აშშ-ს არჩევნები

აშშ-ს კონგრესმა საპრეზიდენტო არჩევნებში ჯო ბაიდენის გამარჯვება ოფიციალურად დაადასტურა

აშშ-ს კონგრესმა ოფიციალურად დაადასტურა საარჩევნო კოლეგიის მიერ მიცემული ხმები, რომლის მიხედვითაც მომდევნო პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გახდება, ვიცეპრეზიდენტი კი - კამალა ჰარისი. ისინი მოვალეობის შესრულებას 20 იანვრიდან შეუდგებიან.

წარმომადგენელთა პალატისა და სენატის ერთობლივი სხდომა მას შემდეგ შეწყდა, რაც ტრამპის მხარდამჭერი აქციის მონაწილეთა ნაწილი კაპიტოლიუმის შენობაში შეიჭრა.

პოლიციას მათი შენობიდან გასაყვანად და წესრიგის აღსადგენად რამდენიმე საათი დასჭირდა. კანონმდებლები შენობიდან დაცვის თანხლებით გაიყვანეს. დედაქალაქში არეულობის აღსაკვეთად კომენდანტის საათი დაწესდა და მობილიზებული იყო ეროვნული გვარდია.

პოლიციის ინფორმაციით დაიღუპა 4 ადამიანი. მათ შორის არის ქალი, რომელიც კონგრესის შენობაში სროლისას დაიჭრა. სამმა პირმა კი დაზიანებები არეულობის დროს მიიღო. დააკავეს, სულ მცირე, 52 ადამიანი.

მოგვიანებით სხდომა განახლდა. რესპუბლიკელ კანონმდებელთა ნაწილმა სცადა, ხელი შეეშალა ბაიდენის გამარჯვების დამტკიცებისათვის. მათ გააპროტესტეს საარჩევნო კოლეგიის მიერ მიცემული ხმები რამდენიმე შტატში. ესენია: ჯორჯია, პენსილვანია, არიზონა, ნევადა და მიჩიგანი. არიზონის, ნევადისა და მიჩიგანის შემთხვევაში პროცედურა დებატებამდე არ მისულა. დებატები კონგრესის ორივე პალატაში გაიმართა ჯორჯიისა და პენსილვანიის ხმების თაობაზე, თუმცა არცერთმა პალატამ ამ პროტესტს მხარი არ დაუჭირა.

სენატორების ნაწილმა, რომელიც ამბობდა, რომ ბაიდენის გამარჯვების სერტიფიკაციას მხარს არ დაუჭერდა, კაპიტოლიუმის შენობაში შეჭრის შემდეგ პოზიცია შეიცვალა. მათ შორისაა ტრამპის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მხარდამჭერი ლინდსი გრემი.

"ერთადერთი, რის თქმაც შემიძლია არის, რომ მე აღარ მიმათვალოთ. საკმარისია. ჯო ბაიდენი და კამალა ჰარისი კანონიერად აირჩიეს და გახდებიან პრეზიდენტი და ვიცე-პრეზიდენტი 20 იანვარს". - თქვა მან.

ვაშინგტონში განვითარებული მოვლენების პარალელურად ცნობილი გახდა, რომ ლოფლერი და ჯორჯიის კიდევ ერთი მოქმედი რესპუბლიკელი სენატორი არჩევნების მეორე ტურში დემოკრატ ოპონენტებთან მარცხდებიან. შედეგად, რესპუბლიკური პარტია სენატში უმრავლესობას კარგავს.

კომენტარები