიარქის ქორეპისკოპოსი, მეუფე იაკობი. პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე თქვა, რომ პრაიდის გამართვა მიზანშეწონილი არ არის. ამის შემდეგ,  პუტინისტურმა ჯგუფებმა ოპოზიციის კარვები დაარბიეს, ჟურნალისტებს სცემეს, სირცხვილიას და თბილისი პრაიდის ოფისებში შევარდნენ. მოძალადეები ახლაც ქალაქის ქუჩებში დადიან, მანქანებს ქვებს ესვრიან, მათ გაეროს ოფისში შეჭრაც სცადეს. პოლიციამ არავინ დაუკავებია.

პუტინისტური ჯგუფების და საპატრიარქოს ქმედებების გამო, თბილისი პრაიდის დასკვნითი ღონისძიება – ღირსების მარში დღეს აღარ გაიმართება. მათი შეფასებით, "ქვეყნის ხელისუფლების დღევანდელმა მოქმედებებმა, კიდევ ერთხელ, მკაფიოდ დაგვანახა, რომ პოლიტიკურ ხელისუფლებას არ სურს აღასრულოს მისი პირდაპირი მოვალეობა".

კომენტარები