აშშ

დონალდ ტრამპი: 20 იანვარს ინაუგურაციაზე წასვლას არ ვაპირებ

დონალდ ტრამპი

აშშ-ს მოქმედმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საკუთარ Twitter-ზე დაწერა, რომ 20 იანვარს ქვეყნის ახალ პრეზიდენტად არჩეული ჯო ბაიდენის ინაუგურაციის ცერემონიას არ დაესწრება:

"ყველას, ვინც მკითხა - 20 იანვარს ინაუგურაციაზე წასვლას არ ვაპირებ."

მას შემდეგ, რაც 6 იანვარს აშშ-ს კონგრესში ტრამპის მხარდამჭერი აქციის მონაწილეები შეიჭრნენ და სხდომა ჩაშალეს, ტრამპმა თქვა, რომ ბაიდენს ძალაუფლებას კანონის დაცვით გადასცემდა.

"მიუხედავად იმისა, რომ საერთოდ არ ვეთანხმები არჩევნების შედეგებს და ფაქტები მხარს მიმაგრებს, 20 იანვარს იქნება ძალაუფლების კანონიერი გადაცემა". - თქვა მან და აღნიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება საპრეზიდენტო ისტორიაში "ყველაზე დიდებული პირველი ვადის" დასრულებას ნიშნავს.

"ყოველთვის ვამბობდი, რომ გავაგრძელებდით ჩვენს ბრძოლას იმის უზრუნველსაყოფად, რომ ყველა კანონიერი ხმა დათვლილიყო. ეს წარმოადგენს საპრეზიდენტო ისტორიაში ყველაზე დიდებული პირველი ვადის დასასრულს, მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისია ჩვენს ბრძოლაში, გავხადოთ ამერიკა კვლავ დიდებული". - თქვა მან.

აშშ-ს კონგრესმა ოფიციალურად დაადასტურა საარჩევნო კოლეგიის მიერ მიცემული ხმები, რომლის მიხედვითაც მომდევნო პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გახდება, ვიცეპრეზიდენტი კი - კამალა ჰარისი. ისინი მოვალეობის შესრულებას 20 იანვრიდან შეუდგებიან.

კომენტარები