ავღანეთი

REUTERS: ავღანეთის ახალ მთავრობას თალიბანის თანადამაარსებელი, მოლა ბარადარი გაუძღვება

თალიბანის ერთ-ერთი დამაარსებელი და პოლიტიკური ფრთის ლიდერი, მოლა აბდულ ღანი ბარადარი

გამოცემა Reuters-ი საკუთარ ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ ავღანეთის ახალ მთავრობას, რომლის გამოსაცხადებლადაც თალიბანი ბოლო რამდენიმე დღე ემზადება, გაუძღვება დაჯგუფების ერთ-ერთი დამაარსებელი და პოლიტიკური ფრთის ლიდერი, მოლა აბდულ ღანი ბარადარი. დაჯგუფება ახალ მთავრობას მალე გამოაცხადებს.

გამოცემის ცნობით, მათ სამმა წყარომ აცნობა, რომ ბარადარის მთავრობას შეუერთდებიან და მაღალ თანამდებობებს დაიკავებენ თალიბანის სხვა ცნობილი მაღალი რანკის წევრები, მოლა მუჰამედ იაკუბი, თალიბანის დამაარსებლისა და ბარადარის მეგობრის, მოლა ომარის შვილი, ასევე შერ მუჰამედ აბას სტანიკზაი, რომელიც მონაწილეობას იღებდა კატარში, დოჰაში გამართულ სამშვიდობო მოლაპარაკებებში. 

"მაღალი რანკის ყველა ლიდერი ქაბულშია, სადაც მზადებას მალე დაასრულებენ და ახალ მთავრობას გამოაცხადებენ" – თქვა Reuters-თან თალიბანის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ანონიმურად.

თალიბანიდან კიდევ ერთი ანონიმური წყაროს ცნობით, რელიგიურ საკითხებსა და ისლამის ჩარჩოში მმართველობას გაუძღვება დაჯგუფების უმაღლესი ლიდერი, ჰაიბათულაჰ ახუნდზადა.

ახალი მთავრობის პრიორიტეტული პრობლემა უნდა იყოს ეკონომიკა, რომლის მალე ჩამოშლასაც ვარაუდობენ. ის, თუ რამდენად შეძლებს თალიბანი ავღანეთის ეფექტურ მართვას, დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ გადაჭრის ის ეკონომიკურ პრობლემებს, როგორ გაუმკლავდება მოწინააღმდეგე შეიარაღებულ ჯგუფებს, მათ შორის ე.წ. ისლამური სახელმწიფოს ხორასნის პროვინციას, როგორ მოაგვარებს საქმეს პანჯშირში არსებულ წინააღმდეგობასთან.

მთავრობის გამოცხადების პარალელურად, მასშტაბური შეტაკებები მიმდინარეობს პანჯშირის ხეობაში თალიბებსა და ავღანეთის ეროვნული წინააღმდეგობის ფრონტის მებრძოლებს შორის. 


ვინ არის მოლა აბდულ ღანი ბარადარი?

მოლა აბდულ ღანი ბარადარი დაჯგუფების ერთ-ერთი დამფუძნებელია. ის თალიბანის მთავარი პოლიტიკური ფიგურაა. ბარადარი კატარში, დოჰაში გამართულ სამშვიდობო მოლაპარაკებებში თალიბანის მხარეს უძღვებოდა.

ბარადარი კანდაჰარის პროვინციაში იზრდებოდა, იქ, სადაც თალიბანი წარმოიქმნა. ინტერპოლის მიხედვით, ის 1968 წელს ურუზგანის პროვინციაში დაიბადა. ასევე ცნობილია, რომ ის დურანთა ტომის პოპალზაის შტოს წარმომადგენელია. ამავე შტოს ეკუთვნოდა 2001-2014 წლებში ავღანეთის პრეზიდენტი, ჰამიდ კარზაი.

აბდულ ღანი ბარადარი ავღანეთში ჯერ კიდევ საბჭოთა ჯარების წინააღმდეგ მოლა ომართან ერთად იბრძოდა. მას შემდეგ, რაც საბჭოთა ძალებმა ქვეყანა დატოვეს, სამოქალაქო ომი დაიწყო. ბარადარმა მოლა ომართან ერთად თალიბანი 1994 წელს დაარსა. დაჯგუფების შექმნისთანავე ბარადარი თალიბანის სამხედრო სტრატეგოსად და მხედართმთავრად მოიაზრებოდა. ასევე, ის განაგებდა დაჯგუფების ფინანსებს. 

“მისი ცოლი მოლა ომარის დაა. ის ფულს აკონტროლებდა. ჩვენი უსაფრთხოების ძალების წინააღმდეგ ის ერთ-ერთ ყველაზე მომაკვდინებელ თავდასხმებს გეგმავდა”. – ანონიმურად თქვა, BBC-სთან ღანი ბარადარის შესახებ ავღანეთის მთავრობის ოფიციალურმა პირმა.

როდესაც 2001 წელს აშშ-ს ძალებმა ავღანეთში თალიბანის რეჟიმი დაამხეს, მოლა ბარადარი თავდაცვის მინისტრის მოადგილე იყო. თალიბების ამბოხების დაწყების შემდეგ, ის დაჯგუფების მთავარ მაცოცხლებელ ფიგურად იქცა. 

მიიჩნევა, რომ ის იყო თალიბანის იმ მცირე ჯგუფის ნაწილიდან, რომელმაც 2001 წლის მარცხის შემდეგ ავღანეთის მთავრობას მოლაპარაკება შესთავაზა. 

2010 წლამდე მოლა ბარადარი საჯაროდ ნაკლებად ჩანდა. მაგრამ 2009 წელს მან თქვა, რომ თალიბანის მიზანი აშშ-სთვის რაც შეიძლება დიდი დანაკარგისა და ზიანის მიყენება იყო. ამას გარდა, დადო ფიცი, რომ ჯიჰადს იქამდე გააგრძელებდა, სანამ “მტერს საკუთარი მიწიდან არ განდევნიდნენ”. 

მოლა ბარადარი 2010 წელს პაკისტანში, ქალაქ კარაჩიში აშშ-სა და პაკისტანის ძალების ერთობლივი რეიდის დროს დააკავეს. ამ დროისთვის ის დაჯგუფებაში მოლა ომარის მარჯვენა ხელად და ყველაზე სანდო სამხედრო ლიდერად ითვლებოდა. 2018 წელს ის აშშ-ს თხოვნის საფუძველზე გაათავისუფლეს, რათა სამშვიდობო მოლაპარაკებებში მონაწილეობა მიეღო. 

2019 წელს ბარადარი კატარში თალიბანის “პოლიტიკური წარმომადგენლობის” მეთაურად დაინიშნა.  მას შემდეგ, რაც 2020 წელს თალიბანსა და აშშ-ს შორის ომის დასრულება გადაწყდა, მოლა ბარადარი გახდა თალიბანის პირველი ლიდერი, რომელიც აშშ-ს პრეზიდენტს უშუალოდ ესაუბრა. სატელეფონო საუბარი მასსა და დონალდ ტრამპს შორის 2020 წლის მარტში შედგა.

– ვინ რას წარმოადგენს თალიბანში – დაჯგუფების ლიდერები და მნიშვნელოვანი პირები


აშშ-ს ავღანეთში შეჭრიდან თითქმის 20 წლის შემდეგ ქვეყნის ხელისუფლება კვლავ თალიბანის ხელში ჩავარდა. დაჯგუფებამ ქვეყანა ავღანეთის ისლამურ საამიროდ გამოაცხადა. მათი თქმით, ავღანეთში ომი დასრულდა.

დაჯგუფებამ ელვის სისწრაფით დაიკავა ქვეყნის მნიშვნელოვანი ქალაქები და საბოლოოდ ქაბულის შემოგარენსაც მიადგა. ქაბული დაჯგუფებას უბრძოლველად ჩაბარდა. ავღანეთის პრეზიდენტმა, აშრაფ ღანიმ ქვეყანა დატოვა, მის სასახლეში კი თალიბები შევიდნენ.

დაჯგუფებასთან ახალი მთავრობის ფორმირებისთვის მოლაპარაკებებს მართავენ ავღანეთის 2001-2014 წლებში მოქმედი პრეზიდენტი, ჰამიდ კარზაი და წინა მთავრობის წარმომადგენელი, აბდულა აბდულა.

პარალელურად, ქვეყნის ყოფილმა ვიცეპრეზიდენტმა, ამრულაჰ სალეჰმა თალიბანის წინააღმდეგობის მოძრაობის დაწყება გადაწყვიტა და პანჯშირის რეგიონში ჩავიდა. მის წინააღმდეგობას უერთდება აჰმად მასუდი, თალიბანის დაუძინებელი მტრის, აჰმად შაჰ მასუდის შვილი.

ვითარება გართულდა 26 აგვისტოს ქაბულის აეროპორტში მომხდარი ტერაქტის შემდეგ, რომელსაც 200-მდე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მომხდარზე პასუხისმგებლობა აშშ-სა და თალიბანის საერთო მტერმა, ე.წ. ისლამური სახელმწიფოს ხორასნის პროვინციამ (ISIS-K) აიღო.

აშშ-მ ავღანეთი შეთანხმებულ ბოლო ვადამდე, 31 აგვისტომდე დატოვა. შესაძლებელი გახდა 122 000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია.

თალიბანმა და აშშ-მ შეთანხმება 2020 წლის თებერვალში, ტრამპის ადმინისტრაციის დროს გააფორმეს. შეთანხმების მიხედვით, იწყებოდა შიდაავღანური მოლაპარაკებები, აშშ-ს კი გაჰყავდა ჯარები. ჯარების გაყვანის ბოლო ვადა 2021 წლის 1-ელი მაისი იყო. მას შემდეგ, რაც აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გახდა, მან განაგრძო ჯარების გაყვანის პროცესი. ბოლო ვადა ჯერ 11 სექტემბრამდე გადაიდო, შემდეგ კი ითქვა, რომ ავღანეთს აშშ-ს ძალები 31 აგვისტოსთვის დატოვებდნენ.

კომენტარები