შარლ მიშელის შეთანხმების ანულირება

წერეთელი: საერთაშორისო წნეხი აუცილებელია, რათა ოცნებამ შეიგნოს, რომ ქვეყანას აზიანებს

გიგი წერეთელი
ევროპული საქართველო

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, გიგი წერეთელი, ქართული ოცნების მხრიდან 19 აპრილის შეთანხმების ანულირებაზე ამბობს, რომ საერთაშორისო პარტნიორებისგან გაცილებით უფრო მძაფრი და სხვა ხარისხის კრიტიკა იქნება გამოთქმული, მათ შორის საუბარი იქნება სანქციებზე.

წერეთელმა აღნიშნა, რომ საქართველო იმსახურებს გაცილებით უკეთეს ხელისუფლებას და ეს არის სწორედ ქართული საზოგადოების ხელში.

"მათ შორის საუბარი იქნება, რაც ძალიან სამწუხაროა, საქართველოს კურსის ცვლილებაზე დასავლეთიდან ჩრდილოეთისაკენ და კიდევ უფრო სამწუხარო ისაა, რომ ქვეყანა ძალიან ზიანდება და ზარალდება, ბევრი შეფასება იყო უკვე ერთი დღის განმავლობაში, სენატორების, ევროპელი ჩვენი კოლეგების, ლიდერების, არასამთავრობო ორგანიზაციების, ელჩების და ა.შ. ეს ყველაფერი გაგრძელდება და ეს წნეხი აუცილებელია იმისათვის, რომ ქართულმა ოცნებამ შეიგნოს, რომ ის ქვეყანას აზიანებს და აზარალებს, არამარტო საკუთარ თავს. ძალიან კარგად თქვა სენატორმა რიშმა, ვფიქრობ, მოკლე შეჯამება შეიძლება იყოს ეს, რომ საქართველოს ხელისუფლება მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობს, მხოლოდ საკუთარ ძალაუფლებაზე და საქართველოს მოსახლეობას უკეთესი ხელისუფლება ეკუთვნის და ამას იმსახურებს".- ამბობს გიგი წერეთელი. 

28 აპრილის საგანგებო ბრიფინგზე ქართული ოცნების ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ შარლ მიშელის შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა და შეეცადა, რომ ამაში ოპოზიცია დაედანაშაულებინა. როგორც ხელისუფლების წარმომადგენლებმა თქვეს, ვალდებულებების შესრულება მათ "კეთილ ნებაზე" იქნება დამოკიდებული. ეს იმას ნიშნავს, რომ ქართული ოცნება უარს ამბობს, 43%-ის ვერაღების შემთხვევაში დათანხმდეს ვადამდელი არჩევნების ჩატარებას, რაც შეთანხმებაზე ხელმომწერი ოპოზიციური პარტიებისთვის მთავარი მოტივაცია იყო.   

ოცნების მიერ შეთანხმების ანულირებას დასავლელი პარტნიორების კრიტიკა მოჰყვა. სენატის ოპერატიული ჯგუფის შეფასებით, საქართველოში განვითარებული მოვლენები რეფორმების ძალისხმევას ძირს უთხრის, ქვეყნის დემოკრატიის მარცხით კი მხოლოდ კრემლი ისარგებლებს. სენატორი რიშის შეფასებით, შეთანხმების დატოვება ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე უარის თქმაა. მისივე სიტყვებით, ოცნებას მხოლოდ საკუთარი მომავალი აღელვებს, არა - ქვეყნის. დევიდ კრამერი წერს, რომ ევროკავშირი თავს შეურაცხყოფილად უნდა გრძნობდეს, "რომ მოლაპარაკებებზე დრო დაკარგა". ნედ პრაისის შეფასებით კი შეთანხმებიდან ოცნების გასვლა რეფორმებით წინსვლას ძირს უთხრის.  

შარლ მიშელის მრჩეველმა, იურეკ კუჩკიევიჩმა გუშინ, 28 ივლისს დაწერა, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი მხარეებთან კონსულტაციას გადის და ამ ეტაპზე კომენტარს არ გააკეთებს. 

კომენტარები