აშშ-უკრაინა

აშშ: ყირიმი უკრაინაა, მოვუწოდებთ რუსეთს, დაუბრუნოს ნახევარკუნძულზე კონტროლი უკრაინას

ვოლოდიმირ ზელენსკი და ენტონი ბლინკენი
Twitter

"ყირიმი უკრაინაა. აშშ რუსეთს მოუწოდებს, დაუბრუნოს ნახევარკუნძულზე კონტროლი უკრაინას" - ამ განცხადებას აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი Twitter-ზე ავრცელებს.

დღეს აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი უკრაინაში ვიზიტის ფარგლებში უკრაინის პრეზიდენტს, პრემიერმინისტრს, საგარეო საქმეთა მინისტრს და ოპოზიციურ პარტიებს შეხვდა. როგორც ბლინკენმა აღნიშნა, ვიზიტის ერთ-ერთი მთავარი თემა რუსეთის აგრესიაა, ხოლო მიზანი - უკრაინისთვის ამერიკის მხარდაჭერის დადასტურება.

ბლინკენის და ზელენსკის შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე უკრაინის პრეზიდენტმა თქვა, რომ აშშ-ს სახელმწიფო მდივანს შესთავაზა, განეხილათ შესაძლო ერთობლივი ნაბიჯები ყირიმის დეოკუპაციასთან დაკავშირებით. 

"გვსურს, რომ ამაში დაგვეხმაროთ, რადგან მარტო გაგვიჭირდება შავი და აზოვის ზღვების რეგიონებში საფრთხეებთან გამკლავება. გვსურს, რომ აშშ იყოს ერთ-ერთი დამფუძნებელი და ლიდერი ყირიმის პლატფორმისა და ვიწვევთ ამერიკულ მხარეს, მონაწილეობა მიიღოს მის პირველ სამიტში" - თქვა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ივლისში ნატოს სამიტზე დაიწყება უკრაინისთვის მაპ-ის მიცემის პერსპექტივაზე საუბარი.

"კარგი შეხვედრა მქონდა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან. განვიხილეთ  უკრაინის სუვერენულობისა და ტერიტორიული მთლიანობის აშშ-ს ურყევი მხარდაჭერა. ჩვენ ვმუშაობთ უკრაინასთან, რათა შესრულდეს უკრაინის ევროატლანტიკურ მისწრაფებები, მათ შორის ეს ითვალისწინებს საშინაო რეფორმების დღის წესრიგის გატარებას" - წერს ბლინკენი Twitter-ზე.

ვიზიტის დროს ენტონი ბლინკენმა ასევე თქვა, რომ ვაშინგტონი აქტიურად განიხილავს უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობისა და დახმარების კიდევ უფრო მეტად გაძლიერებას. 

ბლინკენმა აღნიშნა, რომ, რუსეთის მიერ გაკეთებული განცხადების მიუხედავად, რომ უკრაინის საზღვართან განლაგებულ დამატებით სამხედრო ძალას უკან აბრუნებდა, რუსეთმა მნიშვნელოვანი რაოდენობის ჯარისკაცები და აღჭურვილობა კვლავ ადგილზე დატოვა.

"ვიცით, რომ რუსეთმა უკრაინის საზღვრიდან გარკვეული ძალა უკან გაიყვანა, თუმცა იმასაც  ვხედავთ, რომ მნიშვნელოვანი [რაოდენობის] ძალები და აღჭურვილობა კვლავ იქაა". - თქვა ბლინკენმა ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ. 

მან ხელახლა აღნიშნა, რომ აშშ სიტუაციას ძალიან ახლოდან აკვირდება.


აღმოსავლეთ უკრაინაში მდგომარეობა მარტის ბოლოს დაიძაბა. 26 მარტს სოფელ შუმასთან სეპარატისტების მიერ გახსნილი საარტილერიო ცეცხლით 4 უკრაინელი სამხედრო დაიღუპა. ბოლო პერიოდში ეს ერთ დღეში უკრაინული მხარის ყველაზე დიდი დანაკარგია. უკრაინაში ეუთოს სპეციალური მონიტორინგის მისიის ანგარიშის თანახმად, 2 აპრილს დონბასში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევის 1 021 შემთხვევა აღირიცხა, მათ შორის 511 აფეთქება. ეუთოს ანგარიშების მიხედვით, ეს ბოლო ერთი თვის მანძილზე აღმოსავლეთ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევის ყველაზე მეტი შემთხვევაა. შეთანხმების სისტემატური დარღვევის ფონზე აქტიურად ვრცელდება სხვადასხვა ფოტო- და ვიდეომასალა, რომელშიც ჩანს უკრაინის სეპარატისტული ტერიტორიებისკენ ან ქვეყნის საზღვრებისკენ მიმავალი რუსული სამხედრო ტექნიკის ეშელონები და  ჯავშანტექნიკის კოლონები.

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, რუსლან ხომჩაკის თქმით, რუსეთი უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში, რუსეთ-უკრაინის საზღვრისკენ, ბრიანსკის, ვორონეჟის რეგიონებში და ანექსირებულ ყირიმში დამატებით ბატალიონებს, ტაქტიკურ ჯგუფებს გზავნის. ხომჩაკი ამბობს, რომ სამხედრო აქტივობას რუსეთი წვრთნების, “დასავლეთი 2021”-ისთვის მზადებით ამართლებს. მთავარსარდლის თქმით, ქვეყნის აღმოსავლეთ საზღვრებთან 28 ტაქტიკური ჯგუფია განლაგებული და უკრაინის სამხედრო ძალების შეფასებით, რუსეთი გეგმავს საზღვართან დამატებით 25 ბატალიონის გადასროლას.

კრემლის სპიკერმა დმიტრი პესკოვმა ფაქტობრივად დაადასტურა უკრაინის საზღვრებთან რუსული სამხედრო ძალების მობილიზება. პესკოვის თქმით, "რუსეთი თავისი შეხედულებისამებრ განსაზღვრავს სამხედრო ძალების გადაადგილებას თავისი ტერიტორიის ფარგლებში, ეს არავის უნდა აწუხებდეს და არავისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს". პესკოვმა ასევე აღნიშნა, რომ რუსულ სამხედრო ძალებს "არასოდეს არ მიუღიათ და არ იღებენ მონაწილეობას" დონბასის კონფლიქტში. მისი თქმით, კრემლს არ სურს, რომ "ომი კვლავ გააქტიურდეს უკრაინის პროვოკაციების შედეგად". პესკოვმა ასევე გამოთქვა შიში, რომ "უკრაინული მხარე შეიძლება წავიდეს პროვოკაციებზე, რომელიც ომამდე მიიყვანს საქმეს.

5 აპრილს სატელეფონო საუბარი შედგა უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის და ნატოს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს შორის. სტოლტენბერგმა კიდევ ერთხელ დაადასტურა უკრაინის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა, ხოლო ზელენსკიმ აღნიშნა, რომ დონბასში ომის დასრულების ერთადერთი გზა ნატოა.

დაძაბულობის ფონზე ბაიდენის ადმინისტრაციასა და უკრაინის მთავრობის წევრებს შორის აქტიური სატელეფონო კომუნიკაცია გაიმართა.  2 აპრილს აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა და უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ისაუბრეს. ეს მათი პირველი სატელეფონო საუბარი იყო. ბაიდენმა კიდევ ერთხელ დაადასტურა შეერთებული შტატების ურყევი მხარდაჭერა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისადმი დონბასსა და ყირიმში მიმდინარე აგრესიის ფონზე. სატელეფონო საუბრები  გაიმართა აშშ-ს თავდაცვის მდივანს, ლოიდ ოსტინსა და უკრაინის თავდაცვის მინისტრ ანდრეი ტარანს შორისაც. ოსტინმა დაგმო რუსეთის აგრესია და პროვოკაციული ქმედებები. სატელეფონო საუბარი შედგა აშშ-ს სახელმწიფო მდივანს ენტონი ბლინკენსა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებას შორისაც. ყველა ოფიციალურ საუბარში აშშ თავის აქტიურ მხარდაჭერას უდასტურებს უკრაინას.

დაძაბულობა აპრილის შუა რიცხვებშიც გაგრძელდა. 14 აპრილს რუსეთის სამხრეთის სამხედრო ოლქმა და შავი ზღვის ფლოტის ავიაციამ შავიზღვისპირეთში მასშტაბური წვრთნები დაიწყო

21 აპრილს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა კანონს, რომელიც შესაძლებელს ხდის, რეზერვისტები სამხედრო სამსახურში მობილიზაციის გამოცხადების გარეშე გამოიწვიონ. ამავე დღეს, ზელენსკიმ პუტინს დონბასში შეხვედრა შესთავაზა. მომდევნო დღეს პუტინმაც შესთავაზა ზელენსკის შეხვედრა.

22 აპრილს რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ თქვა, რომ უკრაინის საზღვართან მასშტაბური სამხედრო წვრთნები დასრულდა და ჯარებს უბრძანა, რომ 1 მაისამდე თავიანთ მუდმივ ბაზებზე დაბრუნებულიყვნენ.

23 აპრილს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გააკეთა განცხადება, რომ ანექსირებულ ყირიმში გადაყვანილი დამატებითი ძალების გაყვანა და მათი საკუთარ მუდმივ ბაზებზე დაბრუნება დაიწყო. 

26 აპრილს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავის ადმინისტრაციას ვლადიმირ პუტინთან შეხვედრის განხილვისთვის კრემლთან დაკავშირება დაავალა.

6 მაისს აშშ-ს პრეზიდენტის, ბაიდენის ადმინისტრაციის თქმით, რუსეთმა მხოლოდ რამდენიმე ათასი სამხედრო გაიყვანა და მნიშვნელოვანი ძალა კვლავ ადგილზე რჩება. პენტაგონის წარმომადგენლების თქმით, 80 000-მდე სამხედრო, რომელიც უკრაინის საზღვრებთანაა დარჩენილი,  2014 წლის შემდეგ მათი ამ ტერიტორიებზე თავმოყრის ჯერ კიდევ უდიდესი რაოდენობაა.

კომენტარები