აშშ-ს რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი მადლობას უხდის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს იმისთვის, რომ აშშ-სთან ურთიერთობების გაუმჯობესების სანაცვლოდ მისი ადმინისტრაცია ქართული ოცნების მთავრობის მხრიდან "ქცევის შეცვლას" ითხოვს.
"ანტიამერიკული ქართული ოცნების რეჟიმი ხელს უწყობს ირანისა და ჩინეთის კომუნისტური პარტიის ბოროტმოქმედებას, რის პარალელურადაც უსამართლოდ აპატიმრებს თავის მოსახლეობას. მადლიერი ვარ, რომ პრეზიდენტი ტრამპი ამ გარიყული სახელმწიფოსგან ქცევის შეცვლას ითხოვს." – წერს კონგრესმენი უილსონი X-ზე.
მანამდე აშშ-ს წარმომადგენელთა პალატაში გამართული მოსმენისას სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა, რომ ქართული ოცნების მთავრობამ ტრამპის ადმინისტრაციას მიმართა კითხვით, თუ როგორ არის შესაძლებელი აშშ-სთან ურთიერთობების გაუმჯობესება, რის შემდეგაც, რუბიოს თქმით, აშშ-მ ქართულ მხარეს აცნობა, თუ რა ნაბიჯები უნდა გადადგან ამისთვის. მისი თქმით, აშშ იმედოვნებს, რომ ქართული ოცნება ტრაექტორიას შეიცვლის.
სახელმწიფო მდივანს კითხვით ჯო უილსონმა მიმართა: "პროირანული და ჩინეთის კომუნისტური პარტიის მიერ მხარდაჭერილი ქართული ოცნების მთავრობა, რომელიც არალეგიტიმურია, საფრთხეს უქმნის [რეგიონზე] ამერიკის წვდომას. საქართველოში გაყალბებული არჩევნები ჩატარდა. ამის გათვალისწინებით, ისინი ხელს უწყობენ [ირანის] ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსს და თავს არიდებენ თეირანზე შემოღებულ სანქციებს. თქვენი აზრით, რა უნდა გაკეთდეს, რათა გავუმკლავდეთ ქართული ოცნების მიერ ხელშეწყობილ სწრაფ რადიკალიზაციას საქართველოს რესპუბლიკაში."
"[...] საქართველოს რაც შეეხება – თქვენ მართალი ხართ – ჩვენ დაინტერესებულები ვართ ყველაფერი იმით, რაზეც ისაუბრეთ. მას შემდეგ მათ გარკვეული ნაბიჯები გადადგეს და მიგვანიშნეს, რომ აშშ-სთან ურთიერთობების გაუმჯობესება სურთ. ჩვენ მათ ვუთხარით, თუ რისი გაკეთებაა ამისთვის საჭირო. მივიღეთ პოზიტიური პასუხები და იმედი გვაქვს, რომ საქართველოს შემთხვევაში დღევანდელი ვითარებისგან განსხვავებულ ტრაექტორიას ვიხილავთ. ცხადია, გვესმის, რომ ყველაფერი, რაზეც ისაუბრეთ, ჩვენთვის წინასწარ არსებულ პრობლემებს წარმოადგენს. მათ გვკითხეს, რა არის საჭირო იმისთვის, რომ აშშ-სთან უკეთესი ურთიერთობები ჰქონდეთ, ჩვენ ვუპასუხეთ და იმედია, ამის საფუძველზე შევძლებთ მუშაობასა და არა მხოლოდ საქართველოსთან ურთიერთობების, არამედ მათი საქციელის გამოსწორებასაც." – თქვა მარკო რუბიომ კონგრესმენი უილსონის კითხვაზე პასუხის გაცემისას.





