ავღანეთი

თალიბანმა ახალი მთავრობა დაადგინა, პოლიტიკური ლიდერი მოლა ჰასან ახუნდი იქნება

მოლა ჰასან ახუნდი

თალიბანმა ავღანეთის ახალი მთავრობა დაადგინა. თალიბანის მმართველობის ქვეშ, ავღანეთს მოლა ჰასან ახუნდი გაუძღვება.

ის დაჯგუფების დამაარსებლის, მოლა ომარის ნაცნობი იყო. ამას გარდა 1996-2001 წლებში, როდესაც ავღანეთს თალიბანის მთავრობა აკონტროლებდა, ის ჯერ  საგარეო საქმეთა მინისტრად, შემდეგ კი პრემიერმინისტრის მოადგილედ დანიშნეს. ამას გარდა, ის უძღვებოდა დაჯგუფების რეჰბარი შურას – დაჯგუფების გადაწყვეტილებების მიმღებ ორგანოს. 

ხმები, იმის შესახებ, რომ ავღანეთის ახალ მთავრობას მოლა აბდულ ღანი ბარადარი გაუძღვებოდა, ბოლომდე არ გამართლდა, თუმცა ის დაინიშნა მოლა ჰასან ახუნდის მოადგილედ. 

შინაგან საქმეთა მინისტრად დაინიშნა სირაჯუდდინ ჰაკანი, ჰაკანის ქსელის მეთაური, რომელიც აშშ-ს FBI-ის ძებნილთა სიაშია. მას კავშირი აქვს ტერორისტულ დაჯგუფება ალ-კადიასთან.

თალიბანის დამაარსებლის, მოლა ომარის შვილი თავდაცვის მინისტრად დაინიშნა. 

იუსტიციის მინისტრის პოზიცია დაიკავა აბდულ ჰაკიმ ჰაკანიმ (იშიკზაი), რომელიც 2020 წელს თალიბანის მოლაპარაკებების ჯგუფის მეთაურად იყო დანიშნული და ჰაიბათულაჰ ახუნდზადას ერთ-ერთ უახლოეს და სანდო პირად ითვლება.

ჯერჯერობით უცნობია, თუ მთავრობაში რა როლს შეასრულებს დაჯგუფების უმაღლესი ლიდერი, ჰაიბათულაჰ ახუნდზადა, რომელზეც ვარაუდობდნენ, რომ ქვეყნის რელიგიური ლიდერი იქნებოდა. 

თეთრი სახლის სპიკერმა, ჯენ ფსაკიმ თქვა, რომ აშშ ჯერჯერობით თალიბანის მთავრობის აღიარებას არ აპირებს.


აშშ-ს ავღანეთში შეჭრიდან თითქმის 20 წლის შემდეგ ქვეყნის ხელისუფლება კვლავ თალიბანის ხელში ჩავარდა. დაჯგუფებამ ქვეყანა ავღანეთის ისლამურ საამიროდ გამოაცხადა. მათი თქმით, ავღანეთში ომი დასრულდა.

დაჯგუფებამ ელვის სისწრაფით დაიკავა ქვეყნის მნიშვნელოვანი ქალაქები და საბოლოოდ ქაბულის შემოგარენსაც მიადგა. ქაბული დაჯგუფებას უბრძოლველად ჩაბარდა. ავღანეთის პრეზიდენტმა, აშრაფ ღანიმ ქვეყანა დატოვა, მის სასახლეში კი თალიბები შევიდნენ.

დაჯგუფებასთან ახალი მთავრობის ფორმირებისთვის მოლაპარაკებებს მართავენ ავღანეთის 2001-2014 წლებში მოქმედი პრეზიდენტი, ჰამიდ კარზაი და წინა მთავრობის წარმომადგენელი, აბდულა აბდულა.

პარალელურად, ქვეყნის ყოფილმა ვიცეპრეზიდენტმა, ამრულაჰ სალეჰმა თალიბანის წინააღმდეგობის მოძრაობის დაწყება გადაწყვიტა და პანჯშირის რეგიონში ჩავიდა. მის წინააღმდეგობას უერთდება აჰმად მასუდი, თალიბანის დაუძინებელი მტრის, აჰმად შაჰ მასუდის შვილი.

ვითარება გართულდა 26 აგვისტოს ქაბულის აეროპორტში მომხდარი ტერაქტის შემდეგ, რომელსაც 200-მდე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მომხდარზე პასუხისმგებლობა აშშ-სა და თალიბანის საერთო მტერმა, ე.წ. ისლამური სახელმწიფოს ხორასნის პროვინციამ (ISIS-K) აიღო.

აშშ-მ ავღანეთი შეთანხმებულ ბოლო ვადამდე, 31 აგვისტომდე დატოვა. შესაძლებელი გახდა 122 000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია.

თალიბანმა და აშშ-მ შეთანხმება 2020 წლის თებერვალში, ტრამპის ადმინისტრაციის დროს გააფორმეს. შეთანხმების მიხედვით, იწყებოდა შიდაავღანური მოლაპარაკებები, აშშ-ს კი გაჰყავდა ჯარები. ჯარების გაყვანის ბოლო ვადა 2021 წლის 1-ელი მაისი იყო. მას შემდეგ, რაც აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გახდა, მან განაგრძო ჯარების გაყვანის პროცესი. ბოლო ვადა ჯერ 11 სექტემბრამდე გადაიდო, შემდეგ კი ითქვა, რომ ავღანეთს აშშ-ს ძალები 31 აგვისტოსთვის დატოვებდნენ.

კომენტარები