აშშ-ს არჩეულმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კომენტარი გააკეთა დონალდ ტრამპის განცხადებაზე, რომ 20 იანვარს ინაუგურაციის ცერემონიას არ დაესწრება:
"ეს ერთ-ერთია იმ მცირე რაოდენობის საკითხთაგან, რაზეც ოდესმე ერთმანეთს დავთანხმებივართ. კარგია, რომ არ მოდის. მასზე ჩემს ყველაზე უარეს წარმოდგენასაც კი გადააჭარბა. ის ამ ქვეყნის სირცხვილია, სამარცხვინოა მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ის არაა ამ თანამდებობაზე ყოფნის ღირსი".
ბაიდენმა თქვა, რომ ინაუგურაციის ცერემონიაზე ვიცეპრეზიდენტ მაიკ პენსის დასწრება მისასალმებელი იქნება.
"ჩემთვის პატივი იქნება მისი იქ ყოფნა და ძალაუფლების გადაცემის პროცესის წინ წაწევა."
კაპიტოლიუმის შენობაში ტრამპის მხარდამჭერების შეჭრის შემდეგ მას კითხვა დაუსვეს ინაუგურაციის ცერემონიის უსაფრთხოებასთან დაკავშირებითაც, რაზეც ბაიდენმა უპასუხა:
"სრულიად სხვა სამსახური იქნება ამაზე პასუხისმგებელი, საიდუმლო სამსახური. მათ სრულად ვენდობი და ბოლომდე მწამს მათი შესაძლებლობის, რომ უზრუნველყოფენ ინაუგურაციის ცერემონიის უსაფრთხოდ ჩატარებას".
6 იანვარს წარმომადგენელთა პალატისა და სენატის ერთობლივი სხდომა მას შემდეგ შეწყდა, რაც ტრამპის მხარდამჭერი აქციის მონაწილეთა ნაწილი კაპიტოლიუმის შენობაში შეიჭრა.
პოლიციას მათი შენობიდან გასაყვანად და წესრიგის აღსადგენად რამდენიმე საათი დასჭირდა. კანონმდებლები შენობიდან დაცვის თანხლებით გაიყვანეს. დედაქალაქში არეულობის აღსაკვეთად კომენდანტის საათი დაწესდა და მობილიზებული იყო ეროვნული გვარდია.
გარდაცვლილებს შორისაა ქალი, რომელიც კონგრესის შენობაში სროლისას დაიჭრა და პოლიციელი, რომელიც აქციის მონაწილეების შეკავებისას დაშავდა. სამმა პირმა კი დაზიანებები არეულობის დროს მიიღო. დააკავეს, სულ მცირე, 52 ადამიანი.
მოგვიანებით სხდომა განახლდა. რესპუბლიკელ კანონმდებელთა ნაწილმა სცადა, ხელი შეეშალა ბაიდენის გამარჯვების დამტკიცებისათვის. მათ გააპროტესტეს საარჩევნო კოლეგიის მიერ მიცემული ხმები რამდენიმე შტატში. ესენია ჯორჯია, პენსილვანია, არიზონა, ნევადა და მიჩიგანი. არიზონის, ნევადისა და მიჩიგანის შემთხვევაში პროცედურა დებატებამდე არ მისულა. დებატები კონგრესის ორივე პალატაში გაიმართა ჯორჯიისა და პენსილვანიის ხმების თაობაზე, თუმცა არცერთმა პალატამ ამ პროტესტს მხარი არ დაუჭირა.
შედეგად, კონგრესმა საპრეზიდენტო არჩევნებში ჯო ბაიდენის გამარჯვება ოფიციალურად დაამტკიცა და ის მოვალეობის შესრულებას 20 იანვრიდან შეუდგება.
აშშ-ს მოქმედმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საკუთარ Twitter-ზე დაწერა, რომ 20 იანვარს ქვეყნის ახალ პრეზიდენტად არჩეული ჯო ბაიდენის ინაუგურაციის ცერემონიას არ დაესწრება:
"ყველას, ვინც მკითხა - 20 იანვარს ინაუგურაციაზე წასვლას არ ვაპირებ."
მიუხედავად მისა, კაპიტოლიუმში მისი მხარდამჭერების შეჭრის შემდეგ ტრამპმა თქვა, რომ ბაიდენს ძალაუფლებას კანონის დაცვით გადასცემდა.
"მიუხედავად იმისა, რომ საერთოდ არ ვეთანხმები არჩევნების შედეგებს და ფაქტები მხარს მიმაგრებს, 20 იანვარს იქნება ძალაუფლების კანონიერი გადაცემა". - თქვა მან და აღნიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება საპრეზიდენტო ისტორიაში "ყველაზე დიდებული პირველი ვადის" დასრულებას ნიშნავს.
"ყოველთვის ვამბობდი, რომ გავაგრძელებდით ჩვენს ბრძოლას იმის უზრუნველსაყოფად, რომ ყველა კანონიერი ხმა დათვლილიყო. ეს წარმოადგენს საპრეზიდენტო ისტორიაში ყველაზე დიდებული პირველი ვადის დასასრულს, მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისია ჩვენს ბრძოლაში, გავხადოთ ამერიკა კვლავ დიდებული". - თქვა მან.