რუსეთი

რუსეთში სასამართლომ ოპოზიციური მოძრაობის OPEN RUSSIA-ს ყოფილი დირექტორს პატიმრობა შეუფარდა

ანდრეი პივავაროვი
pivovarov.openrussia.org

კრასნოდარის რაიონულმა სასამართლომ ოპოზიციური მოძრაობის Open Russia-ს ყოფილ აღმასრულებელ დირექტორს, ანდრეი პივოვაროვს, ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა. 

დაპატიმრების შუამდგომლობა გამოძიებამ დააყენა. ანდრეი პივოვაროვს "არასასურველ ორგანიზაციასთან" თანამშრომლობის მუხლით სდებენ ბრალს.

პივოვაროვის წინააღმდეგ საქმის აღძვრის მიზეზი 2020 წლის აგვისტოში Facebook-ზე თავის გვერდზე გაზიარებული პოსტი გახდა, რომელშიც პროექტის გაერთიანებული დემოკრატების მხარდაჭერისთვის თანხას აგროვებდნენ. გამოძიებამ ჩათვალა, რომ პივოვარომა თავის გვერდზე პოსტი "არასასურველი ორგანიზაციის საქმიანობაში ჩართვის განზრახვით გამოაქვეყნა.

ანდრეი პივოვაროვი 31 მაისს დააკავეს. პოლიციამ და რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა გაფრენამდე შეაჩერა ვარშავაში მიმავალი რეისი, რომლითაც პივოვაროვი მიფრინავდა და ის თვითმფრინავის ბორტზე დააკავა. პივოვაროვი "არასასურველი ორგანიზაციების" საქმესთან დაკავშირებით დაკითხეს, რომელიც ორიდან ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ანდრეი პივოვაროვი Open Russia-ს საქმიანობის შეწყვეტის შესახებ განცხადების გაკეთებიდან რამდენიმე დღეში დააკავეს. 27 მაისს პივოვაროვმა თქვა, რომ Open Russia სრულიად წყვეტს საქმიანობას, რათა დაიცვას მომხრეები სისხლის სამართლის დევნისგან. პოლიტიკოსმა გადაწყვეტილება დაუკავშირა "არასასურველ ორგანიზაციებთან" დაკავშირებით მოსალოდნელ ცვლილებებს, რომლებსაც რუსეთის დუმა განიხილავს.

Open Russia კრემლის კრიტიკოსის მიხაილ ხოდორკოვსკისთან არის დაკავშირებული. ხოდორკოვსკიმ პივოვაროვის დაკავება Ryanair-ის თვითმფრინავის იძულებით დაშვებას შეადარა, რაც ბელარუსის ხელისუფლებამ ჟურნალისტის და აქტივისტის, რამან პრატასევიჩის და მისი მეგობარი გოგოს, სოფია საპეგას დაკავებისთვის გამოიყენა.

"კიდევ არსებობს ეჭვი, რომ პუტინი და "ლუკა" (ლუკაშენკო) "წყვილი ფეხსაცმელივით" აირიან? - წერს ხოდორკოვსი Telegram-ში.

"არასასურველ ორგანიზაციებთან" დაკავშირებით 4 მაისს რუსეთის დუმის დეპუტატების ჯგუფმა ორი კანონპროექტი დაარეგისტრირა. პირველი კანონპროექტის მიღების შემთხვევაში რუს მოქალაქეებს და სამართლებრივ დაწესებულებებს მთელ მსოფლიოში "არასასურველი ორგანიზაციების" საქმიანობაში მონაწილეობის მიღება აეკრძალებათ. აქამდე ეს მხოლოდ რუსეთს ეხებოდა. ამავე კანონპროექტის თანახმად, ორგანიზაციას "არასასურველის" სტატუსს მიანიჭებენ იმ შემთხვევაში, თუ ის შავ სიაში მყოფ ჯგუფს ფულის გადარიცხვაში დაეხმარება.

მეორე კანონპროექტის მიღების შემთხვევაში კი, რუსეთში "არასასურველი ორგანიზაციების" საქმიანობაში ჩართვის გამო სისხლისსამართლებრივი სასჯელი მკაცრდება.

კომენტარები