ბელარუსის დიქტატორი, ალექსანდრ ლუკაშენკო უკრაინაში "ძალიან სერიოზულ" სამიზნეზე დარტყმით დაიმუქრა მას შემდეგ, რაც უკრაინის შეიარაღებული ძალების უპილოტო სისტემების ძალების მეთაურმა რობერტ "მადიარ" ბროვდიმ ბელარუსის მუქარების პასუხად თქვა, რომ უკრაინელმა სამხედროებმა უკვე განსაზღვრეს 500 სამიზნე ბელარუსის ტერიტორიაზე.
ბროვდიმ მანამდე ლუკაშენკო გააფრთხილა, რომ უკრაინელებს "თვალში არ მოხვდეს" და დაამატა, რომ ბელარუსში "პირველი 500 სამიზნე უკვე ფანქრითაა მონიშნული".
"მათ შესაძლოა, 500 სამიზნის იდენტიფიცირება შეძლეს – მადლობა ჩვენ, რომ მათთვის 500 სამიზნე გვაქვს – მაგრამ ჩვენ ერთი ძალიან სერიოზული სამიზნე გვაქვს, კონკრეტული კოორდინატებით, და ბელარუსთან ძალიან ახლოს. ეს მათაც ესმით." – განაცხადა ლუკაშენკომ.
ამას გარდა, ბელარუსის დიქტატორმა უკრაინელ სამხედროებს "საზარბაზნე ხორცი" უწოდა.
"ის 500 სამიზნეს ხედავს – ალბათ, თუ ბრმა არ არის, მეტსაც დაინახავს – მაგრამ მას უნდა ესმოდეს, რომ ჩვენ ვხედავთ, მეორე მხარეს, საზღვართან, ვინ დგას. ესენი არიან ხალხი, რომლებიც ქუჩიდან აიყვანეს, საწყალი უკრაინელები, და ე.წ. ტერიტორიული თავდაცვის სამხედროები,რომლებიც გუშინ მუშები, მანქანების ოპერატორები, კოლექტივის ფერმერები იყვნენ. ესენი რანაირი მებრძოლები არიან? ისინი არიან საზარბაზნე ხორცი." – თქვა ლუკაშენკომ.
მან ასევე "სისულელე" უწოდა ზელენსკის ნათქვამს, რომ რუსეთმა შესაძლოა, განმეორებით სცადოს უკრაინის წინააღმდეგ ომში ბელარუსის ჩათრევა. აპრილის თვეში უკრაინის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ უკრაინის საზღვართან, ბელარუსის მხარეს, "საკმაოდ უცნაური აქტივობა" შეინიშნებოდა და დაამატა, რომ უკრაინა საჭიროების შემთხვევაში საპასუხო ზომებს მიიღებს.
-
ზელენსკი: ჩვენ გვჯერა, რომ რუსეთი კიდევ ერთხელ შეეცდება ომში ბელარუსის ჩათრევას
-
ზელენსკის თქმით, ბელარუსის საზღვართან "უცნაურ აქტივობას" კიევი საჭიროებისამებრ უპასუხებს
"პრეზიდენტის სიტყვები – მომიტევოს ვლადიმირ ალექსანდროვიჩმა [ზელენსკი], მაგრამ სრული სისულელეა – და არმიის პოზიცია განსხვავდება. უკრაინის არმიას არ უნდა ბელარუსთან არანაირი ომი, ეს ზუსტად ვიცი, რადგან მათ ესმით, რომ ეს ფრონტის ხაზის დამატებით ათას კილომეტრს ნიშნავს." – განმარტა ლუკაშენკომ.




