ავღანეთი

ეკონომიკური ბლოკადა: აშშ-მ ავღანეთის ცენტრალური ბანკის $9.5 მილიარდის აქტივები გაყინა

ჯო ბაიდენი

ეკონომიკური ბლოკადის მიზნით, აშშ-ს მთავრობამ ახლა უკვე თალიბანის კონტროლის ქვეშ არსებული ავღანეთის ცენტრალური ბანკის აქტივები გაყინა, რომელთა საერთო ღირებულება 9.5 მილიარდ დოლარს აღწევს. 

თალიბანი ისევ რჩება აშშ-ს მიერ სანქცირებულთა სიაში, რის გამოც, ავღანეთის ცენტრალური ბანკის კუთვნილებაში არსებული ყოველი მატერიალური აქტივი, რომელიც ინახება აშშ-ს ტერიტორიაზე ან ამერიკული საფინანსო ინსტიტუტების კონტროლის ქვეშ, დაჯგუფებისთვის მიუწვდომელი გახდა. 

ამ გადაწყვეტილებით ამერიკის მთავრობა ცდილობს, ხელი შეუშალოს თალიბანის ფინანსურად გაძლიერებას. 

ავღანეთის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლის, აჯმალ აჰმადის განმარტებით, დოლარის გადარიცხვა და ტრანზაქციები შეწყდა, თალიბანის ნებისმიერი მცდელობა – გამოიყენოს ბანკის მატერიალური აქტივები, აშშ-ს მიერ დაბლოკილია. 

ცენტრალური ბანკის კუთვნილი აქტივების უდიდესი ნაწილი აშშ-ში, ნიუ-იორკის ფედერალურ რეზერვში ინახებოდა, რაც ავღანეთში არსებული არასტაბილური მდგომარეობით იყო გამოწვეული. 


აშშ-ს ავღანეთში შეჭრიდან თითქმის 20 წლის შემდეგ, ქვეყნის ხელისუფლება კვლავ თალიბანის ხელში ჩავარდა. ისლამისტები საამიროს გამოცხადებისა და შარიათის კანონის დაწესებისთვის ემზადებიან. მათი თქმით, ავღანეთში ომი დასრულდა.

16 აგვისტოს ქაბულის აეროპორტში არასტაბილური ვითარება იყო, როდესაც ქალაქის მაცხოვრებლები ქვეყნის დატოვებას თვითმფრინავებში შეღწევით ცდილობდნენ.

დაჯგუფებამ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ელვის სისწრაფით დაიკავა ქვეყნის მნიშვნელოვანი ქალაქები და საბოლოოდ ქაბულის შემოგარენსაც მიადგა. ქაბული დაჯგუფებას უბრძოლველად ჩაბარდა. ავღანეთის პრეზიდენტმა, აშრაფ ღანიმ ქვეყანა დატოვა, მის სასახლეში კი თალიბები შევიდნენ. დაჯგუფებისთვის ძალაუფლების მშვიდობიანად გადასაცემად შეიქმნა ავღანეთის დროებითი მთავრობა. 

როგორც ვარაუდობენ, თალიბანის მთავრობის მეთაური მოლა აბდულ ღანი ბარადარი იქნება. 

თალიბანმა და აშშ-მ შეთანხმება 2020 წლის თებერვალში, ტრამპის ადმინისტრაციის დროს გააფორმეს. შეთანხმების მიხედვით, იწყებოდა შიდაავღანური მოლაპარაკებები, აშშ-ს კი გაჰყავდა ჯარები. ჯარების გაყვანის ბოლო ვადა 2021 წლის 1-ელი მაისი იყო. მას შემდეგ, რაც აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გახდა, მან განაგრძო ჯარების გაყვანის პროცესი. ბოლო ვადა ჯერ 11 სექტემბრამდე გადაიდო, შემდეგ კი ითქვა, რომ 31 აგვისტოსთვის აშშ-ს ძალები ავღანეთს დატოვებდნენ, რაც ბევრად უფრო ადრე მოხდა.

 

კომენტარები