ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) მოლაპარაკებებში ოკუპირებული ცხინვალის მარიონეტული რეჟიმის წარმომადგენლის, ეგორ კოჩიევის თქმით, ე.წ. სამხრეთ ოსეთი ქართული ოცნების განცხადებების ფონზე იმედოვნებს, რომ საქართველო ჩორჩანადან საგუშაგოს აიღებს.
ამის შესახებ კოჩიევმა სოფელ ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) 127-ე შეხვედრის შეჯამებისას ილაპარაკა.
მარიონეტული რეჟიმის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ამ საკითხზე მუშაობა მიმდინარეობს
"არსებობს სერიოზული იმედები იმასთან დაკავშირებით, რომ ქართული საგუშაგო აიღება და გაიტანენ სამხრეთ ოსეთის ტერიტორიიდან". - თქვა კოჩიევმა.
კოჩიევმა განმარტა, რომ მარიონეტული რეჟიმის იმედები "ქართული ოცნების" მხრიდან "სიახლეებს" უკავშირდება, მათ შორის განცხადებას, რომ ჩორჩანაში საგუშაგოს ჩადგმა "სერიოზული შეცდომა" იყო.
"იმედები, უპირველეს ყოვლისა, ალბათ იმას უკავშირდება, რომ ქართული მხარისგან სიახლეებს ვხედავთ, მათ შორის, საქართველოს ხელისუფლებას განცხადებას, რომ ამ საგუშაგოს აგება სერიოზული შეცდომა იყო. რა თქმა უნდა, ეს შესაძლოა პოლიტიკური ბრძოლაა, ქართული შიდა პოლიტიკური ბრძოლაა, თუმცა თვითონ ის ფაქტი, რომ საქართველოს ხელისუფლება ამ საკითხს აჟღერებს და აღიარებს, რომ საგუშაგოს ჩადგმა შეცდომა იყო, გარკვეულწილად იმედისმომცემია". - თქვა კოჩიევმა.
ცნობისთვის, სოფელ ჩორჩანას მიმდებარედ, ტყის მასივში, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკანონო ე.წ. ბორდერიზაცია 2019 წლიდან დაიწყეს. საქართველოს მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას გადაწყვეტილებით, ტყეში საგუშაგო განთავსდა. საპასუხოდ, ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებამ ერგნეთის "ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების" სამუშაო ჯგუფის შეხვედრა ჩაშალა და ჩორჩანიდან ქართული საგუშაგოს გატანა მოითხოვა, რაც შსს-მ არ დააკმაყოფილა.
2 სექტემბერს ივანიშვილის წარმომადგენელმა, თეა წულუკიანმა პლენარულ სხდომაზე მისი კომისიის ანგარიშის წარდგენის დროს გიორგი გახარიას შს მინისტრობის დროს, 2019 წელს საოკუპაციო ხაზთან, ჩორჩანაში აგებული საგუშაგოს შესახებ ისაუბრა.
წულუკიანის თქმით, კომისიის მუშაობის დროს დადგინდა, რომ გახარიას მიერ "ერთპიროვნულად მიღებული" გადაწყვეტილების შედეგად "საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა კვლავ დაირღვა".





