ჩორჩანას საქმე

მაია ცქიტიშვილი ჩორჩანას ეპიზოდზე პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს

საქართველოს მთავრობა

გამოცემა ინტერპრესნიუსის ცნობით, რეგიონალური განვითარების და ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრი, მაია ცქიტიშვილი ჩორჩანას ეპიზოდთან დაკავშირებით პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს.

მათივე ცნობით, ცქიტიშვილი პროკურატურაში 18:00 საათზე მივა.

14 ივნისს საქართველოს პროკურატურამ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამი იყო, რომ ვახტანგ გომელაური საბოტაჟის მუხლით გამოძიების ფარგლებში სოფელ ჩორჩანაში ყოფილი შს მინისტრის, გიორგი გახარიას ქმედებასთან დაკავშირებით დაიკითხა.

გომელაური ამ პერიოდში სუს-ის ხელმძღვანელი იყო.

ამასთან ერთად, 16 ივნისს წულუკიანმა განაცხადა, რომ გახარიას კომისიაზე 23 ივნისს ხელმეორედ გამოკითხავენ. საქმე ჩორჩანას ეპიზოდს ეხება.

16 ივნისს, ამჟამად ივანიშვილის დეპუტატი და 2019 წელს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე, ალექსანდრე ტაბატაძე და 2019 წელს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი, კახა კახიშვილი პროკურატურაში გამოიკითხნენ.

​​​​​​​ცნობისთვის, სოფელ ჩორჩანას მიმდებარედ, ტყის მასივში, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკანონო ე.წ. ბორდერიზაცია 2019 წლიდან დაიწყეს. საქართველოს მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას გადაწყვეტილებით, ტყეში  საგუშაგო განთავსდა. საპასუხოდ, ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებამ ერგნეთის "ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების" სამუშაო ჯგუფის შეხვედრა ჩაშალა და ჩორჩანიდან ქართული საგუშაგოს გატანა მოითხოვა, რაც შსს-მ არ დააკმაყოფილა.

გახარიას თქმით, აღნიშნული ქმედებით გადარჩა 1800 ჰექტარი, რომლის მითვისებაც ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმი 1992 წლის "ფეიკ რუკით" ცდილობდა.

კომენტარები