ავღანეთი

ქაბულის აეროპორტში აფეთქების შემდეგ, აშშ ISIS-K-ს დრონით ბომბავს

ქაბულის აეროპორტში მომხდარი აფეთქების შემდეგ, აშშ ისლამურ სახელმწიფოს დრონით ბომბავს. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. ამავე წყაროს მიხედვით, ლიკვიდირებულია ქაბულის აეროპორტში მომხდარი აფეთქების მთავარი არქიტექტორი.

"ყველა გარემოება მიუთითებს, რომ ლიკვიდირებულია ჩვენი მთავარი სამიზნე. სამოქალაქო მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ გვაქვს". - აცხადებს აშშ-ს სამხედრო.

აფეთქებას, რომელზეც პასუხისმგებლობა ე.წ. ისლამური სახელმწიფოს ხორასნის პროვინციამ (ISIS-K) აიღო, 100-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორისაა 13 ამერიკელი სამხედრო. დაშავებულთა რაოდენობა 200-ს აჭარბებს. 

პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ტერორისტულ დაჯგუფებას შურისძიებას დაჰპირდა.

ამ ეტაპისთვის ქაბულის აეროპორტიდან 100 000-მდე ადამიანის ევაკუაცია შეძლეს.


აშშ-ს ავღანეთში შეჭრიდან თითქმის 20 წლის შემდეგ ქვეყნის ხელისუფლება კვლავ თალიბანის ხელში ჩავარდა. დაჯგუფებამ ქვეყანა ავღანეთის ისლამურ საამიროდ გამოაცხადა. მათი თქმით, ავღანეთში ომი დასრულდა.

16 აგვისტოს ქაბულის აეროპორტში არასტაბილური ვითარება იყო, როდესაც ქალაქის მცხოვრებლები ქვეყნის დატოვებას თვითმფრინავებში შეღწევით ცდილობდნენ.

დაჯგუფებამ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ელვის სისწრაფით დაიკავა ქვეყნის მნიშვნელოვანი ქალაქები და საბოლოოდ ქაბულის შემოგარენსაც მიადგა. ქაბული დაჯგუფებას უბრძოლველად ჩაბარდა. ავღანეთის პრეზიდენტმა, აშრაფ ღანიმ ქვეყანა დატოვა, მის სასახლეში კი თალიბები შევიდნენ.

დაჯგუფებასთან ახალი მთავრობის ფორმირებისთვის მოლაპარაკებებს მართავენ ავღანეთის 2001-2014 წლებში მოქმედი პრეზიდენტი, ჰამიდ კარზაი და წინა მთავრობის წარმომადგენელი, აბდულა აბდულა.

როგორც ვარაუდობენ, თალიბანის მთავრობის მეთაური მოლა აბდულ ღანი ბარადარი იქნება.

პარალელურად, ქვეყნის ყოფილმა ვიცეპრეზიდენტმა, ამრულაჰ სალეჰმა თალიბანის წინააღმდეგობის მოძრაობის დაწყება გადაწყვიტა და პანჯშირის რეგიონში ჩავიდა. მის წინააღმდეგობას უერთდება აჰმად მასუდი, თალიბანის დაუძინებელი მტრის, აჰმად შაჰ მასუდის შვილი.

თალიბანმა და აშშ-მ შეთანხმება 2020 წლის თებერვალში, ტრამპის ადმინისტრაციის დროს გააფორმეს. შეთანხმების მიხედვით, იწყებოდა შიდაავღანური მოლაპარაკებები, აშშ-ს კი გაჰყავდა ჯარები. ჯარების გაყვანის ბოლო ვადა 2021 წლის 1-ელი მაისი იყო. მას შემდეგ, რაც აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გახდა, მან განაგრძო ჯარების გაყვანის პროცესი. ბოლო ვადა ჯერ 11 სექტემბრამდე გადაიდო, შემდეგ კი ითქვა, რომ ავღანეთს აშშ-ს ძალები 31 აგვისტოსთვის დატოვებდნენ.

კომენტარები