ავღანეთი

ქაბულის აეროპორტში მყოფი აშშ-ს სამხედროების მიმართულებით რაკეტები ისროლეს

თალიბები ათვალიერებენ რაკეტის ჩამოვარდნის ერთ-ერთ წერტილს
The Times of Israel

აშშ-ს ავღანეთიდან გასვლის ბოლო ვადის მოახლოების პარალელურად, ქაბულის აეროპორტში მყოფი აშშ-ს ძალების მიმართულებით რაკეტები ისროლეს. შედეგად გააქტიურდა ამერიკული საჰაერო თავდაცვის სისტემა და შესაძლებელი გახდა 5 რაკეტის უვნებელყოფა. აეროპორტში ევაკუაციის მისია, რომელიც 15 აგვისტოს დაიწყო, გრძელდება.

რაკეტები ჩამოვარდა ქაბულის სხვადასხვა წერტილებში. უცნობია ინფორმაცია დაშავებულთა შესახებ. მომხდარზე პასუხისმგებლობა ე.წ. ისლამურმა სახელმწიფო აიღო.

აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ მათმა გენერლებმა აშშ-ს ძალების დასაცავად"ყველაფერი უნდა გააკეთონ".

გუშინ, 29 აგვისტოს აშშ-ს სამხედრო დრონმა დაბომბა ტერორისტთა მანქანა, რომელიც სავსე იყო ასაფეთქებლებით და მისი მძღოლი ტერაქტისთვის ემზადებოდა.

26 აგვისტოს ქაბულის აეროპორტთან დიდი აფეთქება მოხდა. ტერაქტს ორასამდე ადამიანი ემსხვერპლა. პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფებამ, ისლამური სახელმწიფოს ხორასნის პროვინციამ (ISIS-K) აიღო. აშშ-მ სამხედრო დრონით იერიში მიიტანა დაჯგუფების ერთ-ერთ წევრზე, რომელიც, როგორც ამბობენ, ტერაქტის დაგეგმვაში მონაწილეობდა.

ამ დროისთვის ქაბულის აეროპორტიდან 114 400 ადამიანის ევაკუაცია შეძლეს.


აშშ-ს ავღანეთში შეჭრიდან თითქმის 20 წლის შემდეგ ქვეყნის ხელისუფლება კვლავ თალიბანის ხელში ჩავარდა. დაჯგუფებამ ქვეყანა ავღანეთის ისლამურ საამიროდ გამოაცხადა. მათი თქმით, ავღანეთში ომი დასრულდა.

16 აგვისტოს ქაბულის აეროპორტში არასტაბილური ვითარება იყო, როდესაც ქალაქის მცხოვრებლები ქვეყნის დატოვებას თვითმფრინავებში შეღწევით ცდილობდნენ.

დაჯგუფებამ ელვის სისწრაფით დაიკავა ქვეყნის მნიშვნელოვანი ქალაქები და საბოლოოდ ქაბულის შემოგარენსაც მიადგა. ქაბული დაჯგუფებას უბრძოლველად ჩაბარდა. ავღანეთის პრეზიდენტმა, აშრაფ ღანიმ ქვეყანა დატოვა, მის სასახლეში კი თალიბები შევიდნენ.

დაჯგუფებასთან ახალი მთავრობის ფორმირებისთვის მოლაპარაკებებს მართავენ ავღანეთის 2001-2014 წლებში მოქმედი პრეზიდენტი, ჰამიდ კარზაი და წინა მთავრობის წარმომადგენელი, აბდულა აბდულა.

პარალელურად, ქვეყნის ყოფილმა ვიცეპრეზიდენტმა, ამრულაჰ სალეჰმა თალიბანის წინააღმდეგობის მოძრაობის დაწყება გადაწყვიტა და პანჯშირის რეგიონში ჩავიდა. მის წინააღმდეგობას უერთდება აჰმად მასუდი, თალიბანის დაუძინებელი მტრის, აჰმად შაჰ მასუდის შვილი.

ვითარება გართულდა 26 აგვისტოს ქაბულის აეროპორტში მომხდარი ტერაქტის შემდეგ, რომელსაც 200-მდე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მომხდარზე პასუხისმგებლობა აშშ-სა და თალიბანის საერთო მტერმა, ე.წ. ისლამური სახელმწიფოს ხორასნის პროვინციამ (ISIS-K) აიღო.

თალიბანმა და აშშ-მ შეთანხმება 2020 წლის თებერვალში, ტრამპის ადმინისტრაციის დროს გააფორმეს. შეთანხმების მიხედვით, იწყებოდა შიდაავღანური მოლაპარაკებები, აშშ-ს კი გაჰყავდა ჯარები. ჯარების გაყვანის ბოლო ვადა 2021 წლის 1-ელი მაისი იყო. მას შემდეგ, რაც აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გახდა, მან განაგრძო ჯარების გაყვანის პროცესი. ბოლო ვადა ჯერ 11 სექტემბრამდე გადაიდო, შემდეგ კი ითქვა, რომ ავღანეთს აშშ-ს ძალები 31 აგვისტოსთვის დატოვებდნენ.

კომენტარები