რუსეთი

პუტინმა "ერთიანი რუსეთის" საარჩევნო სიის 5-ეული წარადგინა, დმიტრი მედვედევი სიაში ვერ მოხვდა

Telegraph

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა რუსეთის მმართველი პარტიის ერთიანი რუსეთის ყრილობაზე მომავალი პარტიის ფედერალური საარჩევნო სიის პირველი ხუთეული წარადგინა.

პუტინის აზრით, სიაში უნდა შევიდნენ: თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ, საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი, ექიმი დენის პროცენკო, საგანმანათლებლო ცენტრის სირიუსის ხელმძღვანელი ელენა შმელევა და ბავშვთა ომბუდსმენი ანა კუზნეცოვა.

"ჩემი აზრით, ეს სია, პირველი ხუთეული, ასე უნდა გამოიყურებოდეს, რომ აქ იყვნენ ადამიანები, რომლებიც დიდი ხანია, პოლიტიკაში არიან, ჩვენთან მიღებულია მათი პოლიტიკურ მძიმეწონოსნებად მოხსენიება, მაგრამ, ასევე, შედარებით ახალი ხალხი". – თქვა პუტინმა.

ერთიანი რუსეთის თავმჯდომარე, ყოფილი პრეზიდენტი და ყოფილი პრემიერმინისტრი, დმიტრი მედვედევი, პარტიის საარჩევნო სიაში ვერ მოხვდა.

მედვედევის თქმით, პირველი ხუთეული მისი და პუტინის ერთიანი შემოთავაზებაა. ამ დრომდე ანალიტიკოსების უმეტესობა ელოდა, რომ პარტიის სიის სათავეში მედვედევი იქნებოდა.

როგორც გამოცემა Meduza წყაროებზე დაყრდნობით წერს, პარტიის ლიდერებმა ყრილობაზე გაიგეს, რომ თავმჯდომარე პარტიის სიაში არ მოხვდება, ხოლო თავად მედვედევისთვის ეს ყრილობამდე 2-3 დღით ადრე გახდა ცნობილი. Meduza-ს წყაროს თქმით, კვირის დასაწყისში მედვედევი თვლიდა, რომ სიის პირველი ნომერი იქნებოდა, ხოლო არჩევნების შემდეგ დუმის სპიკერი გახდებოდა და მედვედევი ფაქტის წინაშე თავად ვლადიმირ პუტინმა დააყენა. აღსანიშნავია ისიც, რომ პუტინმა თავად წარადგინა პარტიის სიის 5-ეული და ამის საშუალება თავმჯდომარეს, დმიტრი მედვედევს არ მისცა.

რუსეთის საკანონმდებლო ორგანოს ფედერალური ასამბლეის ქვედა პალატის, სახელმწიფო დუმის არჩევნები 2021 წლის 19 სექტემბერს ჩატარდება. არჩევნებზე ერთიან რუსეთს საკანონმდებლო უმრავლესობის შენარჩუნება სურს. ყრილობაზე ვლადიმირ პუტინმა თქვა, რომ ერთიანმა რუსეთმა უნდა "დაამტკიცოს ლიდერობა".

წინასაარჩევნო პერიოდში ქვეყანაში ოპოზიციაზე წნეხი გაიზარდა. ალექსეი ნავალნი დაპატიმრებულია. მისი ორგანიზაცია ექსტრემისტულად გამოცხადდა და არჩევნებში მონაწილეობის მიღება აეკრძალა. სასამართლომ ოპოზიციური მოძრაობის OPEN RUSSIA-ს ყოფილი დირექტორს პატიმრობა შეუფარდა. დააკავეს ოპოზიციონერი პოლიტიკოსი დმიტრი გუდკოვი. გათავისუფლების შემდეგ გუდკოვმა ქვეყანა დატოვა. "უცხოეთის აგენტად" გამოცხადების შემდეგ იხურება რამდენიმე დამოუკიდებელი მედია, VTimesNEWSru. "უცხოეთის აგენტებად" არის გამოცხადებული დამოუკიდებელი მედიები Meduza და რადიო თავისუფლება.

კომენტარები