რუსეთი

რუსეთში კიდევ ერთი დამოუკიდებელი მედია VTIMES იხურება

გამოცემა VTimes-ს მუშაობას წყვეტს. გამოცემის ხელმძღვანელის ალექსანდრ გუბსკის განცხადების თანახმად, გადაწყვეტილება VTimes-ის "უცხოეთის აგენტებად" გამოცხადების შემდეგაა მიღებული.

"საკუთარ მაგალითზე დავრწმუნდით, ხელისუფლებას არ სჭირდება პროფესიული მედია, რომელსაც ის არ აკონტროლებს." – ამბობს მედია.

"განვიხილეთ მუშაობის გაგრძელების შვიდი სცენარი "უცხოეთის აგენტის" სტატუსით ან მის გარეშე. ყველა სცენარში იყო თანამშრომლების სისხლისსამართლებრივი დევნისა და თავისუფლების აღკვეთის რისკი." – ნათქვამია განცხადებაში.

გამოცემა აღნიშნავს, რომ სისხლისსამართლებრივი დევნის შიშზე მეტად გადაწყვეტილება დაკავშირებულია იმასთან, რომ "უცხოეთის აგენტად" გამოცხადებამ VTimes-ის ბიზნესმოდელი გაანადგურა. VTimes-ის ცნობით, პარტნიორებმა და რეკლამის განმთავსებლებმა არ იციან, როგორ ითანამშრომლონ "უცხოეთის აგენტებთან", მკითხველთა შემოწირულობა კი საკმარისი არ არის ხარისხიანი მედიის ფუნქციონირებისთვის. "უცხოეთის აგენტის" სტატუსის გამო ბევრი მაღალჩინოსანი, ბიზნესმენი და ანალიტიკოსი ფრთხილობს  კომენტარის მიცემისას, რაც გამოცემას სათანადოდ მუშაობაში უშლის ხელს.

გამოცემამ მუშაობა 1-ელ ივნისს, რუსეთის დამოუკიდებლობის დღეს შეწყვიტა.

გამოცემა VTimes 2020 ივლისში წელს იმ ჟურნალისტებმა დააფუძნეს, რომლებიც Vedomosti-დან წამოვიდნენ. ჟურნალისტებმა გამოცემა იმიტომ დატოვეს, რომ ახალი მთავარი რედაქტორი კრემლის ცენზურის დაწესებაში დაადანაშაულეს. 

"უცხოეთის აგენტთა" სიაში VTimes-ის 14 მაისს შეიყვანეს.

VTimes-ი არ არის პირველი მედია, რომელიც ბოლო პერიოდში "უცხოეთის აგენტად" გამოცხადდა. კიდევ ერთი მედია, რომელიც "უცხოეთის აგენტად" გამოცხადების გამო იხურება, ინტერნეტგამოცემა NEWSru-ა. ორგანიზაციის განმარტებით, დახურვის მიზეზი ქვეყანაში არსებული პოლიტიკური ვითარებაა, კერძოდ, "უცხოეთის აგენტად" გამოცხადების შემდეგ, კომპანიებმა გამოცემასთან თანამშრომლობა და რეკლამების განთავსება შეწყვიტეს, რაც პლატფორმის ფუნქციონირებას ეკონომიკურად შეუძლებელს ხდის. ​NEWSru-მ ფუნქციონირება 2000 წელს დაიწყო, 2014 წლიდან მოყოლებული, რუსეთის მთავრობის კრიტიკის გამო გამომცემლობას რიგი შეზღუდვები დაუწესდა.

"უცხოეთის აგენტად" გამოაცხადეს ასევე დამოუკიდებელი მედია Meduza. რეკლამის დაკარგვით გამოწვეული ფინანსური პრობლემების გამო, გამოცემა მკითხველებისგან შემოწირულობას ითხოვდა.

2017 წლიდან "უცხოეთის აგენტად" გამოცხადებულია რადიო თავისუფლების რუსული გამოცემა. 2021 წლის 10 თებერვალს რუსეთის კომუნიკაციების, ინფორმაციული ტექნოლოგიისა და მასმედიის კონტროლის სამსახურმა რადიო თავისუფალი ევროპა 11 მილიონი რუბლით (დაახლოებით 150 000 დოლარი) დააჯარიმა, რადგან მაუწყებლობა საკუთარი თავის, როგორც "უცხოეთის აგენტის" იდენტიფიკაციას, არ ახდენდა. სისხლის სამართლის დევნასთან დაკავშირებული საფრთხის გამო, რადიო თავისუფლების რუსულმა ოფისმა თანამშრომლების ნაწილს ქვეყნის დატოვება შესთავაზა. გარდა ამისა რუსეთმა რადიო თავისუფლებას მოსკოვში საბანკო ანგარიშები გაუყინა.

კანონის მიხედვით, ორგანიზაცია, რომელსაც "უცხოეთის აგენტად" გამოაცხადებენ, ვალდებულია, თავი ამ იარლიყით წარმოაჩინოს და საკუთარ გამოცემებში მიუთითოს. კანონის მიხედვით მსგავსი ორგანიზაციების შემოსავლები და ფინანსთა ხარჯვა სახელმწიფოს მიერ სრულად უნდა იყოს გაკონტროლებული. 2020 წლიდან ამ იარლიყის მინიჭება შესაძლებელი გახდა ინდივიდებისთვისაც. კანონის ფარგლებში სიაში შეყვანილ პირებს ეკრძალებათ სახელმწიფო სამსახურში დასაქმება.

"უცხოეთის აგენტის" კანონი რუსეთის ფედერაციაში ძალაში 2012 წლიდან შევიდა და თავდაპირველად ის მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციებზე მოქმედებდა, 2017 წლიდან კი ამ კანონის სამიზნე ობიექტების რიცხვი გაფართოვდა და სამაუწყებლო ორგანიზაციებიც მოიცვა. რუს მაღალჩინოსნებს შეუძლიათ, ორგანიზაციები, რომლებიც დაფინანსებას უცხოეთიდან იღებენ, "უცხოეთის აგენტების" სიაში შეიყვანონ.

კომენტარები