აშშ

აშშ-ში B-52 ტიპის ბომბდამშენის ჩამოვარდნას ბორტზე მყოფი 8 პირის სიცოცხლე ემსხვერპლა

15 ივნისს აშშ-ში B-52 ტიპის ბომბდამშენის ჩამოვარდნას, რომელიც სამხრეთ კალიფორნიის მოხავეს უდაბნოში მდებარე სამხედრო ბაზიდან აფრინდა, ბორტზე მყოფი ყველა ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

სამხედრო მაღალჩინოსნების მიხედვით, თვითმფრინავი ედვარდსის ბაზიდან აფრენის შემდეგ მალევე ჩამოვარდა და ცეცხლში გაეხვია, რის შედეგადაც 8 ადამიანი დაიღუპა.

B-52-ის ბორტზე მყოფებს შორის მთავრობის კონტრაქტორები და სამხედროები იყვნენ. ამასთან, თვითმფრინავის მწარმოებელმა კომპანია Boeing-მა დაადასტურა, რომ დაღუპულთა შორის მათი ორი თანამშრომელიცაა.

ჯერჯერობით უცნობია, თუ რამ გამოიწვია რუტინული სატესტო მისიის დროს ბომბდამშენის ჩამოვარდნა. სამხედრო მაღალჩინოსნის, პოლკოვნიკი ჯეიმს ჰეისის თქმით, გამოძიებას შესაძლოა, ნახევარი წელიწადი დასჭირდეს, თუმცა, მანვე დაამატა, რომ ჩამოვარდნილი B-52 "რადიოლოკატორის მოდერნიზაციის პროგრამაში" იყო ჩართული. 

Boeing-ის B-52 Stratofortress ამერიკული შორი რადიუსის ბომბდამშენია, რომელიც ექსპლუატაციაში 1955 წელს შევიდა. მას როგორც ჩვეულებრივი, ისე ბირთვული, იარაღის გადატანა შეუძლია.

კომენტარები