პოლიტიკური კრიზისი

სუბარი: ოპოზიციას რომ მანდატები არ შევუწყვიტეთ, ჩვენი კონსტრუქციულობის კარგი მაგალითია

სოზარ სუბარი

"დღეს შეხვედრები გაგრძელდება და იმედი მაქვს, რომ კონსენსუსი შედგება". – ამის შესახებ ქართული ოცნების დეპუტატმა სოზარ სუბარმა ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა. 

მისივე თქმით, სწორედ ხელისუფლების დამსახურებაა, რომ ევროკავშირის შუამდგომლობით მოლაპარაკებები მიმდინარეობს, რადგან "თავის დროზე ოპოზიციის წევრებს მანდატები არ შეუწყვიტეს". 

" ჩვენი პოზიცია ცნობილია, ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ქართული სახელმწიფო იყოს მყარი. სხვათა შორის, თავის დროზე რომ ოპოზიციას მანდატები არ შევუწყვიტეთ, ჩვენი კონსტრუქციულობის ძალიან მკაფიო მაგალითი იყო. მანდატები რომ შეგვეწყვიტა, დღეს არანაირი დიალოგი და მოლაპარაკება არ იქნებოდა. ვერანაირი ევროკავშირის შუამავლობა ვერ შედგებოდა. სწორედ ჩვენი პასუხისმგებლიანი დამოკიდებულების გამოხატულება იყო ის, რომ თავის დროზე მანდატები არ შევუწყვიტეთ და ღიად დავტოვეთ კარი მოლაპარაკებებისთვის". – ამბობს სუბარი. 


ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მედიატორობით საქართველოში ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის დიალოგი განახლდა. მიშელმა მხარეებს შეთანხმების 6-პუნქტიანი ჩარჩო შესთავაზა. 

მიშელმა საქართველოში ვიზიტის შემდეგ ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელ ჟოზეფ ბორელთან შეთანხმებით, პოლიტიკური დიალოგის მხარდაჭერისთვის კრისტიან დანიელსონი პირად წარმომადგენლად გამოგზავნა. დანიელსონი 5 დღის განმავლობაში ხვდება ოპოზიციურ პარტიებსა და ქართული ოცნების წარმომადგენლებს. 14 მარტს ქართულ ოცნებასთან შეხვედრის შემდეგ კრისტიან დანიელსონმა თქვა, იმისთვის, რომ პროცესები კიდევ უფრო წინ წავიდეს, მისი ვიზიტი საქართველოში კიდევ გახანგრძლივდება.

პარალელურად პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელში ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შეხვდა. 

კომენტარები