პოლიტიკური კრიზისი

კობახიძე: დისკუსია პრემიერის ვიზიტის შემდეგაც გაგრძელდება, საკითხები საჭიროებს შეთანხმებას

ტაბულა

მმართველი გუნდის მეორე შეხვედრა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის წარმომადგენელთან, კრისტიან დანიელსონთან დასრულდა. როგორც შეხვედრის შემდეგ ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ თქვა, დისკუსიები პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ბრიუსელში ვიზიტის შემდეგ გაგრძელდება, რომელიც ასოცირების საბჭოს სხდომაზე 16 მარტს უნდა წარდგეს. 

"წინ წავიწიეთ ბევრი მიმართულებით, თუმცა გაგრძელდება დისკუსიები პრემიერის ვიზიტის შემდეგაც [ბრიუსელში]. გარკვეული საკითხები საჭიროებს დამატებით შეთანხმებას, დამატებით დაზუსტებას და ეს დიალოგი უნდა გაგრძელდეს.

ბატონი დანიელსონის ვიზიტმა აჩვენა, რომ მისი ჩართულობა არის ძალიან პროდუქტიული. ძალიან კარგად მიჰყავს მას დიალოგის პროცესი, აქედან გამომდინარე, ჩვენი სურვილია ასეთ რეჟიმში გაგრძელდეს ეს დიალოგი. ჩვენ, რა თქმა უნდა, დაველოდებით შემდეგ მისიას. მოლაპარაკებები გაგრძელდება ვიზიტის შემდეგ. დღეს აღარ იქნება შეხვედრა". – თქვა კობახიძემ.

ირაკლი კობახიძის თქმით, ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელში მსხვილი პაკეტით მიდის, ოპოზიცია კი ქუჩაში ცარიელი ხელებითაა დარჩენილი. 

"პრემიერი მიდის ძალიან მსხვილი პაკეტით. ჩვენ გვაქვს ჩვენი დღის წესრიგი, ევროკავშირთან ინტეგრაციის მიმართულებით, უამრავი რამ გაკეთდა გასული წლების განმავლობაში და უამრავი რამ კეთდება ახლაც. ეს არის ასოცირების დღისწესრიგი, რასაც ზედმიწევნით ახორციელებს ჩვენი ხელისუფლება. ჩვენ გვაქვს უპრეცენდენტო პროგრესი ევროკავშირთან დაახლოების მიმართულებით. ძალიან მსხვილი პაკეტით მიდის ირაკლი ღარიბაშვილი ევროპაში, ბრიუსელში. ცარიელი ხელებით არის დარჩენილი მხოლოდ ოპოზიცია. მათ აქვთ ცარიელი ხელები, დარჩენილები არიან ქუჩაში, არიან გაკოტრებული. ჩვენ გვაქვს სავსე ხელები, რომლითაც ჩავდივართ ბრიუსელში". – თქვა კობახიძემ.


ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელ ჟოზეფ ბორელთან შეთანხმებით, საქართველოში ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი შუამავლობისა და პოლიტიკური დიალოგის პროცესის ფარგლებში, კრისტიან დანიელსონი პირად წარმომადგენლად გამოგზავნა.

დანიელსონი უკვე შეხვდა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს და პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს. ორი დღის განმავლობაში გრძელდება ინდივიდუალური შეხვედრები ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებთან.

კრისტიან დანიელსონი საქართველოში 14 მარტს დატოვებს.

კომენტარები