პოლიტიკური კრიზისი

"არცა ვყოფილვარ ლაჩარი, არცა ვყოფილვარ მშიშარა" – მურუსიძე შესაძლო სანქციებზე

თბილისის სააპელაციო სასამართლოს უვადო მოსამართლე, ლევან მურუსიძე, რომელიც ე.წ სასამართლო კლანის წევრია, ტელეკომპანია ფორმულას შეკითხვას მისთვის სანქციების შესაძლო დაწესებაზე ლექსით პასუხობს. 

"ზოგადად, არ ვიცი, კომენტარს ვერ გავაკეთებ, თქვენ პოეზია გიყვართ ზოგადად? ერთი ასეთი ლექსია: 

არცა ვყოფილვარ ლაჩარი, არცა ვყოფილვარ მშიშარა, 
ცხოვრებამ ოხერ-ტიალმა ბევრჯერაც მიმტრო, მიშარა,
თვალამღვრეული დავდივარ, მიშავ და არა მიშავ, რააო, გაიგეთ?" – თქვა ლევან მურუსიძემ სატელეფონო კომენტარში. 

მოსამართლე, რომელიც 2019 წელს მთაწმინდის შუალედური საპარლამენტო არჩევნების წინ ოპოზიციის საერთო კანდიდატს, შალვა შავგულიძეს სატელევიზიო გადაცემაში ედებატა, დღეს ამბობს, რომ ის კომენტარს ვერ გააკეთებს, ვინაიდან მოსამართლეა. 

"რა ვიცი, თუ დაწესდება სანქციები, მერე დამირეკეთ და პირადად მე რაც შემეხება, მერე გაგცემთ პასუხს. არ ვიცი ახლა, ვერ გეტყვით. კომენტარებს ვერ გავაკეთებ, მე ხომ მოსამართლე ვარ, ვიხილავ საქმეებს, შესაბამისად, პოლიტიკურ თემებზე არ შემიძლია გავაკეთო. არ ვარ საქმის ყურში, არ მეხება. რა ვქნათ?" – ამბობს მურუსიძე. 

31 აგვისტოს საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ საქართველო ევროკავშირისგან €75-მილიონიანი დახმარების მეორე ნაწილის სესხით სახის მიღებისგან თავს შეიკავებდა

მოგვიანებით ევროკავშირის განცხადებით ცნობილი გახდა, რომ პირობების ვერშესრულების გამო საქართველო ამ სესხს ვერც მიიღებდა. 

"საქართველომ ვერ შეძლო საკმარისად შეესრულებინა მაკროფინანსური დახმარების მიღების პირობა, კერძოდ, გაეზარდა სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა, ანგარიშვალდებულება და ხარისხი". – წერია განცხადებაში. 

განცხადებაში განსაკუთრებითაა აღნიშნული, რომ უზეანესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევა წარიმართა იმ საკანონმდებლო ცვლილებების მიღების გარეშე, რაც საჭირო იყო ვენეციის კომისიის რეკომენდაციებთან დაწესებული შესაბამისობისთვის.

"შერჩევის პროცესში არ იყო გარანტირებული თანაბარი პირობები კანდიდატებისთვის. ასევე არ იყო მიღებული კიდევ რამდენიმე საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც მიზნად ისახავდა სასამართლო სისტემის გამჭვირვალობის გაზრდას". – წერს ევროკავშირი.


საქართველოს მიერ ევროკავშირის დახმარებაზე უარის თქმამდე 2 კვირით ადრე ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა თქვა, რომ საქართველოს მთავრობამ უნდა აჩვენოს, რომ შეთანხმებების და რეფორმების დღის წესრიგის ერთგულია.

"პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან საუბარში ხაზგასმით აღვნიშნე, რომ რეფორმები საჭიროა. მაკროფინანსური დახმარების გაცემის თარიღი ახლოვდება და დროა, საქართველოს მთავრობამ აჩვენოს, რომ შეთანხმებების და რეფორმების დღის წესრიგის ერთგულია". – დაწერა შარლ მიშელი Twitter-ზე. ის საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს კიევში, ყირიმის პლატფორმის სამიტზე შეხვდა.

2020 წლის აპრილში ევროკომისიამ პანდემიით გამოწვეული სოციალური-ეკონომიკურ პრობლემებთან გასამკლავებლად პარტნიორებისთვის €3 მილიარდიანი მაკროფინანსური დახმარების პაკეტი მიიღო. პროგრამის ფარგლებში ევროკავშირმა საქართველოსთვის 150 მილიონი ევრო გამოყო კრედიტის სახით 15 წლის ვადით, რომლის განაკვეთიც 2% დამატებული Euribor-ია (ევრო ბანკთაშორისი განაკვეთი). დახმარების პირველი ნაწილი, 75 მილიონი ევრო საქართველომ 2020 წლის ნოემბერში მიიღო.

ევროკავშირის პირობების თანახმად, თუკი საქართველოს მთავრობა გაატარებდა საჭირო რეფორმებს სასამართლო სისტემის, მმართველობის, ფინანსური და ენერგეტიკული სფეროების მიმართულებით, მაშინ მაკროფინანსური პაკეტის სახით საქართველო ევროკავშირისგან დახმარების მეორე ნაწილს, 75 მილიონი ევროს 2021 წლის დასაწყისში მიიღებდა.

საქართველოში არსებული პოლიტიკური კრიზისი ფონზე ევროკავშირის დახმარების შეჩერების შესაძლებლობის შესახებ ევროპარლამენტარები წარსულში საუბრობდნენ. ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა თქვა, რომ მიშელის დოკუმენტის დარღვევის შემდეგ სერიოზულად განიხილება საქართველოსთვის მაკროფინანსური დახმარების შეჩერების საკითხი

ქართულმა ოცნებამ 28 ივლისს შარლ მიშელის შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა და შეეცადა, რომ ამაში ოპოზიცია დაედანაშაულებინა. როგორც ხელისუფლების წარმომადგენლებმა თქვეს, ვალდებულებების შესრულება მათ "კეთილ ნებაზე" იქნება დამოკიდებული. ეს იმას ნიშნავს, რომ ქართული ოცნება უარს ამბობს, 43%-ის ვერაღების შემთხვევაში დათანხმდეს ვადამდელი არჩევნების ჩატარებას, რაც შეთანხმებაზე ხელმომწერი ოპოზიციური პარტიებისთვის მთავარი მოტივაცია იყო.   

ოცნების მიერ შეთანხმების ანულირებას დასავლელი პარტნიორების კრიტიკა მოჰყვა. სენატის ოპერატიული ჯგუფის შეფასებით, საქართველოში განვითარებული მოვლენები რეფორმების ძალისხმევას ძირს უთხრის, ქვეყნის დემოკრატიის მარცხით კი მხოლოდ კრემლი ისარგებლებს. სენატორი რიშის შეფასებით, შეთანხმების დატოვება ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე უარის თქმაა. მისივე სიტყვებით, ოცნებას მხოლოდ საკუთარი მომავალი აღელვებს, არა – ქვეყნის. დევიდ კრამერი წერს, რომ ევროკავშირი თავს შეურაცხყოფილად უნდა გრძნობდეს, "რომ მოლაპარაკებებზე დრო დაკარგა". სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, ნედ პრაისის შეფასებით კი შეთანხმებიდან ოცნების გასვლა რეფორმებით წინსვლას ძირს უთხრის. 

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა ქართული ოცნების მიერ 19 აპრილის შეთანხმების ანულირებასთან დაკავშირებით განცხადება 29 ივლისს გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ ქართველ პოლიტიკოსებთან კონსულტაციებს იწყებს.  ევროპული საბჭოს პრეზიდენტი წერს, რომ 19 აპრილის შეთანხმება საუკეთესო გზაა რეფორმების გატარებისთვის და პარტიებს მოუწოდებს, წინ დააყენონ მოქალაქეთა ინტერესები.

კომენტარები