რუსეთი

უცხოეთის აგენტად გამოცხადების გამო, რუსული გამოცემა NEWSRU იხურება

რუსული ინტერნეტ გამოცემა NEWSru იხურება. ორგანიზაციის განმარტებით, დახურვის მიზეზი ქვეყანაში არსებული პოლიტიკური ვითარებაა, კერძოდ, უცხოეთის აგენტად გამოცხადების შემდეგ, კომპანიებმა გამოცემასთან თანამშრომლობა და რეკლამების განთავსება შეწყვიტეს, რაც პლატფორმის ფუნქციონირებას ეკონომიკურად შეუძლებელს ხდის. 

NEWSru-მ ფუნქციონირება 2000 წელს დაიწყო, 2014 წლიდან მოყოლებული რუსეთის მთავრობის კრიტიკის გამო, გამომცემლობას რიგი შეზღუდვები დაუწესდა. 

"მუშაობას ვწყვეტთ ეკონომიკური მიზეზების გამო, თუმცა ეს გამოწვეულია ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური ვითარებით". – წერია განცხადებაში. 

კანონის მიხედვით, ორგანიზაცია, რომელსაც “უცხოეთის აგენტად” გამოაცხადებენ, ვალდებულია, თავი ამ იარლიყით წარმოაჩინოს და საკუთარ გამოცემებში მიუთითოს. კანონის მიხედვით მსგავსი ორგანიზაციების შემოსავლები და ფინანსთა ხარჯვა სახელმწიფოს მიერ სრულად უნდა იყოს გაკონტროლებული. 2020 წლიდან ამ იარლიყის მინიჭება შესაძლებელი გახდა ინდივიდებისთვისაც. კანონის ფარგლებში სიაში შეყვანილ პირებს ეკრძალებათ სახელმწიფო სამსახურში დასაქმება.

აღსანიშნავია, რომ 2017 წელს რადიო თავისუფალი ევროპა რუსეთის ფედერაციამ უცხოეთის აგენტად გამოაცხადა. 2021 წლის 10 თებერვალს რუსეთის კომუნიკაციების, ინფორმაციული ტექნოლოგიისა და მასმედიის კონტროლის სამსახურმა რადიო თავისუფალი ევროპა 11 მილიონი რუბლით (დაახლოებით 150 000 დოლარი) დააჯარიმა, რადგან მაუწყებლობა საკუთარი თავის, როგორც “უცხოეთის აგენტის” იდენტიფიკაციას, არ ახდენდა.

გასული წლის ზაფხულში მოსკოვის სასამართლომ რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის ანტიკორუფციული ფონდი "უცხოეთის აგენტის" კანონის დარღვევაში დაადანაშაულა და ჯარიმა დააკისრა. ფონდი  უცხოეთის აგენტთა სიაში 2019 წლის 9 აგვისტოს შეიყვანეს. 

“უცხოეთის აგენტის” კანონი რუსეთის ფედერაციაში ძალაში 2012 წლიდან შევიდა და თავდაპირველად ის მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციებზე მოქმედებდა, 2017 წლიდან კი ამ კანონის სამიზნე ობიექტების რიცხვი გაფართოვდა და სამაუწყებლო ორგანიზაციებიც მოიცვა. რუს მაღალჩინოსნებს შეუძლიათ, ორგანიზაციები, რომლებიც დაფინანსებას უცხოეთიდან იღებენ, “უცხოეთის აგენტების” სიაში შეიყვანონ.
 

კომენტარები