ჩორჩანას საქმე

პროკურატურაში ჩორჩანას ეპიზოდზე ვახტანგ გომელაურის გამოკითხვა დასრულდა

ვახტანგ გომელაური

პროკურატურაში ჩორჩანას ეპიზოდზე ივანიშვილის ყოფილი შს მინისტრის, ვახტანგ გომელაურის გამოკითხვა დასრულდა.

გამოკითხვის დასრულების შემდეგ გომელაურმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ჩორჩანას საგუშაგოს აგების შესახებ სამუშაოების დაწყების შემდეგ გაიგო და მაშინდელ შს მინისტრს, გიორგი გახარიას შეატყობინა, რომ ის საგუშაგოს აგების წინააღმდეგი იყო. 

"რა თქმა უნდა, კომუნიკაცია მქონდა ბატონ გახარიასთან, [ჩორჩანას საგუშაგოს მშენებლობის] წინააღმდეგი არამარტო მე, არამედ მთელი [უსაფრთხოების] სამსახური იყო" - თქვა გომელაურმა.

გომელაურმა აღნიშნა, რომ საგუშაგოს აშენების წინააღმდეგი ომის დაწყების შესაძლებლობის მიზეზის გამო იყო და ჩორჩანაში "სხვა პრევენციული ზომების მიღება იყო შესაძლებელი".

გომელაურის თქმით,  გიორგი გახარიას ჩორჩანას საგუშაგოს აშენების განზრახვა გამოძიებამ უნდა დაადგინოს და დანაშაულის დადგენის შემთხვევაში მან პასუხი უნდა აგოს.

გომელაურმა თქვა, რომ ჩორჩანას ეპიზოდზე "მე თუ რაიმე ბრალეულობა მიმიძღვის, მე მზად ვარ პასუხი ვაგო. მე რისი უფლებაც მქონდა, როგორც უსაფრთხოების სამსახურის უფროსს, ინფორმირება და ა.შ. მე ყველაფერი გავაკეთე".

ცნობისთვის, სოფელ ჩორჩანას მიმდებარედ, ტყის მასივში, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკანონო ე.წ. ბორდერიზაცია 2019 წლიდან დაიწყეს. საქართველოს მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას გადაწყვეტილებით, ტყეში  საგუშაგო განთავსდა. საპასუხოდ, ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებამ ერგნეთის "ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების" სამუშაო ჯგუფის შეხვედრა ჩაშალა და ჩორჩანიდან ქართული საგუშაგოს გატანა მოითხოვა, რაც შსს-მ არ დააკმაყოფილა.

გახარიას თქმით, აღნიშნული ქმედებით გადარჩა 1800 ჰექტარი, რომლის მითვისებაც ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმი 1992 წლის "ფეიკ რუკით" ცდილობდა.

კომენტარები