ავღანეთი

თალიბანმა ავღანეთიდან დოლარისა და ანტიკვარული ნივთების გატანა აკრძალა 

თალიბანის გადაწყვეტილებით, ავღანეთის ტერიტორიიდან ამერიკული დოლარისა და ანტიკვარული ნივთების გატანა აიკრძალა. 

შეზღუდვა ვრცელდება როგორც სახმელეთო, ასევე საჰაერო ტრანსპორტზეც. 

"ვუცხადებთ ყველა მოქალაქეს, რომ მკაცრად იკრძალება ავღანეთიდან დოლარისა და ანტიკვარიატის გატანა და შემოტანა. კონტრაბანდის აღმოჩენის შემთხვევაში, ამოღებული ნივთები კონფისკებული იქნება, მათი მფლობელები კი კანონის შესაბამისად დაისჯებიან". – წერია თალიბანის განცხადებაში. 

აღსანიშნავია, რომ ეკონომიკური ბლოკადის მიზნით, აშშ-ს მთავრობამ თალიბანის კონტროლის ქვეშ არსებული ავღანეთის ცენტრალური ბანკის აქტივები გაყინა, რომელთა საერთო ღირებულება 9.5 მილიარდ დოლარს აღწევს.

ავღანეთის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლის, აჯმალ აჰმადის განმარტებით, დოლარის გადარიცხვა და ტრანზაქციები შეწყდა, თალიბანის ნებისმიერი მცდელობა – გამოიყენოს ბანკის მატერიალური აქტივები, აშშ-ს მიერ დაბლოკილია.


აშშ-ს ავღანეთში შეჭრიდან თითქმის 20 წლის შემდეგ, ქვეყნის ხელისუფლება კვლავ თალიბანის ხელში ჩავარდა. დაჯგუფებამ ქვეყანა ავღანეთის ისლამურ საამიროდ გამოაცხადა. მათი თქმით, ავღანეთში ომი დასრულდა.

16 აგვისტოს ქაბულის აეროპორტში არასტაბილური ვითარება იყო, როდესაც ქალაქის მცხოვრებლები ქვეყნის დატოვებას თვითმფრინავებში შეღწევით ცდილობდნენ.

დაჯგუფებამ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ელვის სისწრაფით დაიკავა ქვეყნის მნიშვნელოვანი ქალაქები და საბოლოოდ ქაბულის შემოგარენსაც მიადგა. ქაბული დაჯგუფებას უბრძოლველად ჩაბარდა. ავღანეთის პრეზიდენტმა, აშრაფ ღანიმ ქვეყანა დატოვა, მის სასახლეში კი თალიბები შევიდნენ.

დაჯგუფებასთან ახალი მთავრობის ფორმირებისთვის მოლაპარაკებებს მართავენ ავღანეთის 2001-2014 წლებში მოქმედი პრეზიდენტი, ჰამიდ კარზაი და წინა მთავრობის წარმომადგენელი, აბდულა აბდულა.

როგორც ვარაუდობენ, თალიბანის მთავრობის მეთაური მოლა აბდულ ღანი ბარადარი იქნება.

პარალელურად, ქვეყნის ყოფილმა ვიცეპრეზიდენტმა, ამრულაჰ სალეჰმა თალიბანის წინააღმდეგობის მოძრაობის დაწყება გადაწყვიტა და პანჯშირის რეგიონში ჩავიდა. მის წინააღმდეგობას უერთდება აჰმად მასუდი, თალიბანის დაუძინებელი მტრის, აჰმად შაჰ მასუდის შვილი.

თალიბანმა და აშშ-მ შეთანხმება 2020 წლის თებერვალში, ტრამპის ადმინისტრაციის დროს გააფორმეს. შეთანხმების მიხედვით, იწყებოდა შიდაავღანური მოლაპარაკებები, აშშ-ს კი გაჰყავდა ჯარები. ჯარების გაყვანის ბოლო ვადა 2021 წლის 1-ელი მაისი იყო. მას შემდეგ, რაც აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გახდა, მან განაგრძო ჯარების გაყვანის პროცესი. ბოლო ვადა ჯერ 11 სექტემბრამდე გადაიდო, შემდეგ კი ითქვა, რომ ავღანეთს აშშ-ს ძალები 31 აგვისტოსთვის დატოვებდნენ.

კომენტარები