რუსეთი

რუსეთში ოპოზიციონერი პოლიტიკოსი დმიტრი გუდკოვი დააკავეს

დმიტრი გუდკოვი
დმიტრი გუდკოვი

რუსეთის დუმის ყოფილი დეპუტატი და ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, დმიტრი გუდკოვი პირველ ივნისს 48 საათით სისხლის სამართლის საქმეში ეჭვმიტანილად დააკავეს. ინფორმაციას პოლიტიკოსის ადვოკატი, ალექსანდრ ალდაევი ავრცელებს.

გუდკოვი ეჭვმიტანილია სისხლის სამართლის საქმეში, რომელიც აღძრულია მოტყუებით საკუთრებისთვის ზიანის მიყენების ან ნდობით ბოროტად სარგებლობით მოტყუების მუხლით, რომელმაც განსაკუთრებით დიდი ზარალი გამოიწვია. სასჯელის მაქსიმალური ზომა 5 წლით თავისუფლების აღკვეთაა. ადვოკატის თანახმად, როგორც ეჭვმიტანილი, ასევე დააკავეს პოლიტიკოსის დეიდა, ირინა ერმილოვა.

უფლებადამცველის პაველ ჩიკოვის თანახმად, სისხლის სამართლის საქმე 2015-2017 წლებში მოსკოვის მერიისთვის ფართის ქირის ვალის გადაუხდელობისთვის აღძრეს. საქმეში დაზარალებულად მიიჩნევა სახელმწიფო საკუთრების მოსკოვის დეპარტამენტი.

დმიტრი გუდკოვის მამა, გენადი Twitter-ზე წერს, რომ მისი შვილი ეჭვმიტანილია საქმეში 2015 წლის ქირის გადაუხდელობის გამო, რომლის შესახებ მისმა შვილმა "დღეს დილით გაიგო".

"დმიტრი გუდკოვი დაკავებულია. ის ეჭვმიტანილია 2015 წელს ქირის გადაუხდელობის საქმეში, რომლის შესახებაც დღეს დილით გაიგო. უბრალოდ შურისმაძიებელმა და წვრილმანმა ნაძირალებმა ჩაიგდეს ხელში ჩემი ქვეყანა და ანადგურებენ ნორმალურ ადამიანებს. დიმა გამაგრდი. სიმართლე ჩვენს მხარესაა, აუცილებლად გავიმარჯვებთ". –წერს დმიტრი გუდკოვის მამა და რუსეთის დუმის ყოფილი დეპუტატი, გენადი გუდკოვი.

გენადი გუდკოვი გამოცემა Sota-სთან საუბრისას ყვება, რომ სისხლის სამართლის საქმე რამდენიმე მილიონიანი დავალიანების გამო აღძრეს, რომელიც მოსკოვში ერთ-ერთ სარდაფს უკავშირდება. გენადი გუდკოვის თქმით, ფირმა, რომელიც ამ დაწესებულებას ქირაობდა და რომელიც დმიტრი გუდკოვის ნათესავებთან არის დაკავშირებული გაკოტრდა და ფართი 2017 წელს მოსკოვის მერიას დაუბრუნდა. 

პირველ ივნისს დმიტრი გუდკოვის და მისი ოჯახის წევრების სახლებში და ოფისებში პოლიცია რეიდებით, ჩხრეკისთვის მივიდა. გენადი გუდკოვი ამბობს,  რომ პოლიციამ ათამდე მისამართზე ჩაატარა ჩხრეკა. მათ შორის დმიტრი გუდკოვის მოსკოვის ბინაში, აგარაკზე, ოფისში. ასევე გუდკოვის გუნდის წევრების ოფისებში და მისი რამდენიმე ოჯახის წევრის სახლში. ჩხრეკის შემდეგ პოლიტიკოსი დაკითხვაზე წაიყვანეს.

დმიტრი და გენადი გუდკოვები რუსეთის დუმის პარლამენტარები იყვნენ. გენადი გუდკოვი 2012 წელს კორუფციაში ბრალდებების გამო, კანონმდებლების მიერ კენჭისყრით, 2012 წელს პარლამენტიდან გარიცხეს. დმიტრი გუდკოვი კი 2013 წელს გარიცხეს პარტიიდან სამართლიანი რუსეთი და 2016 წელს დუმის არჩევნებში მონაწილეობისას პარლამენტში მანდატი ვერ მოიპოვა. მოგვიანებით დმიტრი ლიბერალ დემოკრატიულ პარტია ვაშლს შეუერთდა.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ალექსეი ნავალნის დაპატიმრების და მისი ორგანიზაციის რეგიონული ოფისების გაუქმების შემდეგ გაძლიერდა წნეხი ოპოზიციურ ძალებზე და მათი დევნა.

31 მაისს რუსეთში დააკავეს კიდევ ერთი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, დემოკრატიული მოძრაობის Open Russia-ს ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი ანდრეი პივოვაროვი. პოლიციამ და რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა გაფრენამდე შეაჩერა ვარშავაში მიმავალი რეისი, რომლითაც პივოვაროვი მიფრინავდა და ის თვითმფრინავის ბორტზე დააკავა. პივოვაროვი "არასასურველი ორგანიზაციების" საქმესთან დაკავშირებით დაკითხეს, რომელიც ორიდან ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ოპოზიციაზე გაძლიერებული წნეხი დაკავშირებულია რუსეთში მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებთან, რომლებიც სექტემბერში ჩატარდება.

კომენტარები