ივანიშვილის ყოფილი დეპუტატი, კახა კახიშვილი ჩორჩანას ეპიზოდთან დაკავშირებით გენერალურ პროკურატურაში გამოიკითხა - კახიშვილი იმ პერიოდში, 2019 წლის აგვისტოში მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის პოზიციას იკავებდა, ხოლო პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იყო.
გამოკითხვის შემდეგ, კახიშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ აღნიშნულ საკითხზე "ოფიციალური კორესპონდენცია პრემიერმინისტრის ინფორმირების მიზნით მთავრობის ადმინისტრაციაში იმ დროს არცერთი უწყებიდან შესულა".
"გამოძიებას აინტერესებდა, იყო თუ არა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ინფორმირებული ამ საკითხთან დაკავშირებით იმ დროს ან მოსალოდნელ საფრთხეებთან, ან გადაწყვეტილების მიღებასთან დაკავშირებით.
ბუნებრივია, მე ვუპასუხე, რაც არის და იყო – საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ოფიციალურად ინფორმირებული ამ საკითხთან დაკავშირებით იმ დროს არ ყოფილა - მეტიც, არცერთ სამუშაო თათბირზე, რომელიც მიმდინარეობდა ჩემი მონაწილეობით, ეს საკითხი არ განხილულა - ბუნებრივია, არც მთავრობის სხდომის ფორმატში არ განხილულა ეს საკითხი.
[…] მე შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ოფიციალური კორესპონდენცია ამ საკითხთან დაკავშირებით პრემიერმინისტრის ინფორმირების მიზნით საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში არცერთი უწყებიდან არ შემოსულა.
[…] არცერთ თათბირზე ან მთავრობის სხდომის ფორმატში, ინფორმაცია მთავრობის წევრებისთვის და საქართველოს მთავრობის მეთაურისთვის არ ყოფილა - შესაბამისად, მე ვერ დავადასტურებ ახლა, სატელეფონო საუბარში იყო თუ არა რაიმე ცნობილი პრემიერისთვის, მაგრამ ოფიციალურ ფორმატში არც წერილობით, არც სიტყვიერად, არც მთავრობის ადმინისტრაციის სამუშაო თათბირის ფორმატში, არც მთავრობის სხდომის ფორმატში, არც მთავრობის წევრებისთვის, არც საქართველოს პრემიერისთვის ინფორმაცია მიწოდებული არ ყოფილა". - თქვა კახიშვილმა.
14 ივნისს საქართველოს პროკურატურამ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამი იყო, რომ ვახტანგ გომელაური საბოტაჟის მუხლით გამოძიების ფარგლებში საოკუპაციო ხაზის გასწვრივ, სოფელ ჩორჩანაში ყოფილი შს მინისტრის, გიორგი გახარიას ქმედებასთან დაკავშირებით დაიკითხა.
გომელაური ამ პერიოდში სუს-ის ხელმძღვანელი იყო.
ამასთან ერთად, გიორგი გახარია თეა წულუკიანის კომისიაზე 23 ივნისს ხელმეორედ დაიბარეს. ამჯერად, საქმე ჩორჩანას ეპიზოდს ეხება.
ცნობისთვის, სოფელ ჩორჩანას მიმდებარედ, ტყის მასივში, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკანონო ე.წ. ბორდერიზაცია 2019 წლიდან დაიწყეს. საქართველოს მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას გადაწყვეტილებით, ტყეში საგუშაგო განთავსდა. საპასუხოდ, ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებამ ერგნეთის "ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების" სამუშაო ჯგუფის შეხვედრა ჩაშალა და ჩორჩანიდან ქართული საგუშაგოს გატანა მოითხოვა, რაც შსს-მ არ დააკმაყოფილა.
გახარიას თქმით, აღნიშნული ქმედებით გადარჩა 1800 ჰექტარი, რომლის მითვისებაც ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმი 1992 წლის "ფეიკ რუკით" ცდილობდა.





