რუსეთში ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ბორის ნადეჟდინი პოლიციამ დააკავა. ამის შესახებ თავად ნადეჟდინმა 13 ივლისს საკუთარ ტელეგრამ არხზე დაწერა.
"პოლიცია მოვიდა. დოლგოპრუდნის პოლიციის განყოფილებაში მივყავარ." – დაწერა მან.
ამ დროისთვის უცნობია, რა გახდა მისი დაკავების მიზეზი.
10 ივლისს რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ ნადეჟდინი ე.წ. "უცხოეთის აგენტების" რეესტრში შეიყვანა. უწყების განცხადებით, პოლიტიკოსი ავრცელებდა სხვა "უცხოეთის აგენტებისა" და "არასასურველი ორგანიზაციების" მასალებს, რუსეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებების შესახებ "არასანდო ინფორმაციას" და მოქალაქეებს "შეუთანხმებელ მიტინგებსა და პიკეტებში" მონაწილეობისკენ მოუწოდებდა.
თავად ნადეჟდინი აცხადებდა, რომ "უცხოეთის აგენტის" სტატუსი მის საქმიანობაზე გავლენას არ მოახდენდა.
"გავაგრძელებ ცხოვრებას და ბრძოლას. ნაკლებად სავარაუდოა, რომ ეს ჩემს პოლიტიკურ ბიოგრაფიაში რამეს შეცვლის. გავაგრძელებ სახელმწიფო დუმის არჩევნებში კენჭისყრას და ხელმოწერების შეგროვებას." – ამბობდა ის.
2024 წელს ნადეჟდინი რუსეთის პრეზიდენტობის კანდიდატი იყო და წარმოადგენდა ერთადერთ კანდიდატს, რომელიც ომის წინააღმდეგ ღიად გამოდიოდა. მისი კანდიდატურის მხარდასაჭერად მასშტაბური კამპანია გაიმართა, ხოლო ხელმოწერების შეგროვების პუნქტებთან რიგები იდგა. თუმცა რუსეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ის არჩევნებში არ დაუშვა და მიზეზად ხელმოწერებში აღმოჩენილი მაღალი რაოდენობის ხარვეზები დაასახელა.
2026 წლის ივნისის შუა რიცხვებში ნადეჟდინმა დამოუკიდებელი კანდიდატის სტატუსით სახელმწიფო დუმის არჩევნებში მონაწილეობისთვის დოკუმენტები ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში წარადგინა, რის შემდეგაც მხარდამჭერთა ხელმოწერების შეგროვება დაიწყო.
რუსეთში 2024 წლის მაისიდან მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ე.წ. "უცხოეთის აგენტებს" არჩევნებში მონაწილეობა ეკრძალებათ.




